GE
29 მარტი, 2019 17:49

გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეებმა ათასწლეულის ინოვაციების კონკურსში გაიმარჯვეს – გამარჯვებულები NASA-ში მიემგზავრებიან

უკვე მესამედ, სკოლა-გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეებმა ათასწლეულის ინოვაციების კონკურსში გაიმარჯვეს და NASA-ში მიემგზავრებიან.

ფინალში გასული 13 გუნდიდან 5 გუნდი სკოლა-გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეებისგან შედგებოდა. გუნდების მენტორები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, ბატონი დავით სონღულაშვილი და ბატონი თეიმურაზ ჩიჩუა.

გუნდი „ობერტონის” აია-GESS-ელი წევრები გიორგი რიგიშვილი, მარიამ გამრეკელაშვილი, ალექსანდრე ქაჯაია, ასევე იონა იობიძე სკოლა „პროგრესიდან” და სოფიო ჩიხლაძე თბილისის გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიიდან, მუშაობდნენ ბარნის სმარტ-ლაბირინთის ავტომატიზირებაზე. ეს კი, მეხსიერებაზე მედიკამენტების გავლენის საკვლევი პროდუქტია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ათასწლეულის ინოვაციების კონკურსში მესამე ადგილიც აია-GESS-ელებმა დაიკავეს. გუნდი “ესკულაპე” აერთიანებდა მარიამ ბარიაშვილსა და ნინო ბულბულაშვილს სკოლა აია-ჯესსიდან და სენაკის ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებს, რომლებიც ერთად მუშაობდნენ სამედიცინო დიაგნოსტიკის ინოვაციურ პროექტზე. III ადგილზე გასული გუნდი, ბელგიის სამეცნიერო-საზაფხულო ბანაკში მიემგზავრება.

აია-ჯესსის მესამე გუნდმა „კონსენსუსმა“ ფულადი ჯილდო, “National Geographic”-ის პრიზი და ეროვნული მუზეუმის ვაუჩერი მიიღო. გუნდის წევრები: ნია გოგოხია – აია-GESS-ის მოსწავლე, საბა გოგიჩაიშვილი – 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა. პროექტი: სიმსივნის ლოკალური ლიკვიდაცია ნანო რობოტების საშუალებით.

მეოთხე გუნდს „ფლოქსი” კი საქართველოს ფერმერთა ასოციაციისგან ერთწლიანი სტიპენდია დაენიშნათ. გუნდის წევრები: ლიზი ტურაშვილი, ავთანდილ გუჯაბიძე და მარიამ მიქაძე. პროექტი: აგრიკულტურული მოზაიკური ადიტიური შუქფილტრი აპკი შერჩევითი ფოტოსინთეზისთვის მეხუთე გუნდმა Hawks კომპანია სილქნეტისგან სმარტფონები და დელტა ჯგუფისგან გრძელვადიანი თანამშრომლობა მიიღეს საჩუქრად. გუნდის წევრები: მარინა გუჯაბიძე, დეა ილარიონოვა და შორენა გუჯაბიძე. მათი გამოგონება არის ოპტიკური სისტემა: მობილური დეტექტორი და მოზაიკური ამრეკლი ეკრანი, რომელიც უჩინარი მოვლენების დაკვირვების საშუალებას იძლევა.

სკოლის სხვა ამბები

სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS