GE
7 აპრილი, 2020 11:59

სკოლა „ლამპარი“ სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმზე გადასვლისას უფასო საგნობრივი წრეებისა დანიშვნას გეგმავს

სკოლა „ლამპარი“ სწავლების ხარისხის გაზრდის მიზნით გეგმავს სასწავლო პროცესის განახლებისთანავე დანიშნოს უფასო საგნობრივი წრეები და დამატებითი გაკვეთილები. აღნიშნულის შესახებ განცხადება სკოლის დირექციამ გაავრცელა.

,,სკოლა-ლიცეუმ „ლამპარის“ დირექცია მადლობას უხდის სკოლის პედაგოგებს, რომლებიც თითქმის მთელი თვეა აქტიურად აგრძელებენ სწავლებას დისტანციურად და დიდი მონდომებით, მოსწავლეზე მორგებული ფორმატით ატარებენ ონლაინ გაკვეთილებს. შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებენ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა მოსწავლეებმა დაძლიონ სხვადასხვა სახალისო და შემეცნებითი აქტივობით.

ხშირად მოსწავლის ინტერესიდან გამომდინარე კლასთან სხვადასხვა ფორმატში ტარდება ერთი და იგივე გაკვეთილი. ეს გაცილებით რთულია, ვიდრე საკლასო ოთახში მუშაობა. მადლობა იმ მშობლებს, რომლებიც ხელს უწყობენ და ეხმარებიან პედაგოგებსა და თავიანთ შვილებს კომუნიკაციის დამყარებაში. მადლობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტელეგაკვეთილებისთვის. ერთობლივი ძალისხმევით იმედია სემესტრს დავასრულებთ.

მინდა დავამშვიდო მშობლები და ვაცნობო, რომ სკოლა გეგმავს სასწავლო პროცესის განახლებისთანავე დანიშნოს უფასო საგნობრივი წრეები და დამატებითი გაკვეთილები, რაც გაზრდის სწავლების ხარისხს. დარჩით სახლში. ერთად ყველაფერს დავძლევთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

Aris.ge - განათლება განათლება