სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ ონლაინ სწავლებაზე გადადის
სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ ონლაინ სწავლებაზე გადადის – აღნიშნულის შესახებ განცხადებას სკოლა ავრცელებს.
,,სკოლა-ლიცეუმი „ლამპარის“ მოსწავლეებო, მშობლებო! სკოლა ეხმიანება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას სკოლებში სასწავლო პროცესის დროებით შეჩერების თაობაზე და ორშაბათიდან თავის მოსწავლეებს გადაიყვანს დისტანციური, ონლაინ სწავლების რეჟიმზე.
სკოლამ შეიმუშავა გეგმა სწავლა-სწავლების პროცესის შეფერხების მინიმალიზაციისთვის და მზად არის შესთავაზოს მოსწავლეებს ხარისხიანი საგანმანათლებლო გამოცდილება ონლაინ გაკვეთილების სახით.
როგორც მოგეხსენებათ ,თითოეული კლასი ისედაც ჩართული იყო სოციალურ ქსელში, ყველა მასწავლებელი შესაბამისი კლასის უკვე არსებულ ჯგუფში მიაწვდის მოსწავლეებს სხვადასხვა რესურსსა და კლასგარეშე დავალებებს, მისცემს მითითებებს. თქვენ ონლაინ დასვამთ კითხვებს, მიიღებთ პასუხს თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.
მშობლებს გთხოვთ, შეძლებისდაგვარად, აქტიურად ჩაერთოთ ამ პროცესში,თუ არ გაქვთ სისტემატურად წვდომა, სატელეფონო ზარით ჩაინიშნავთ დავალებებს, კლასგარეშე მასალას, მოინიშნავთ გაუგებარ საკითხებს და შემდეგ სკოლაში დაბრუნებისას გექნებათ დამატებითი გაკვეთილები.
გისურვებთ ჯანმრთელობას! მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას სკოლაში!”, – ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.