GE
17 ნოემბერი, 2017 11:22

სკოლა „ლომისი 1“–ის მოსწავლეები ილიაუნის ზოგადი ფიზიკის ლაბორატორიას ესტუმრნენ – ინტერვიუ პედაგოგთან

სკოლა „ლომისი 1–ის“ მე–9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ფიზიკის პედაგოგ, პროფესორ გრიგოლ ჯაფარიძესთან ერთად ეწვივნენ ილიას უნივერსიტეტის ზოგადი ფიზიკის ლაბორატორიას, რომელსაც ხელმძღვანელობს ნუგზარ მოსულიშვილი. მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა ადგილზე ენახათ და დაკვირვებოდნენ სახლმძღვანელოში ათვისებულ თეორიულ მასალას.

IX კლასის მოსწავლეებმა მარიამ გორგაძემ და ნინო უნგიაძემ გრიგოლ ჯაფარიძეს ჩამოართვეს ინტერვიუ. მოსწავლეებს ყოველთვის აინტერესებთ წარმატებული პედაგოგების აზრი.

გთავაზობთ მათ მიერ მომზადებულ ინტერვიუს:

– თქვენ წინა კვირას ჩვენი სკოლის მოსწავლეები წაიყვანეთ ილიას სახელობის უნივერსიტეტში. რას გვეტყვით ამის შესახებ?

ნამდვილად, ჩვენ ვიყავით ილიას უნივერსიტეტის ზოგადი ფიზიკის ლაბორატორიაში, რომელსაც ბატონი ნუგზარ მოსულიშვილი ხელმძღვანელობს და იქ ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასწავლო ლაბორატორია. აქ ტარდება ფიზიკის პედაგოგთა ტრენინგები ექსპერიმენტალურ სამუშაოებთან დაკავშირებით.

– ბატონო გია, რა გაძლევდათ მოტივაციას სწავლის დროს, როდესაც აირჩიეთ ისეთი რთული მეცნიერება, როგორიც არის ფიზიკა?

მოტივაცია ალბათ ის იყო რომ, ძალიან ბევრი კითხვა მაწუხებდა ბავშვობაში და დღესაც ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი. იმედი მაქვს, თქვენი თაობა შეეცდება და შეძლებს მრავალ კითხვაზე პასუხის გაცემას, თუმცა ყველა კითხვას ვერავინ უპასუხებს ამომწურავად.

– რამდენი წლის იყავით, როდესაც დაიწყეთ პედაგოგიური მოღვაწეობა?

პედაგოგიური მოღვაწეობა სკოლაში არც ისე დიდიხანია დავიწყე. უნივერისტეტის დამთავრების შემდეგ სტუდენტებთან ერთად მიწევდა პრაქტიკული სამუშაოების, ლაბორატიული მეცადინეობის ჩატარება, ახლა ვმოღვაწეობ სკოლაშიც.

– შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი ვიზიტი ჟენევაში?

შარშან, სექტემბრის დასაწყისში, ვიყავი ჟენევაში, ცერნში, ევროპული ბირთვული გამოკვლევების ლაბორატორიაში. იქ ვიმყოფებოდი როგორც ქართველ პედაგოგთა დელეგაციის ერთ-ერთი წევრი.

– რა არის საჭირო წარმატებისთვის?

წარმატებისთვის საჭიროა მონდომება, ნიჭი და თავდადებული შრომა.

– რა რჩევას მისცემდით მომავალ თაობას?

რაც გაინტერესებთ და გჭირდებათ,მას მეტი გულისყურით მოეპყარით. ეცადეთ პედაგოგებისგან მაქსიმუმი აითვისოთ.

Aris.ge - განათლება განათლება