GE
19 მარტი, 2020 15:49

სკოლა „ლომისი“ მოსწავლეებისა და მშობლების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

სკოლა „ლომისი“ მოსწავლეებისა და მშობლების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია სასწავლო პროცესის წარმართვის შესახებ.

“იმედია, ყველაფერი მალე დაუბრუნდება თავის დღის წესრიგს. მანამდე, მინდა გითხრათ რომ, ჩვენი სკოლის პედაგოგები თავდაუზოგავად მუშაობენ თითქმის 24-საათიან რეჟიმში, რათა პირნათლად შევასრულოთ თქვენს წინაშე აღებული ვალდებულებები. ვცდილობთ ყველა ალტერნატიული გზა გამოვიყენოთ დისტანციური სწავლების განსახორციელებლად, იქნება ეს ელექტრონული პლატფორმა თუ სოციალური ქსელები, რომ მთლიანად არ მოვწყდეთ და ჩამოვრჩეთ სასწავლო პროცესს… ეს საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია, რასაც თავდაუზოგავი მუშაობით კარგად ართმევენ თავს ჩვენი მასწავლებლები, (აქვე მინდა მადლობა გადავუხადო მათ), მაგრამ საჭიროა მაქსიმალური მხარდაჭერა და ჩართულობა, უკუკავშირი, რომ გვქონდეს სასურველი შედეგები… გარდა ამისა, სკოლაში დაბრუნების შემდეგ გვექნება, დამატებითი მეცადინეობები. სრულად გავივლით ყველა საგნის სასწავლო პროგრამას სასწავლო წლის დასრულებამდე.

გთხოვთ, ვითარების გამოსწორებამდე, ხელი შეგვიწყოთ და უზრუნველყოთ გამართული კომუნიკაცია მასწავლებლებთან, ჩვენს მიერ შემოთავაზებული საშუალებებით, სწავლებისა და დავალებების მიღება-შესრულების მიზნით”, – მიმართა სკოლის დირექტორმა, თამარ ბარძიმაშვილმა სკოლის მოსწავლეებსა და მშობლებს.

საერო სკოლა ,,ლომისის” ინფორმაციით, სასწავლო პროცესი დაიგეგმება 26 ივნისის ჩათვლით. დაინიშნება ძირითად საგნებში დამატებითი საათები და გაკვეთილები კვირაში რამოდენიმეჯერ და პროგრამა სრულად ამოიწურება. 1-ლ და მე-12 კლასს კი მოვამზადებთ ასევე ივნისის ბოლომდე.

“ჩვეული სასკოლო დღის წესრიგის აღდგენამდე, სკოლა იმუშავებს დისტანციური სწავლების რეჟიმში, კვირის ბოლოდან ეს რეჟიმი გახდება უფრო ინტენსიური და მეტად მოდიფიცირებული ცხრილის მიხედვით”, – ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Aris.ge - განათლება განათლება