GE
6 თებერვალი, 2023 14:55

სკოლა „პოლიგლოტი“ გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმს ესტუმრა

2 თებერვალს სკოლა ,,პოლიგლოტი” არაფორმალური განათლების ფარგლებში გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმს ესტუმრა.

განახლებული სამუზეუმო სივრცეები არაფორმალური (და ფორმალური) განათლებისთვის არაჩვეულებრივი საგანმანათლებლო რესურსია. ამ კედლებში მუზეუმის თანამშრომლები ავტორს ისე „აცოცხლებენ“, რომ მისი სიახლოვის შეგრძნება რეალური ხდება. მოსწავლეები არა მხოლოდ ინტელექტუალურ, არამედ ემოციურ ცოდნას იღებენ და სწავლობენ შეგრძნებებით. გალაკტიონი უკვე ხდება მათი „გამოცდილება“, ძლიერი ემოციური შთაბეჭდილებები სამუდამოდ აღიბეჭდება მათ ცნობიერებაზე.

და მხოლოდ ეს არ არის, რასაც მუზეუმი ახალგაზრდებს სთავაზობს. 20-ზე მეტი საგანმანათლებლო პროგრამიდან შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ თქვენთვის საინტერესოსა და სასურველზე.

„პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა საგანმანათლებლო პროგრამებიდან „პალინდრომი“ აირჩიეს. სწავლების ფორმა კი ნამდვილად ორიგინალური და კრეატიულია: თამაშით და ინტერაქციული; მასში ჩართვა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის არის სიამოვნების წყარო. მოსწავლეებმა ადვილად აუღეს ალღო პალინდრომის შექმნის ტექნიკას და უშეცდომოდ შექმნეს პალინდრომის ყველა შეთავაზებული ვარიანტი, რის გამოც მუზეუმის მესვეურთა მაღალი შეფასება დაიმსახურეს.

მუზეუმში სტუმრობის ბოლო ნაწილი იყო პროფ. ცირა ბარბაქაძის მიერ მომზადებული „გზავნილები გალასგან“. ყველა მონაწილე იღებდა მისთვის საგანგებოდ შეფუთულ გალაკტიონის ერთ სტროფს და კითხულობდა… შემდეგ იწყებოდა რეფლექსია წაკითხულზე. სკოლის დირექტორი, ქალბატონი მზია დაუშვილი, ხალისით იყო ჩართული ყველა ეტაპზე და სიტუაციას არ უშვებდა, რომ მოსწავლეებისთვის შთაეგონებინა ხელოვნების სიყვარული. ამას ხელი შეუწყო მისთვის „გალასგან გზავნილმაც“:
ომი – წარმავალი ქარის
გზაა. წესი ისეა.
ხელოვნება კი სხვა არის,
იგი მარადისია.

ქართულის მასწავლებელს, ანა ჯავახიშვილს კი, ისეთი გზავნილი შეხვდა, გამოაცხადა, რომ მე გალამ ჩამჩურჩულა: სულ ბოლოს უნდა წავიკითხოო და ასეც მოიქცა. დღევანდელი შთაბეჭდილებებით დატვირთული დღე ამ სტროფით დაასრულდა:

„თქვენ, მომავალის ვარდთა კონებო,
ყმაწვილკაცებო და გოგონებო,
ზეშთაგონებით უნდა იცხოვროთ,
რა არის ყოფნა უშთაგონებო?
ზეშთაგონებით უნდა აავსოთ
ქვა, დაბადებით უშთაგონებო!“

 

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში