სკოლა „პოლიგლოტს“ ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლები ესტუმრნენ
8 ოქტომბერს, სკოლა „პოლიგლოტს“, ლინგვისტური და საგანმანათლებლო პოლიტიკის ფარგლებში, ასევე პროფესიული ორიენტაციის მიზნით, ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლები – ქალბატონი კამილ ნორა (საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი), ქეთევან ქურციკიძე (ატაშე ლინგვისტური და საგანმანათლებლო თანამშრომლობის დარგში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი), ნათია მსხალაძე (სააგენტო კამპუს ფრანსის წარმომადგენელი, საუნივერსიტეტო და სტუდენტთა მობილობის მიმართულება, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი), სარა გამბარდელა (საუნივერსიტეტო მიმართულების სტაჟიორი) ეწვივნენ.
„პოლიგლოტის“ ცნობით, ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლებმა სკოლის დირექტორთან, ქალბატონ მზია დაუშვილთან სკოლაში ფრანგული ენის სწავლების პერსპექტივებსა და სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით ისაუბრეს.
სტუმრებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები საფრანგეთში სწავლებასთან დაკავშირებით, ასევე ისაუბრეს გაცვლითი პროგრამების, ფრანგულენოვანი და ინგლისურენოვანი საუნივერსიტეტო პროგრამების, სტიპენდიების, ფრანგული ენის საერთაშორისო სასერტიფიკაციო გამოცდების, ფრანგული ენის შესწავლისა და პერსპექტივების შესახებ.
ღონისძიება „პოლიგლოტის“ მოსწავლეების მიერ საქართველოსა და საფრანგეთის ჰიმნების შესრულებით გაიხსნა. შეხვედრას მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ.
„პოლიგლოტი“ დიდ მადლობას უხდის საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტს ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ვიზიტისთვის“, – აცხადებენ სკოლაში.