GE
2 მაისი, 2023 12:13

სკოლა „პოლიგლოტში“ სასკოლო კვირეული -„ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ გაიმართა

სკოლა „პოლიგლოტში“ 23 მაისიდან 28 აპრილამდე მიმდინარეობდა სასკოლო კვირეული თემაზე: „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“. სასკოლო კვირეული ჩატარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს საპატრიარქოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გამოაცხადებული კონკურსის ფარგლებში.

კვირეულის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ აფხაზეთის ისტორიას, კულტურას, ბუნებრივ გარემოს, ტრადიციებს. ასევე, თანამედროვეობის შესახებ აიმაღლეს ცნობიერება. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, საინტერესო პროექტებით წარმოედგინათ თავიანთი ხედვა აფხაზეთის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით, რის საშუალებითაც გამოავლინეს შემოქმედებითი უნარები.

სასკოლო კვირეულში მონაწილეობა მიიღეს მე-5 – მე-11 კლასის მოსწავლეებმა. ბავშვებმა წარმოადგინეს პროექტები და პრეზენტაციები. ბოლოს კი სპეციალურმა ჟიურიმ კონკურსის წესით გამოავლინა საუკეთესო პროექტი.
პირველ ადგილზე გავიდა მე-5 ა კლასის პროექტი – კლასის ხელმძღვანელი მელანო ჩოკორაია;

მეორე ადგილზე გავიდა მე-7 კლასის პროექტი -კლასის ხელმძღვანელი ანა ჯავახიშვილი;

მესამე ადგილები გაინაწილეს მე-5-ბ და მე-6 კლასის მოსწავლეებმა – ხელმძღვანელები ნაზი ზაალიშვილი და ნინო გოგოლაძე.

კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს:

  • მუსიკალური ვიდეორგოლი, რომელშიც აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი სიმღერის ფონზე ანბანის 33 ასო-ბგერის რიგზე განალაგეს აფხაზეთის ღირსშესანიშნაობები და დაურთეს კომენტარები;
  • შექმნეს კედლის გაზეთები;
  • მისწერეს წერილები აფხაზ მეგობრებს;
  •  გააკეთეს პრეზენტაციები ელექტრონულ ფორმატში, რომლებშიც ასახეს თავიანთი ხედვა აფხაზეთის წარსულის, ტრადიციების, კულტურის, ომის , ახლანდელი მდგომარეობისა და მომავლის შესახებ;
  • დაწერეს ესეები;
  •  შექმნეს ხელნაკეთი წიგნი-გეოგრაფიული გზამკვლევი ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალში აღორძინებასა და აფხაზეთში ტურიზმის განვითარებას;
  •  შექმნეს ხელნაკეთი ლიტერატურული ალმანახი, რომელშიც განათავსეს ლექსები, მოთხრობები და წერილები აფხაზეთის თემატიკაზე, ალმანახი გააფორმეს ნახატებით და დაურთეს კომენტარები;
  •  შექმნეს დიორამა, ორიგინალური ჩანაფიქრით, რომ აუცილებლად ჩემოდნით ხელში დაბრუნდებიან იძულებით გადაადგილებული პირები თავიანთ მშობლიურ მიწაზე;
  • შექმნეს მაკეტი პლასტელინით, რომლის იდეა არის, რომ აფხაზეთი საქართველოა და ქართველები და აფხაზები ძმები არიან;
  •  შექმნეს მაკეტი: ,,მომავლის ბილიკები“ – სოხუმის სანაპირო ზოლზე ბავშვთა გართობისა და დასვენების კულტურული პარკის პროექტი;
  • შეასრულეს სიმღერები.
  •  კონკურსის მთავარი გზავნილი იყო, რომ აფხაზეთი განვითარდება და აღორძინდება ჩვენთან ერთად , რომ ,,აფხაზეთი საქართველოა“ და ,,ჩვენ დავბრუნდებით !

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში