GE
24 მარტი, 2022 11:24

სკოლა, სადაც მასწავლებლები და მოსწავლეები ამხანაგურ მატჩებს მართავენ – „ასეთ ღონისძიებებს კეთილგანწყობა, ერთმანეთზე ზრუნვა და პატივისცემა მოაქვს“

23 მარტს თბილისის 122-ე საჯარო სკოლაში მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა ფრენბურთში. სკოლის დირექტორი, მედეა ქოქრაშვილი EDU.ARIS.GE-ს მოუყვა, რომ ამხანაგური მატჩები და სხვადასხვა ღონისძიებები, სადაც მასწავლებლები მოსწავლეთა მსგავსად იღებენ მონაწილეობას, სკოლისთვის ჩვეული ამბავია.

„გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ითამაშეს ფრენბურთი. ჩვენს სკოლაში ურთიერთთანამშრომლობა და მეგობრული დამოკიდებულებაა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის. მუდმივად ვცდილობთ, კონსტრუქციული და პარტნიორული ურთიერთობები გვქონდეს სკოლაში პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის“, – ამბობს მედეა ქოქრაშვილი.

კითხვაზე, მასწავლებლების გუნდმა გაიმარჯვა თუ მოსწავლეების, სკოლის დირექტორი პასუხობს, რომ მეგობრობამ გაიმარჯვა და ასეთ ღონისძიებებს კონკურსის სახეს არ აძლევენ.

„ბავშვების ნაწილი მასწავლებლების გუნდში თამაშობდა, ნაწილი – მეორე მხარეს. ბოლოს კი, რა თქმ უნდა, მეგობრობამ გაიმარჯვა. შეჯიბრი არ ყოფილა, ეს მხოლოდ განსატვირთი თამაში იყო გაკვეთილების შემდეგ. ასეთ ღონისძიებებს კეთილგანწყობა, ერთმანეთზე ზრუნვა და პატივისცემა მოაქვს. ხშირად ვმართავთ სხვადასხვა ღონისძიებებს, სადაც მასწავლებლებიც მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობენ. მაგალითად, „რა? სად? როდის?“ ჩაგვიტარებია, რომელშიც ბავშვებიც და პედაგოგებიც მონაწილეები ყოფილან. ასეთ ამბებს კონკურსის ფორმას არ ვაძლევთ, რომ ბავშვებზე უარყოფითად არ იმოქმედოს. მსგავსი ერთობლივი ღონისძიებით კი მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც ერთმანეთის მხარდაჭერას გრძნობენ“, – ამბობს სკოლის დირექტორი.

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში