„სკოლა ხომ ჩვენი სახლია?!“ – რას ამბობს მეათეკლასელების მხიარული აქტივობის შესახებ სკოლის დირექტორი
სიქთარვის საჯარო სკოლაში მოსწავლეები ყოველდღიურად სასწავლო ფორმას ატარებენ, თუმცა არსებობს გამორჩეული დღე, რომელიც აპრილის თვის ბოლო პარასკევ დღეს დგება. ამ დღეს მოსწავლეებს უფლება აქვთ, რომ ფორმები დაივიწყონ და სკოლაში სასურველი ჩაცმულობითა და სტილით გამოცხადდნენ.
როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, მოსწავლეები ამ დღის დადგომას მოუთმენლად ელიან.
სკოლის დირექტორი, ია კვატაია კი იმ დადებითი გავლენის შესახებ გვესაუბრა, რომელიც როგორც წესი, სკოლაში მოსწავლეების არასტანდარტული ჩაცმულობით მისვლის აქტივობას მოსდევს.
აღნიშნული აქტივობის ფარგლებში, სკოლის დირექტორი იმ ფოტოკადრებს გვიზიარებს, რომელშიც ჩანს, რომ მოსწავლეები ამ გამორჩეულ დღეს არც მეტი, არც ნაკლები საღამურებით გამოცხადდნენ სკოლაში, არგუმენტი კი ასეთი ჰქონდათ – „სკოლა ხომ ჩვენი სახლია?!“.
იხილეთ ფოტო:
როგორც ია კვატაია განგვიმარტავს, აღნიშნულმა აქტივობამ, რომელიც მეათეკლასელებმა მოიფიქრეს მოსწავლეებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება კიდევ უფრო გააძლიერა, რაც სკოლაში მხოლოდ დადებითად განაწყობთ.
„ჩვენი სკოლის მოსწავლეები ყოველდღიურად სასკოლო ფორმას ატარებენ, რომელზეც სკოლის ლოგოა დატანილი. თუმცა გვაქვს გამორჩეული დღეები, როდესაც ფორმას არ ვიცვამთ. ასეთია ეროვნული სამოსის დღე, როცა ყველას ეროვნული სამოსი გვაცვია. დედამიწის დღე – ლურჯებსა და მწვანეებს ვიცვამთ, „რა, სად, როდის“ – თეთრი პერანგითა და შავი ბაფთებით ვიმოსებით.
„რაც შეეხება აპრილის თავისუფალი სამოსის დღეს, ამ დღის აქტივობამ სკოლაში ოჯახური აურა შექმნა, რითაც უფროსკლასელების კეთილგანწყობა სკოლისადმი მეტად გაძლიერდა. ეს კი მხოლოდ მისასალმებელია,” – მოგვითხრო დირექტორმა.