GE
29 მარტი, 2022 14:26

სკოლამ, რომლის სპორტის მასწავლებელიც ფრენბურთელია, თბილისის თასი მოიგო

ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ  ორგანიზებულ ტურნირში – „თბილისის თასი 2021- 2022“ – თბილისის 98-ე საჯარო სკოლის  ვაჟთა გუნდმა I ადგილი  მოიპოვა. საუკეთესო მოთამაშედ კი ამავე სკოლის VIII კლასის მოსწავლე ალექსანდრე ასატუროვი დასახელდა. ფინალური მატჩი 27 მარტს გაიმართა.

სკოლის გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის სკოლის სპორტის მასწავლებელს, ინგა აკოპოვას, რომელიც EDU.ARIS.GE-ს ამ ჩემპიონატისა და თავისი მოსწავლეების ამბებს მოუყვა.

„ეროვნულმა ფედერაციამ ჩაატარა ასაკობრივი ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობდნენ VIII-IX -X-XI კლასის მოსწავლეები. სულ დაახლოებით 50 სკოლა მონაწილეობდა. ჩვენი ბიჭების გუნდი კი ჩემპიონი გახდა.

„მე ვარ ფრენბურთელი და როგორც კი დავიწყე 98-ე სკოლაში მუშაობა, მაშინვე შევუდექი ამ სპორტის პოპულარიზაციას. შიდა ტურნირები ჩავატარე კლასებს შორის. ტურნირებს ვმართავთ არა მხოლოდ ფრენბურთში, არამედ ფეხბურთში, კალათბურთში, რაგბში… მხიარულ სტარტებსაც ვმართავთ, მაგრამ ფრენბურთი უკვე ტრადიციად ვაქციე სკოლაში. მეშვიდე წელია, ფრენბურთის ჩემპიონატებში მონაწილეობას ვიღებთ და პირველ ადგილს ვიკავებთ. ჩვენი გუნდის წევრი, ალექსანდრე ასატუროვი კი საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ალექსანდრე ძალიან შრომისმოყვარე და ნიჭიერი მოსწავლეა”, – ამბობს ინგა აკოპოვა.

სპორტის მასწავლებელს ბავშვებისთვის ფრენბურთის შეყვარების საკუთარი მეთოდი აქვს. მოტივაციას კი თავის მოსწავლეებს ამ სიტყვებით უღვივებს: „შენ ამას შეძლებ“.

„ფრენბურთი ყველაზე ლამაზი სპორტია. ჩემი მოსწავლეები ფრენბურთის შეჯიბრებებზე მიმყავდა და ერთად ვუყურებდით. ვინც უყურებდა, ყველა მეუბნებოდა, რა ლამაზი სპორტია, რამხელაზე ხტებოდა და მეც მინდა, ასე ვითამაშოო. დავალებად ვაძლევდი, ესა თუ ის ფილმი ენახათ, სადაც ფრენბურთი იყო წამყვანი თემა. ასევე, მსოფლიო ჩემპიონატების ყურებას ვთხოვდი. უყურებდნენ, მერე მიყვებოდნენ და თავადაც უნდებოდათ, ასე ეთამაშათ. მხოლოდ სკოლის შიდა ტურნირებს კი არ ვატარებთ, ჩემი მოსწავლეები მიმყავს ხოლმე სხვა სკოლებში სათამაშოდ ამხანაგურ  შეხვედრებზე. ასე შევაყვარე ყველას ფრენბურთი. მთავარია, მოსწავლეებს დააჯერო, რომ ყველაფერს შეძლებენ“, – მოუყვა მასწავლებელი EDU.ARIS.GE-ს.

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში