სკოლაში „პოლიგლოტი“ გაზაფხულის პირველი დღე „ფერადი ქუდებით“ დაიწყო
გაზაფხულის პირველი დღე „ფერადი ქუდებით“ დაიწყო სკოლა პოლიგლოტში.
არაფორმალური განათლების ფარგლებში ჩატარდა ლექცია-პერფორმანსი: „რა ფერის ქუდი გახურავს?“. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა გაითამაშეს ედუარდ დე ბონოს -“აზროვნების 6 ქუდი”.
ექვსი ქუდის მეთოდი გვთავაზობს აზროვნების ექვს სხვადასხვა რეჟიმად დაყოფას. თითოეულ რეჟიმს დე ბონომ საკუთარი ფერის ქუდი შეუსაბამა. რატომ მაინცდამაინც ქუდი? დე ბონოს სურდა, მკვეთრი, ადვილად დასამახსოვრებელი მოდელი შეექმნა და ამისათვის შესაბამის ხატოვან მეტაფორას ეძებდა. სწორედ ქუდი აღმოჩნდა ეს მეტაფორა. თეთრი – ფაქტები, მოვლენები, არგუმენტები; წითელი – ემოცია და ინტუიცია; შავი – მოვლენის კრიტიკულად, ნეგატიურად აღწერა, ყვითელი – პოზიტიური ხედვა; მწვანე – აზროვნების შემოქმედებითი და კრეატიული რეჟიმი და ლურჯი – შემაჯამებელი აზროვნება.
მოსწავლეებმა განსასჯელად გამოიტანეს გადაუჭრელი პრობლემები და განსხვავებული რეჟიმებით იმსჯელეს: პროფესიის არჩევაზე, საზღვარგარეთ სწავლასა და დარჩენაზე და სხვა საკითხებზე; განხილვის შემდეგ მათ დაინახეს პრობლემის მთლიანობა და სწორი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა; ამ თამაშში დიდი სიამოვნებით ჩაერთო სკოლის დირექტორი, ქალბატონი მზია დაუშვილი, რომელმაც შემაჯამებელი ლურჯი ქუდი მოირგო და ემოციური სფიჩითაც წარსდგა აუდიტორიის წინაშე.
შეხვერდა დასრულდა ფილოსოფიური მულტფილმით: “ზღარბი ნისლში”. მოსწავლეებმა იმსჯელეს “გზიდან გადახვევის” და შეუცნობლის შეცნობის საკითხებზეც.
განსხვავებული რეჟიმებით აზროვნება ეხმარება ადამიანებს სამყაროს, მოვლენის, საკუთარი თავის ჰოლისტურ ხედვაში და, შესაბამისად, ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში.
დაიწყო გაზაფხული, რომელიც არა მხოლოდ ბუნებას აღვიძებს არამედ ადამიანის შინაგან ბუნებასაც.
ეს დღე დიდხანს დარჩება მონაწილეთა მეხსიერებაში – როგორც საინტერესო მენტალური თავგადასავალი.