თბილისის 138-ე საჯარო სკოლის ხელახლა აშენებისთვის 11 მილიონ ლარამდე დაიხარჯა (+ფოტოები)
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, თემქის მე-10 კვარტალში ახლად აშენებული 138-ე საჯარო სკოლა დღეს საზეიმოდ გაიხსნა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სკოლის ახალი შენობის აშენებისთვის 11 მილიონ ლარამდე ღირებულების სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა.
როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ახალი შენობის სადღესასწაულო გახსნის ცერემონიალზე სკოლის დირექტორმა, ნუნუ კაპანაძემ EDU.ARIS.GE-ს კითხვის პასუხად განაცხადა, სკოლის ძველი შენობა 960 მოსწავლეზე იყო გათვლილი, ახალი შენობა კი ნაკლებ მოსწავლეს დაიტევს.
„ძველი შენობა 960 მოსწავლეზე იყო გათვლილი ახალი შენობა კი 650 მოსწავლეზეა, თუმცა ჩვენთან უკვე სწავლობს 680 მოსწავლე“, – აღნიშნა სკოლის დირექტორმა.
სკოლა და მოსწავლეებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის ახალ შენობაში გაგრძელება პირადად მიულოცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, რომელსაც სკოლაში საზეიმო მიღებით დახვდნენ. მოსწავლეებმა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები შეასრულეს, გაჟღერდა საქართველოს ჰიმნიც.
რაც შეეხება სკოლის ისტორიას, 1967 წელს აშენებული თბილისის 138-ე საჯარო სკოლა სიძველის გამო რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა, ამიტომ, 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ძველი შენობის ადგილზე ახალი სასკოლო კომპლექსის აშენების გადაწყვეტილება მიიღო.
138-ე სკოლის სამსართულიან შენობას აქვს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, სასადილო, სააქტო და სპორტული დარბაზები. შენობაში დამონტაჟებულია გათბობის, ხანძარსაწინააღმდეგო, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სრულადაა ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
EDU.ARIS.GE-ს გადაღებული ფოტოები სკოლის გახსნის ცერემონიიდან :
დღევანდელი მონაცემებით, სკოლაში დასაქმებულია 44 მასწავლებელი, მათ შორის, 12 წამყვანი, 32 უფროსი პედაგოგია.