თბილსის მე-6 საავტორო სკოლის მე-II კლასის მოსწავლეებმა “პეპის რეცეპტით” ორცხობილები გამოაცხვეს
თბილისის მეექვსე საავტორო სკოლაში მე-II კლასის მოსწავლეებმა პეპი გრძელწინდას სამყაროში იმოგზაურეს და “მისი რეცეპტით” ორცხობილები გამოაცხვეს. ასტრიდ ლინდგრენის ლეგენდარული პერსონაჟისთვის “წერილების გაგზავნაც” აქვთ დაგეგმილი.
კლასის დამრიგებელმა, მარიამ დედანაშვილმა ორცხობილების ცომი სახლში თავად მოამზადა და სკოლაში მიიტანა. შემდეგ კი ბავშვებთან ერთად ლამაზ ფორმებად დაჭრა და იქვე გამოაცხო.
„მეორე კლასში დავიწყეთ „პეპი გრძელწინდას“ კითხვა და ვცდილობთ, გარკვეული ეპიზოდები გავაცოცხლოთ. ამჯერად გადავწყვიტეთ, პეპის რომ ტომი და ანიკა ესტუმრნენ და ორცხობილებს აცხობდა, ეს ეპიზოდი გაგვეცოცხლებინა. დავგეგმეთ პეპის ორცხობილების დღე და ბავშვებმა თვითონ გააბრტყელეს ცომი, ფორმებად დაჭრეს, გამოაცხვეს და დააგემოვნეს. ამ დღეს ისეთები ელოდებოდნენ, ერთი სული ჰქონდათ… მერე კი, რომ გამოცხვა და მიირთვეს, უბედნიერესები და ძალიან გახარებულები იყვნენ. მოვიფიქრეთ, რომ ვითომ პეპიმ გამოგვიგზავნა ორცხობილების რეცეპტი და ისე მოვამზადეთ. ახლა კი წერილებს გავუგზავნით საფოსტო ყუთით, რომ მოგვეწონა მისი რეცეპტით მომზადებული ორცხობილები“, – მოუყვა EDU.ARIS.GE კლასის დამრიგებელი.
მარიამ დედანაშვილი თვლის, რომ პერსონაჟების ცხოვრების დეტალების ცხოვრებაში გაცოცხლება ბავშვებში კითხვის სურვილს აღვიძებს და შემოქმედებით უნარსაც ავითარებს.
„ასეთი მიდგომებით ბავშვებს უყვარდებათ კითხვის პროცესი და ხვდებიან, რომ წაკითხულიდან ბევრი რამ შეუძლიათ, გააცოცხლონ. შემოქმედებითი უნარიც უვითარდებათ. შემდეგ ჯერზეც, რაც არ უნდა წაიკითხონ, ხვდებიან, რომ შეუძლიათ დააკავშირონ ცხოვრებასთან და პრაქტიკულად განახორციელონ კიდეც. ვფიქრობ, ცოდნის ცხოვრებაში გადმოტანა ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს მარიამ დედანაშვილი.
-
რატომ მიაქვს ბავშვს სათამაშო სკოლაში – რა უნდა იცოდნენ მშობლებმა და მასწავლებლებმა by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები SAGE-ის საერთაშორისო სამეწარმეო კონკურსის ფინალში მიიღებენ მონაწილეობას by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
„პოლიგლოტში“ მე-12 კლასის მოსწავლეების „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი



