თოვლის პაპის წერილი ცნობისმოყვარე მოსწავლეებს – ჯადოსნური აქტივობა მენტორი მასწავლებლისგან
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, გარშემო ნამდვილი საახალწლო ფუსფუსი და ჟრიამული იწყება, ჰაერში კი საჩუქრებისა და ჯადოსნობის სურნელი ტრიალებს. ეს ის დროა, როცა ყველას, განსაკუთრებით კი ბავშვებს სასწაულების სჯერათ, ამიტომაც, თავიანთი პატარა ხელებით თოვლის პაპისთვის წერილებს წერენ და „კეთილი მოხუცისგან“ სურვილების ასრულებასა და საჩუქრებს ათასფერად მორთულ ნაძვის ხესთან ელიან.
მართალია, თოვლის პაპა ათასობით ბავშვის გზავნილს კითხულობს, თუმცა მისი საახალწლო წერილი იშვიათად თუ უნახავს ვინმეს. რას ფიქრობს, რა უხარია, რისი თქმა სურს ბავშვებისთვის – ამის გასარკვევად თბილისის 106-ე საჯარო სკოლის I-IV-კლასების მენტორმა მასწავლებელმა, ინა მეცხვარიშვილმა ჯადოსნური აქტივობა მოიფიქრა და წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად თუ მოტივაციის ასამაღლებლად მოსწავლეებს შესთავაზა:
წერილი თოვლის პაპისგან
გამარჯობა, ჩემო პატარა მეგობრებო!
მე ვარ თოვლის პაპა და შორეული თოვლიანი ქვეყნიდან გწერთ, სადაც მთელი წელი თქვენს წერილებს ვკითხულობ.
ჩემი პატარა საოცარი წიგნი მთელ წელი მიყვებოდა თქვენს ამბებს.
ვხედავდი, როგორ სწავლობდით: ასოების ამოცნობას და სიტყვებად ქცევას, რიცხვების დათვლას და ამოცანების ამოხსნას, მოსმენას, ფიქრს და ერთმანეთის პატივისცემას.
ზოგმა კითხვა დაიწყო, ზოგმა მეგობრის დახმარება ისწავლა, ზოგმა კი საკუთარი ემოციების მართვა სცადა.
იცოდით?
ყოველ ჯერზე, როცა ცდილობდით, მაშინაც კი, როცა რაღაც არ გამოგივიდათ, ჩემი საოცარი ზარი დარეკავდა და მატყობინებდა: თქვენს კეთილ საქმეებს – როცა მეგობარს დაეხმარეთ, როცა მოთმინებით დაელოდეთ რიგს, როცა გულწრფელად თქვით „ბოდიში“. ეს ყველაფერი ჩემთვის ნამდვილი საოცრებაა.
იცოდეთ, რომ მე მხოლოდ კარგ ნიშნებს კი არა, კეთილ გულს, მცდელობას და გულწრფელ ღიმილსაც ვამჩნევ.
თუ რამე არ გამოგივიდათ, არ ინერვიულოთ. შეცდომები ნიშნავს, რომ სწავლობთ და იზრდებით!
ახალ წელს გისურვებთ: ბევრ თამაშს და სიცილს, თბილ ჩახუტებებს, მეგობრობას და სიკეთეს, გამბედაობას, რომ ყოველთვის სცადოთ ახალი რამ, ცნობისმოყვარეობას, რომ კითხვების დასმის არასდროს შეგეშინდეთ და რწმენას, რომ გჯეროდეთ საკუთარი თავის!
გახსოვდეთ: როცა ერთმანეთს ეხმარებით, როცა სიმართლეს ამბობთ, როცა გულით იცინით – მე ამ ყველაფერს ვხედავ და ძალიან მიხარია.
იცოდეთ, ჩემო პატარებო: ვინც სწავლობს და ცდილობს, ის უკვე გამარჯვებულია. იოცნებეთ და ირწმუნეთ სასწაულების.
მე გზაში ვარ…
სიყვარულით,
თოვლის პაპა
შეგიძლიათ, ეს წერილი თაბახზე ამობეჭდოთ, შემდეგ ჩაით დაძველების ეფექტი მისცეთ ფურცელს, გრაგნილივით დაახვიოთ და წითელი ლენტით გაბანტოთ. შემდეგ კი, სასურველ დროს, კლასში საჯაროდ წაიკითხოთ.
-
კომაროვის სკოლა „ლეონარდო და ვინჩი 2025“-ის გამარჯვებულია by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
AIA-GESS-ის მოსწავლე ინოვაციებისა და მეწარმეობის პროგრამაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
კომაროვის სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა