GE
29 აპრილი, 2026 11:30

ვის და რა პირობით ექნება შვილის აყვანის უფლება საქართველოში – ცვლილებას პარლამენტი განიხილავს

„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა იგეგმება. კერძოდ, შვილად აყვანის მსურველი პირის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მის შესახებ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აღარ მოხდება.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ავტორობით მომზადებული კანონპრექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, მშვილებელს/მინდობით აღმზრდელს აღარ ექნება ვალდებულება, რომ აღნიშნულ ბაზაში დარეგისტრირდეს და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადასტურებლად შესაბამისი სარეიტინგო ქულის ამსახველი ამონაწერი წარადგინოს.

„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული მიდგომა, რომელიც ადგენს ვალდებულებას, შვილად აყვანის მსურველი პირის მყარი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადასტურებლად გამოყენებულ იქნეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა, შეუსაბამობაშია როგორც საკუთრივ აღნიშნული ბაზის ფორმირების მიზნებთან, ისე შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცესის რეალურ საჭიროებებთან. აქედან გამომდინარე, კანონში ცვლილებების განხორციელების მიზანია, ერთი მხრივ, შემოიღოს გაუმჯობესებული მექანიზმები, რომლებიც რეალურად ასახავს ბავშვის შვილად აყვანის/მინდობით აღზრდის მსურველი პირის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და მატერიალური კეთილდღეობის დონეს და ხელს შეუწყობს შვილად აყვანის/მინდობის აღზრდის ადმინისტრირების პროცესის გაუმჯობესებას, ხოლო მეორე მხრივ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის გაჯანსაღებას და რეალურ მიზნებთან მის დაახლოებას განაპირობებს“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ამის სანაცვლოდ, ცვლილებით, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა, შვილად აყვანის მსურველ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი ინფორმაციის/დოკუმენტების ნუსხა, რომლითაც დასტურდება სტაბილური ოჯახური გარემოსა და ბავშვის სათანადო აღზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობების არსებობა, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის წარდგენის პირობები (როგორც მშვილებლად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის, ისე შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე თანხმობის გაცხადების დროს) ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შვილად აყვანის წესით განისაზღვრება.

„პროცესის პირველ ეტაპზე – შვილად აყვანის მსურველი პირის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის დროს და მომდევნო ეტაპზე – შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე თანხმობის გაცხადებისას, მინისტრის ბრძანებით დადგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე (პირის/ოჯახის შემოსავლების, ქონებრივი მდგომარეობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, მათ შორის, საჯარო და კერძო დაწესებულებებიდან წარმოდგენილი ოფიციალური დოკუმენტაცია), შესაძლებელი იქნება, დადგინდეს მშვილებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მდგრადობა, რაც სხვა გარემოებებთან ერთად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების მიზანს ემსახურება“, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

დაგეგმილი ცვლილების თანახმად, გარდამავალი რეგულაციების სახით, კანონპროექტი, ცვლილების ამოქმედების დროისთვის, მშვილებელთა რეესტრში აღრიცხულ პირებზე ახლებური მიდგომის გავრცელების თავისებურებებსაც ითვალისწინებს. კერძოდ:

1. 2026 წლის 1-ელ სექტემბრის მდგომარეობით, მშვილებლად რეგისტრირებული პირის მიმართ დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანაზე მის მიერ თანხმობის გაცხადების ეტაპამდე, ხოლო შვილად აყვანის პროცედურები ზოგადი წესის შესაბამისად გაგრძელდება.

2. მშვილებლად რეგისტრირებული პირი, რომელსაც არ გაუვლია შვილად აყვანის სავალდებულო მოსამზადებელი კურსი, ვალდებული იქნება, გაიაროს აღნიშნული კურსი და მისი გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი სააგენტოს წარუდგინოს გასაშვილებელი ბავშვის მისთვის შეთავაზებიდან შვილად აყვანის შესახებ დასკვნის შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოსთვის წარდგენამდე.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად მშვილებელთა რეესტრში რეგისტრირებულია 1 571 მშვილებელი პირი/ოჯახი. კანონპროექტი კი, რომლითაც „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება უნდა განხორციელდეს, უკვე პარლამენტშია. განსაზღვრულია ასევე იცის, რომ ცვლილება ძალაში 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან უნდა შევიდეს.

ცნობისთვის, დღეს მოქმედი რედაქციით, შვილად აყვანის მსურველი პირი ვალდებულია, შეფასების მიზნით, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს წარუდგინოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ მისი სარეიტინგო ქულა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ სტანდარტებს შეესაბამება (აღემატება 120 000 ქულას). გარდა ამისა, მშვილებლად რეგისტრაციის შემდეგ, შვილად აყვანის მსურველი პირი/ოჯახი ვალდებულია, რომ ყოველ მომდევნო წელს გაიაროს ოჯახის სოციალურ-კონომიკური მდგომარეობის ხელახალი შეფასება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აღრიცხვიდან იხსნება.

იხილეთ: საქართველოს კანონის პროექტი და განმარტებითი ბარათი

schools.ge (ნ)