GE
9 ოქტომბერი, 2024 12:00

„ხან ბებოს მეძახის, ხან სახელს“ – მასწავლებელი ბებიისა და პირველკლასელი შვილიშვილის ერთი დღე სკოლაში

გამოცდილი მასწავლებლის სკოლისაკენ მიმავალი გზის მარშრუტი იცვლება მაშინ, როცა ამ გზაზე მას ახალი თანამგზავრი – შვილიშვილი ჰყავს.

მოგიყვებით, როგორია მასწავლებელი ბებიისა და პირველკლასელი შვილიშვილის ერთი დღე სკოლაში.

ჩვენი მასპინძლები თბილისის 55-ე საჯარო სკოლის პედაგოგი, ირმა მებზებიშვილი და მისი პირველკლასელი შვილიშვილი, ნუცა ცაცაშვილი იქნებიან.

აი, რას გვიყვება პედაგოგი სკოლაში შვილიშვილთან ერთად გატარებული დღის შესახებ.

„ჩვენი სკოლის დევიზია, “სადაც სიყვარულით გელიან” და ჩემმა შვილიშვილმა ზუსტად ისე მიიღო ეს სკოლა, როგორც მე მაქვს მიღებული, რა თქმა უნდა, ასაკის შესაბამისად. თავს შინ გრძნობს და ბედნიერია, რომ მეც აქვე ვარ. რასაკვირველია, ჩემი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, სრულად ვერ ვიქნები ჩართული ნუცას საგაკვეთილო ცხოვრებაში, რადგან უამრავი მოსწავლე მყავს, ნუცას კლასს არ ვასწავლი. უფროსკლასელების სადამრიგებლო კლასი მყავს. სკოლაში ერთად მივდივართ, ერთადვე მოვდივართ, ვაცილებ კლასში, თუ რამე სჭირდება ჩემთან გამორბის, შესვენებებზე სულ ვხვდებით ერთმანეთს. ძალიან დამოუკიდებელია, მაგრამ მეცადინეობისას მის შორიახლოს ყოფნა მაინც საჭიროა.

იხილეთ ფოტო:

ამ დროს დიდი სიფაქიზეა საჭირო, რომ  უყურადღებობა არ იგრძნოს და არც გადაჭარბებული მზრუნველობაა აუცილებელი. ამას შეუდარებლად კარგად აგვარებენ ნუცას მშობლები – უტა და თათული. ნუცას ჰყავს პატარა ძამიკო, რომელსაც ეთამაშება, წიგნებს უკითხავს და ამ დროს, მასწავლებლის როლსაც ირგებს”, – აგვიხსნა პედაგოგმა.

პედაგოგმა მოგვითრო, რას ეძახის შვილიშვილი სკოლაში – ბებოს თუ მასწავლებელს და როგორ აფასებს ნუცა საკუთარ მასწავლებლებსა და სკოლის დირექტორს – მაია აბრამიძეს:

„ხან ბებოს მეძახის, ხან სახელს. ერთხელ, ჩემმა მეგობარმა ჰკითხა, ყველაზე მეტად რომელი მასწავლებელი გიყვარსო და უპასუხა, რომ ნინო მასწავლებელი (დამრიგებელი, ნინო ჯაიანი), მეგობარმა შეიცხადა, და ირმა მასწავლებელი არ გიყვარსო?!  ნუცას პასუხი ასეთი იყო: თქვენ მასწავლებელი მკითხეთ და ირმა ჩემი ბებოააო. ჯერ-ჯერობით მისთვის კვლავ ბებოს როლში ვარ. სკოლისკენ მიმავალ გზაზე მიყვება როგორ მოსწონს ხატვის მასწავლებელი (ირაკლი ბოლღაშვილი) და ჩვენი სკოლის დირექტორი (მაია აბრამიძე) – “ძააალიან ლამაზია”, ასე ამბობს და თვალები უკაშკაშებს”, – გვიამბო პირველკლასელი ნუცას პედაგოგმა ბებიამ.

ასევე იხილეთ:

გაიცანით მასწავლებელი, რომელმაც 29 პირველკლასელის სახელი კაბაზე „ამოიქარგა”

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში