ხელოვნების, სამოქალაქო განათლებისა და ინგლისური ენის ერთობლივი გაკვეთილი მაარიფის სკოლაში
,,ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში“ მნიშვნელოვან ადგილს უთმობს ინტეგრირებულ სწავლებას. გასულ კვირას VII-VIII კლასებში ხელოვნების, სამოქალაქო განათლებისა და ინგლისური ენის ერთობლივი გაკვეთილი ჩატარდა.
ინტეგრირებული გაკვეთილი შეეხებოდა მშობლებისა და შვილების ურთიერთობასა და გარდატეხის ასაკში არსებულ პრობლემებს. თემის სათაურად კი შეირჩა ,,გაქცევა არ არის გამოსავალი“.
აღნიშნული საკითხი არის გლობალური პრობლემა , რომელიც ძირითადად თავს იჩენს თინეიჯერობის ასაკში. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ თავად გარკვეულიყვნენ დასახელებული პრობლემის გამომწვევ მიზეზებში, მოეძებნათ მისი გადაჭრის გზები, გამოეხატათ თანაგრძნობა და მხარდაჭერა იმ მოზარდების მიმართ, რომლებიც ოჯახში, სკოლასა თუ გარშემო მყოფ ადამიანებთან უთანხმოების გამო იღებენ უკიდურეს გადაწყვეტილებას — ტოვებენ სახლს, სკოლას, მეგობრებს და გაქცევაში პოულობენ გამოსავალს.
გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებს შორის გაიმართა დისკუსია საკითხის ირგვლივ. განხილვაში მონაწილეობას იღებდა სკოლის ფსიქოლოგიც.
საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობდა ქართულსა და ინგლისურ ენებზე. მოსწავლეებმა დაამუშავეს ინგლისურენოვანი სტატია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და ხელოვნების მასწავლებლის დახმარებით შექმნეს კომიქსი.
ამგვარად, ერთი გაკვეთილის ფარგლებში მათ შეიტყვეს მოზარდობის ასაკთან დაკავშირებული სირთულეებისა და პრობლემის გადაჭრის გზების შესახებ, შეძლეს როგორც ენობრივი კომპეტენციის გაუმჯობესება, ისე შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და განვითარება.
ინტეგრირებული გაკვეთილის ავტორები: ნატალია ნატრიაშვილი, ელენე თირქია და თინა ლაცაბიძე