ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში ცოცხალი კუთხე მოეწყო – დირექტორმა ბავშვებს თუთიყუში აჩუქა
ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლას ახალი ბინადრები ჰყავს – თუთიყუშები სანი და ლულუ, კურდღელი აჩიტა და ზაზუნა, რომელიც სკოლას დღეს, 15 თებერვალს აჩუქეს.
მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივას, რომ სკოლაში შექმნილიყო ცოცხალი კუთხე, დირექტორმა ნათია ხუფაცარიამ ჩაუყარა საფუძველი. ნათიამ სკოლას თუთიყუში აჩუქა და მისთვის სახელის დარქმევის საშუალება ბავშვებს მისცა. თუთიყუშებს, ბავშვების მიერ მიცემული ხმათა უმრავლესობით, სანი და ლულუ დაარქვეს, კურდღელს – აჩიტა. ზაზუნას კი ჯერ სახელი არ აქვს. დირექტორის საჩუქარი სხვებისთვისაც სტიმული გახდა და ახლა სკოლას უკვე 4 ცოცხალი ბინადარი ჰყავს.
“ჩვენი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ შექმნა ეკო კლუბი ,,მწვანე კარი”. ეკო კლუბი გამოეხმაურა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიას და პროექტის ფარგლებში გვქონდა სხვადასხვა აქტივობები, რაც ჯამში სხვადასხვა შინაარსის 25 აქტივობა იყო. ამავე პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ჰქონდათ ინიციატივა, სკოლაში შეექმნათ ცოცხალი კუთხე, რასაც ჩემი პირადი საჩუქრით ჩავუყარე საფუძველი. სკოლას საჩუქრად გადავეცი ერთი თუთიყუში. მალევე, მეორე თუთიყუში მივიღეთ საჩუქრად ჩვენი სკოლის მოსწავლისგან. ჩემმა კოლეგამ, ზუგდიდის მე-3 სჯარო სკოლის დირექტორმა ლევან ღურწკაიამ გვაჩუქა კალიფორნიული ჯიშის კურდღელი. დღეს კიდევ ერთი ბინადარი შეგვემატა – პატარა საყვარელი ზაზუნა. გვეხმიანებიან სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებთაც აქვთ სურვილი წვლილი შეიტანონ ჩვენი სკოლის ცოცხალი კუთხის გამრავალფეროვნებაში. გვაქვს კიდევ ბევრი გეგმა, ბევრი საინტერესო სასწავლო აქტივობა, რომელსაც განვახორციელებთ ყველა კანონის დაცვითა და უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით. ცოცხალი კუთხის ფარგლებში არ გვაქვს აქცენტი მხოლოდ ცხოველებზე, რა თქმა უნდა, იგულისხმება მცენარეებიც, რომლებიც მრავლად გვაქვს სკოლაში, მაგრამ ვაპირებთ კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას. იგეგმება ბოსტანის და ეზოს გამწვანება“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ნათია ხუფაცარიამ.
რაც შეეხება ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიას, როგორც სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარემ, რობერტი კანკიამ EDU. ARIS. GE-ს აუხსნა, აღნიშნული აქტივობა ეფუძნება ევროკავშირის მდგრადი განვითარების ჩვიდმეტ მიზანს.
„ჩვენს სკოლაში რესურსცენტრიდან მოვიდა ინფორმაცია ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის თაობაზე, რომლის შესრულებაც დამევალა მე, მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეს. სკოლის ეკო კლუბის 9 წევრმა, რომელთა კურატორიც არის სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი მანანა ბულია, გავაკეთეთ განაცხადი, ანუ დავრეგისტრირდით კონკურსში და დავიწყეთ აქტივობების განხორციელება. აქტივობები ეფუძნება ევროკავშირის მდგრადი განვითარების ჩვიდმეტ მიზანს. დღეის მდგომარეობით, განვახორციელეთ 25 აქტივობა. მათ შორის, ყველაზე საინტერესო იყო, სოციალურად დაუცველი ოჯახების საახალწლო ნობათით დახმარება და უსახლკარო ძაღლების გამოკვება. ასევე ვესწრებოდით CENN- ის მიერ დაგეგმილ სემინარს, ზუგდიდის ურბანულ განვითარებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ სემინარს უძღვებოდა ნიდერლანდებისა და ავსტრიის საელჩო საქართველოში.
„გვაქვს საინტერესო სამომავლო გეგმები. ერთ-ერთს გაგიზიარებთ: გვსურს სკოლაში მცირე ზომის ბოსტნის მოწყობა, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებულია. ვაპირებთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ სკოლის ეზოს გამწვანებაში“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ის რობერტ კანკიამ.