CAT-ის პროგრამის მუშაობის პრინციპია, რომ ყოველ ეტაპზე მოსწავლეს შეურჩიოს ისეთი დავალება, რომელზე პასუხიც მაქსიმალურ ინფორმაციას მოგვცემს მისი უნარის შესახებ. ამ „მაქსიმალურად ინფორმატიული“ დავალების შერჩევისას პროგრამა ითვალისწინებს რამდენიმე პარამეტრს, მათ შორის მოსწავლის უნარის მიმდინარე შეფასებას, დავალების სირთულეს და დავალების დისკრიმინაციას.
დისკრიმინაციის პარამეტრი გვიჩვენებს, თუ რამდენად კარგად ასხვავებს დავალება მიმდინარე შეფასებაზე მაღალი და მასზე დაბალი უნარის მქონე მოსწავლეებს ერთმანეთისგან.
ხანდახან ხდება ხოლმე, რომ მოსწავლეს უმჯობესია მიეცეს ისეთი დავალება, რომელიც მიმდინარე შეფასებასთან შედარებით უფრო რთული ან უფრო მარტივია, მაგრამ მაღალი დისკრიმინაციიდან გამომდინარე შეფასებას მისი შესაბამისი სირთულის დავალებებზე უკეთესად აზუსტებს. ამიტომ, შეიძლება მოსწავლეს სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში უფრო რთული დავალება არ მიუვიდეს, თუმცა, ეს მხოლოდ იშვიათად ხდება და საზოგადოდ, შეფასების ზრდასთან ერთად მიღებული დავალებების სირთულის ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება.