ჭკვიანი და ცნობისმოყვარე ბავშვის გასაზრდელად დღეში მხოლოდ 1 საათი დაგჭირდებათ
ყველაფერი მარტივად არის! ჭკვიანი და ცნობისმოყვარე ბავშვის გასაზრდელად თქვენ დღეში მხოლოდ 1 საათი დაგჭირდებათ! ეს დრო იმ იმპულსს წარმოადგენს, რომელიც პატარას ინტელექტს, მეხსიერებას, მეტყველებას, ყურადღებასა და სწავლებისთვის მზადყოფნას ჩაუშვებს. მეცადინეობა პირველივე თვიდან დაიწყეთ და არ დაგავიწყდეთ, რომ წარმატების საიდუმლო ვარჯიშის რეგულარულობაში მდგომარეობს.
ბავშვის ადრეული განვითარების მოქმედების გეგმა:
- შეხება და კონტაქტი
დადებითი ემოციები და ბავშვის კარგი განწყობა არის წარმატებული განსავითარებელი მეცადინეობების საფუძველი. ჩაეხუტეთ თქვენ პატარას, აკოცეთ და მოუღიტინეთ… ეს ხომ დღის იდეალური დასაწყისია, როგორც დედისთვის, ისე მისი პატარასთვის
დრო: 5 წუთი
- ვარჯიში და მასაჟი
მასაჟის დროს სისხლის მიმოქცევა იზრდება და ადამიანის მთელი ორგანიზმის მუშაობის პროცესიც უმჯობესდება. ვარჯიშის დროს წაუკითხეთ პატარას ლექსები, რაც ამ პროცესს უფრო სახალისოსა და სასარგებლოს გახდის. ამგვარად პატარა ფხიზელი და ენერგიული იქნება, თანაც ახალი ცოდნის მისაღებადაც მოემზადება.
დრო: 10 წუთი
- ვიცეკვოთ?
ჩართეთ საყვარელი მუსიკა და პატარასთან ერთად ცეკვა დაიწყეთ! თქვენ ხელებში ,,ცეკვით“ პატარას რითმის გრძნობა უვითარდება და ის მოძრაობების კოორდინაციას სწავლობს. ასეთი მეცადინეობების დროს ბავშვს მუსიკალური სმენა და გემოვნებაც კი უყალიბდება.
დრო: 5 წუთი
- ლიტერატურა
თქვენს პატარას წიგნები და ლექსები აუცილებლად წაუკითხეთ. ენციკლოპედიური ცოდნის მისაღებად და პატარას მრავალმხრივი განვითარებისთვის კი შეგიძლიათ დომანის ბარათები გამოიყენოთ. დომანის ადრეული განვითარების მეთოდიკა მეხსიერებასა და ინფორმაციის აღქმის შესაძლებლობებს ავითარებს. ბავშვი არა მხოლოდ ახალ ინფორმაციას იღებს, არამედ მას ასევე ცოდნის მიღების სურვილიც უვითარდება.
დრო: 15 წუთი
- თითებისთვის
ბავშვის მეტყველების განვითარება პირდაპირ კავშირშია მისი თითების წვრილ მოტორიკასთან. ადამიანის ტვინი ასე არის მოწყობილი. რაც უფრო კარგად არის განვითარებული წვრილი მოტორიკა, მით უფრო მეტ წარმატებას აღწევს პატარა მეტყველებაში. მიეცით პატარას ხელში სხვადასხვა ფაქტურის მქონე საგნები და ქსოვილები. მაგალითად აბრეშუმის შარფი, ტოტი, ფოთოლი… სასწავლო პროგრამის მოძიებას კი ყველგან შეძლებთ.
დრო: 10 წუთი
- ურთიერთობა
ესაუბრეთ პატარას! რაც შეიძლება ბევრი და, აბსოლუტურად, ყველაფრის შესახებ! ნებისმიერ თქვენს ქმედებას აუცილებლად დაურთეთ ახსნა. სეირნობისა და სახლში ყოფნის დროსაც კი მოუყევით მას იმის შესახებ, რაც თქვენ გარშემოა.
დრო: 15 წუთი
ყველაფერი ზემოთ ხსენებული არის მინიმუმი, თუმცა მას ძალიან კარგი შედეგის მოტანა შეუძლია. ივარჯიშეთ სიამოვნებით და გახსოვდეთ, რომ დრო, რომელსაც ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე დახარჯავთ, არის თქვენი მთავარი და ყველაზე მომგებიანი ინვესტიცია.
მოამზადა თეა ინაშვილმა
- ავტორიზებული საჯარო და კერძო სკოლების ჩამონათვალი (07.11.2024) by ARIS.GE-განათლება
- როგორ მივაღწიოთ გაწაფულ კითხვას დაწყებითი კლასის მოსწავლეებში – სავარჯიშოები (III- VI) by მოსწავლის მშობელს
- „სახელმწიფომ ეს უნდა გააცნოს ყველა ბავშვსა და მშობელს“ – იცნობთ ბავშვთა უფლებების კონვენციას? by მოსწავლის მშობელს