10 მთავარი რეკომენდაცია, რომელიც საქართველოში სასკოლო სასწავლო რესურსების განვითარებას უნდა დაეხმაროს – საპარლამენტო მოკვლევის ანგარიში
81 გვერდიანი ანგარიში, რომლის გამოქვეყნებაც პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა დააგვიანა, დღეს, 17 ოქტომბერს უკვე ხელმისაწვდომია.
როგორც დღევანდელი ბიუროს სხდომაზე ითქვა, ანგარიში მოკვლევის შესახებ სახელწოდებით „სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში“, ცნობად მიიღეს.
როგორც მოკვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, დოკუმენტში წარმოდგენილი მიგნებები ეყრდნობა დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების, ჩატარებულ კვლევებისა და ზეპირი მოსმენების შედეგად მიღებულ ინფორმაციას.
დოკუმენტში წერია, რომ შემოსულ მოსაზრებებსა და ჩატარებული კვლევების სინთეზის შედეგად, გამოიკვეთა ძირითადი მიგნებები და დასაზუსტებელი საკითხები. ამ საკითხებზე მსჯელობა წარიმართა ზეპირი მოსმენების ფარგლებში, რომელიც პირისპირ რეჟიმში მიმდინარეობდა. მათში მონაწილეობა მიიღეს სახელმძღვანელოების ავტორებმა, გამომცემლებმა, სკოლების დირექტორებმა და რესურსცენტრების თანამშრომლებმა, საერთაშორისო, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, მათ შორის, მასწავლებელთა ასოციაციებმა.
რაც შეეხება თემატური მოკვლევის საკვლევ კითხვებს, ანგარიში განიხილავს შემდეგ ასპექტებს: სასკოლო სახელმძღვანელოების გამოყენების პრაქტიკა; ელექტრონული რესურსების გამოყენების პრაქტიკა; სასკოლო ლაბორატორიების გამოყენების პრაქტიკა; მასწავლებელთა როლი სასკოლო რესურსების შემუშავების პროცესში; საგანმანათლებლო რესურსების ხელმისაწვდომობა სსსმ და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის.
მოკვლევის ავტორები წერენ, რომ შემოსული მოსაზრებებისა და კვლევების საშუალებით იდენტიფიცირებული ძირითადი გამოწვევებისა და შესაძლებლობების მიხედვით, გამოიყო საკვანძო საკითხები. ამ საკითხებზე არსებული ლიტერატურის და სხვა საგანმანათლებლო სისტემების გამოცდილების შეჯერებით, წარმოგიდგენთ სასკოლო სასწავლო რესურსების განვითარების რეკომენდაციებს:
- სახელმძღვანელოების ავტორებისა და რეცენზენტების კომპეტენციების განვითარება საზოგადოებრივი ინკლუზიურობის პრინციპების სახელმძღვანელოში ეფექტიანად ინტეგრირებისთვის;
- რეცენზირების პროცედურის სანდოობის გაზრდა;
- სახელმძღვანელოს შერჩევაში მასწავლებლების მხარდაჭერის რესურსების განვითარება;
- სსსმ მოსწავლეებისთვის სასწავლო რესურსების განვითარება;
- ციფრული სასწავლო რესურსების სწავლა-სწავლებაში გამოყენების ხელშეწყობა;
- ლაბორატორიებით სკოლების აღჭურვის ჰოლისტური პოლიტიკის გატარება;
- სასკოლო ბიბლიოთეკების განვითარების მხარდაჭერა;
- სასწავლო რესურსების ავტორებში მასწავლებლების წილის გაზრდა;
- სასწავლო რესურსების კვლევების განვითარების ხელშეწყობა;
- სკოლისთვის განვითარების ფონდის გამოყოფა, – წერია საპარლამენტო მოკვლევის ანგარიშში სახელწოდებით: „სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში“.
თუ როგორ ხედავს თითოეული რეკომენდაციის განხორციელების გზას პარლამენტის მოკვლევის ჯგუფი, იხილეთ დოკუმენტში.
EDU.ARIS.GE დეტალურად შეისწავლის სქელტანიან ანგარიშს და მისი მიგნებების შესახებ რესპონდენტებთან ერთად გიამბობთ.
ამავე თემაზე:
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება