GE

10 წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო, სანამ სტუდენტი გახდები

თითოეული პირველკურსელი ახალ ამპლუას, სტუდენტობას სხვადასხვაგვარად ხედავს, თუმცა მათ ერთი საერთო აქვთ – ყველა მათგანი დაბნეულია, ცხოვრების წესს იცვლის, ეჩვევა ახალ გარემოს, ეცვლება შეხედულებები, იძენს ახალ მეგობრებს და დავიწყებას ეცემა ზურგზე მოკიდებული, სახელმძღვანელოებით დამძიმებული ჩანთა.

ახლა მას არდადეგებზე მხატვრული ლიტერატურის წაკითხვას და შემდეგ თემების წერას აღარავინ დაავალებს. ასე რომ შეუძლია, იკითხოს ის, რაც მოესურვება. ჩვენ კი გთავაზობთ, თვალი გადაავლოთ ქვემოთ მოცემული წიგნების ნუსხას. თითოეული მათგანი სწორედ მათთვისაა, ვინც სტუდენტობისთვის ემზადება და მათ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მაღალკურსელები გვირჩევენ:

1. რის ცოდნას ვისურვებდი, როცა 20 წლის ვიყავი, თეინა სელინგი (What I Wish I Knew When I Was 20 by Teena Seelig)

სტენფორდის ტექნოლოგიურ საწარმოთა პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი თეინა სელინგი წიგნში პირადი გამოცდილების შესახებ წერს და საუბრობს იმაზე, თუ როგორ გავუმკლავდეთ  გამოწვევებს, რომლებიც ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას ახლავს თან.

2. მარტოობის წინააღმდეგ, მარინა კეიგანი (The Opposite of Loneliness by Marina Keegan)

წიგნი ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი და ის სკოლადამთავრებულებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. „ვისურვებდი, ეს წამეკითხა, სანამ ახალ ცხოვრებას დავიწყებდი“, – წერს იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

3. სურათი, ლილიან როუზი (Picture by Lillian Ross)

1952 წელს დაწერილი ეს წიგნი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ლიტერატურას შორისაა. იგი ფილმების ინდუსტრიის შიდა სმზარეულოს შესახებ გვიყვება.

4. წერილები სამართლის სტუდენტს, ნიკოლას ჯეი მაკბრაიდი (Letters to a Law Student by Nicholas J. McBride)

ამ წიგნში ავტორი პასუხებს სცემს იურიდიული მიმართულების სტუდენტების კითხვებს, თუ როგორ მოიქცნენ კარიერული გამოწვევების ამა თუ იმ ეტაპზე. წიგნი იმდენად კარგად და საინტერესოდ არის დაწერილი, რომ ის გასაგები და გამოსადეგია ნებისმიერი მიმართულების სტუდენტებისთვის. ის ხელს გიწყობთ იმ ორგანიზაციული უნარ-ჩვევების განვითარებაში, რომელიც ნებისმიერ სტუდენტს და მით უფრო, წარმატებულ ადამიანს სჭირდება.

5. ფანი გოგონა, რეინბოუ როუველი (Fangirl by Rainbow Rowell)

ავტორი მარტივი, სალიტერატურო ენით, სახალისოდ გვიყვება უნივერსიტეტის შიდა სამზარეულოზე და ნათლად გვაჩვენებს გარედან დანახულ სასწავლებელსაც. ესაა რეალური განცდები ადამიანისა, რომელიც ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის. წიგნში განხილულია სტრეოტიპული მიდგომები, პირველი სასწავლო წლის შიშები, ახალებურადაა წარმოჩენილი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ოჯახური საკითხებიც.

6. შეუსაბამობა, ჯენი დოუნჰემი (Unbecoming by Jenny Downham)

ოჯახური პრობლემები, დემენცია, სექსუალური საკითხები – წიგნში ეს საკითხები ერთი ოჯახის სამი თაობის  ქალბატონის სამი ლამაზი ისტორიის ირგვლივაა გაშლილი. თითოეულ მათგანს საკუთარი საიდუმლო აქვს. 17 წლის შეყვარებული გოგონა საკუთარი თავის ძიებაშია. ალცჰაიმერით დაავადებული ბებია კი მოულოდნელად ბრუნდება ოჯახში და არავინ იცის  მისი ცხოვრებისეული სირთულეების შესახებ.

7. ჯანსაღად მოაზროვნე ახალი სამყარო, რუბი ვოქსი (Sane New World by Ruby Wax)

„წიგნი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება, მოგვითხრობს, თუ რამდენად იცვლება ცხოვრება სტუდენტად გახდომის შემდეგ. პირველკურსელს ძალიან სჭირდება დახმარება და ამ წიგნს უდაოდ შეუძლია ეს. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არასდროს დავინტერესდებოდი მსგავსი ლიტერატურით და საკუთარი თავის დახმარებას მის გარეშე შევძლებდი, თუმცა ვცდებოდი. ეს წიგნი განკუთვნილია მათთვის, ვისაც ფსიქიკური პრობლემები აქვს“, – ასე აღწერს მას ლონდონის კოლეჯის სტუდენტი.

8. მე არ მივდივარ დღეს სკოლაში, რობი ეიჩ ჰარისი (I Am NOT Going to School Today by Robie H. Harris)

ხშირად უნივერსიტეტის პირველი დღე ბევრად უფრო დამთრგუნველად გვეჩვენება, ვიდრე სკოლის. უნივერსიტეტში ხომ არავის ახლავს მშობელი, არც არავის ვიცნობთ და არც თამაშისთვისაა დრო. ამიტომ ბევრმა შეიძლება, პირველ დღეს სასწავლებელში წასვლაზე უარი თქვას და შინ დარჩენა ამჯობინოს. ეს წიგნი კი შეგვახსენებს, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება არაა. პირველი დღე არაა ისეთი საშინელი, როგორც ჩვენ გვგონია. ის ყველასთვის ერთნაირია და სწორედ ამიტომ, პირველი დღე გაძლევთ შანსს გაიცნოთ კურსელები, გაერკვეთ სასწავლო პროცესში, დაათვალიეროთ შენობა და უკვე მეორე დღეს ყველაფერში გათვიცნობიერებული იქნებით.

9. როგორ გავხდეთ საუკეთესო შეფასებების მქონე სტუდენტი, კალ ნიუპორტი (How to Become a Straight-A Student by Cal Newport)

ეს წიგნი არის გიდი იმ სტუდენტებისთვის, რომელთა მიზანია იყვენენ საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონენი. ამისთვის კი ავტორი რამდენიმე ეფექტური სტრატეგიის შესახებ მარტივი ენით გვესაუბრება.

10. ქორწინების გეგმა , ჯეფრი იუჯინაიდსი (The Marriage Plot by Jeffrey Eugenides)

წიგნში, რომელიც ბრაუნის უნივერისიტეტის სამი კურსდამთავრებულის შესახებაა, მოთხრობილია ახალგაზრდების სტუდენტობის პერიოდისა და შემდგომი ცხოვრების შესახებ. ეს რომანი ტიპური რომანტიკული ნაწარმოებებისგან განსხვავებით, მკითხველს საშუალებას აძლევს მიადევნოს თვალი სამი მთავარი პერსონაჟის თავგადასავლებს და მათ ბრძოლას საკუთარი თავის საპოვნელად.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

წყარო: timeshighereducation.com

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური