12 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ბლოგერობა მსოფლიოში საუკეთესო პროფესია
როდესაც ჯასტინ ჰოლი და იორენ ბარგერი თავიანთი ონლაინ-დღიურის წერას იწყებდნენ, მათ გაფიქრებაც კი არ შეეძლოთ, რომ სულ რაღაც რამდენიმე წლის შემდეგ ბლოგინგი გახდებოდა არა უბრალოდ ჰობი, არამედ ბიზნესი და პროფესიაც კი. შესაძლოა, მსოფლიოში საუკეთესოც. რატომ? პასუხს ახლავე გაიგებთ:
1.ბლოგერები კონკურენტუნარიანები არიან – ქსელში მილიონობით ბლოგია. მხოლოდ WordPress.com-ზე განთავსებულია დაახლოებით 75 მლნ. არის კიდევ Blogger, Tumblr და სხვა პლატფორმებიც. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბლოგერი დაინტერესდა საკმაოდ სპეციფიკური სფეროთი (მაგ. ახალგაზრდა შიმპანზეების მომწიფების პერიოდი), მას მაინც გამოუჩნდება კონკურენტი. იმისათვის, რომ იყო საუკეთესო, თავდაუზოგავი შრომაა საჭირო.
2.ბლოგერები უნივერსალურები არიან – საავტორო ბლოგი – ესაა მინი-გაზეთი, რომლის შტატშიც ერთადერთი თანამშრომელია. იგი ავტორიცაა, კორექტორიც, და რედაქტორიც. მკითხველი სტატიის ხილვისას, არც კი უფიქრდება, ცოდნის რა მარაგი უნდა აამოქმედოს ბლოგერმა, რომ უბრალოდ მოწონება დაიმსახუროს. გრამატიკა, სტილისტიკა, HTML, SEO, დიზაინი და ფსიქოლოგიაც კი – კარგი ბლოგერი ყველა ამ სფეროში ექსპერტი უნდა იყოს.
3. ბლოგერი ფლობენ კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს – თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ბლოგის ავტორისათვის მთავარია გამართულად წერა, ცდებით. დიახ, ორთოგრაფია და პუნქტუაცია საკმაოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ გარდა ამისა, ბლოგერი ტექნიკაშიც კარგად უნდა ერკვეოდეს. თუ საუბარია პერსონალურ ბლოგზე, არავინ მოვა თქვენთან მის გასაკეთებლად. მოგიწევთ დამოუკიდებლად გაერკვეთ პროგრამირების, ვებ-დიზაინისა და სოციალური ქსელების წვრილმანებში.
4. ბლოგერები მარკეტინგის სპეციალისტები არიან – დაწერე სტატია, გამოაქვეყნე და ამით მორჩა საქმე? ვერ მოგართვით! საჭიროა, რომ მიზნობრივმა აუდიტორიამ წაიკითხოს ის და აქციოს “ვირუსად”. ამისათვის ბლოგერები სწავლობენ ინტერნეტ-მარკეტინგის სტრატეგიებს: საძიებო ოპტიმიზაცია, სოციალურ ქსელებში ინფორმაციის გავრცელება, კონტექსტური რეკლამა… ამას სკოლაში არ ასწავლიან. ამ ყველაფრის სწავლა დამოუკიდებლად უწევს დიასახლისს, რომელსაც კულინარული ბლოგი აქვს.
5. ბლოგერობა სარისკოა – განვითარებასთან ერთად ბლოგი საჭიროებს უფრო მეტ ყურადღებას. ბლოგერები ტოვებენ სამსახურს და მთელ ამ დროს უთმობენ ბლოგს. ამ მომენტიდან ბლოგერი = მეწარმეს. მას აკისრია მთელი ფინანსური რისკი, მხოლოდ მის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული შეძლებს თუ არა საკუთარი ბლოგით ფულის გამომუშავებას.
6. ბლოგერები არც ისე ცუდი ბიზნესმენები არიან – რადგანაც ფინანსებზე დავიწყეთ საუბარი, აღვნიშნოთ: იმისათვის, რომ მიიღოს ფული, ბლოგერს უწევს ბიზნესმენობა. კლიენტების ძიება, გაყიდვები, პარტნიორული პროდუქტის წინ წაწევა, რეკლამა – ეს იმ ბიზნეს-ოპერაციების მინიმალური მოცულობაა, რომლის შესრულებაც ბლოგერს ყოველდღიურად უხდება. ამის წყალობით მრავალი ბლოგი, მცირე პირადი გვერდიდან ზრდასრულ ბიზნეს-პროექტად იქცა.
7. ბლოგერები კარგი მმართველები არიან – მათ სწორად უნდა მართონ თავიანთი დრო. სწორ დაგეგმვაზეა დამოკიდებული რეგულარულად განახლებადი იქნება თუ არა ბლოგი. გარდა ამისა, კოლექტიური ბლოგის შემთხვევაში მისმა ავტორმა უნდა მართოს ჯგუფი: ავტორების ძიება და შერჩევა, კონტენტ-მენეჯერებისდისტანციური მუშაობის ორგანიზება და კონტროლი. ბლოგერი ეს არის ადამიანი, რომელიც იღებს მრავალ მნიშვნელოვან და მმართველობით გადაწყვეტილებას ყოველდღიურად.
8. ბლოგერები შემოქმედებითი ადამიანები არიან – ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერია – ეს გამოთქმა სავსებით მიესადაგება ბლოგერის მახასიათებლებს. მთლიანად ტექსტური ბლოგებიც კი მოითხოვენ ფოტო და ვიდეო მასალას. ამიტომაც ბლოგერები – შემოქმედებითი ადამიანები არიან, რომლებიც ავლენენ თავიანთ ნიჭს სხვადასხვა სფეროში – მწერლობა, ფოტოგრაფია, ვიდეოგადაღება და სხვა.
9. ბლოგერები მკვლევარები არიან – კარგი ბლოგერი ყოველთვის არის მკვლევარი, იგი არ აკეთებს ფუჭ განცხადებებს, შესწევს უნარი არგუმენტირებულად გადმოსცეს საკუთარი აზრი.
10. ბლოგერები ხელს უწყობენ ხალხის განათლებას – ონლაინ ჟურნალები, როგორიცაა “ჩემი ცხოვრება”, არავის სჭირდება. ხალხი კითხულობს ინფორმაციას, რომელიც რაღაც ახლის მომცემია. თქვენი აზრით, რატომ მოსწონთ მოგზაურთა ბლოგები? ნებისმიერი travel-ბლოგი ეს არის სხვა კულტურის გაცნობა. ბლოგერები თავიანთ მკითხველებს საკუთარ ცოდნას უზიარებენ, რითაც მათ ცოტათი მეტად განათლებულებს ხდიან.
11. ბლოგერები აყალიბებენ საზოგადოების აზრს – ბლოგი დისკუსიის მოედანია. ადგილი, სადაც შესაძლებელია ღიად დააფიქსირო საკუთარი პოზიცია. ავტორიტეტული ბლოგერის მიერ გამოთქმული აზრი მალევე ხდება პოპულარული. ბლოგი – დიდი ძალაა, რომელსაც შეუძლია, გავლენა იქონიოს ადამიანის გონებასა და განწყობაზე. ტყუილად კი არ გამხდარან შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები და პოლიტიკოსები ბლოგერები.
12. ბლოგერები მოწესრიგებულები არიან – ბლოგერი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, არასდროს გამოაქვეყნებს ცრუ ინფორმაციას, არ შეურაცხყოფს აუდიტორიას. იგი აცნობიერებს საკუთარი პასუხისმგებლობის დონეს. ამიტომაც,ბლოგერი ვალდებულია, დაიცვას კომპიუტერული ეთიკა და საყოველთაოდ მიღებული მორალის ნორმები.
თქვენ შეიძლება დაეთანხმოთ ამ სიას, შეიძლება არა. ერთი რამ უდავოა: ბლოგინგი მძიმე შრომაა. ქსელში მილიონობით მოქმედი ბლოგია. პატივი ეცით ბლოგერებს! თუკი გადაწყვეტთ გახდეთ ერთ-ერთი მათგანი, გახსოვდეთ: ყველას არ გამოუვა, მაგრამ ცდა ღირს.
წყარო: lifehacker.ru