GE

15 გზა მოსწავლეებში კრეატიულობის გასაღვიძებლად

აკადემიკოსმა პაულ ტორენსმა მთელი ცხოვრება კრეატიული სწავლების მეთოდოლოგიის დახვეწას მიუძღვნა. მთავარი წინააღმდეგობა, რასაც ის აწყდებოდა, იყო მოსაზრება თავად ცნება „კრეატიულობის“ შესახებ. გავრცელებული შეხედულების მიხედვით, ეს უკანასკნელი თვითნაბადი უნარია, რომლის გამომუშავება და მით უფრო, სწავლება წარმოუდგენელი ეჩვენებოდათ. ტორესი ნაწილობრივ ეთანხმებოდა ამ მოსაზრებას და აღნიშნავდა, რომ ეს სპეციფიკური, თუმცა ამ უნარის შემეცნება შესაძლებელია და განსაკუთრებულ ინსტრუქციებს საჭიროებს. მისივე აზრით, თანამედროვე სკოლა საწინააღმდეგოს აკეთებს და მოზარდებში კრეატიულობას კლავს. საგანმანათლებლო სისტემას კი შემოქმედებითი სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვა აუცილებელია.

არსებობს  რამდენიმე გზა იმისა, თუ როგორ უნდა დაეხმარონ პედაგოგები მოსწავლეებს კრეატიულობის განვითარებაში:

1.განიხილეთ კრეატიულობა, როგორც სასწავლო მასალის ნაწილი

შექმენით გარემო, რომელიც აღიარებს და ცნობს შემოქმედებითობას, მოაწყვეთ შესაბამისი აქტივობები – პრობლემების ორიგინალური გზით გადაწყვეტა, საკლასო ოთახის ინტერიერის შეცვლა…

2.გამოიყენეთ საუკეთესო სტრატეგია

ტორენსის მეტა-ანალიზმა, რომელიც კრეატიულობის სწავლების ყველაზე ეფექტურ გზებს ეძებდა აჩვენა, რომ ამ უნარის გამომუშავების წარმატებული მეთოდოლოგია ხელოვნებაში უნდა ვეძებოთ. ასევე, წარმატებულია პროგრამები, რომლებიც კოგნიტურ და ემოციურ ფუნქციებზეა დამყარებული.

3.იფიქრე კრეატიულობაზე, როგორც უნარზე

თუ პედაგოგი ამას თვითნაბად უნარად განიხილავს, ცხადია, ის ვერ შეძლებს მოსწავლეებს ასწავლოს, როგორ გახდნენ კრეატიულები.

4.მიიღეთ მონაწილეობა ან შემენით კრეატიული პროგრამები.

არსებობს ისეთი შედეგიანი პროგრამები, როგორიცაა თამაში „გონების ოდისეა“, რომელსაც მთელ მსოფლიოში კონკურენციას ვერცერთი კრეატიული პროგრამა ვერ უწევს.

5.გამოიყენეთ ემოციური კავშირები

კვლევების მიხედვით, წარმატებული შედეგი მოსწავლეთა ამაღელვებელ განწყობას მოაქვს. ზემოხსენებული თამაშის მიზანი მოსწავლეების ან ზოგადად გარშემო მყოფების რეალური პრობლემების გადაწყვეტაა. მაგალითად, უსახლკაროთა დახმარება, სკოლის მიღმა დარჩენილი თანატოლების თანადგომა და ა.შ.

6.გამოიყენეთ შემოქმედებითი მოდელი

ოსბორნ-პარნესის მოდელი უძველესი, ფართოდ გავრცელებული მოდელია, რომელიც ხშირად გამოიყენება განათლებისა და ბიზნესის ხელშეწყობისთვის. ყოველი ნაბიჯი განსხვავებულად აზროვნებისკენ გიბიძგებს და 6 პუნქტისგან შედგება:

  1. იპოვე მიზანი ან საგანი
  2. შეაგროვე ფაქტები
  3. იპოვე პრობლემა
  4. ჩამოწერე იდეები
  5. დახვეწე და იპოვე გადაჭრის გზა
  6. შექმენი სამოქმედო გეგმა

7.ასწავლეთ არასტანდარტულად

დავიწყოთ ტესტირებებით. როგორც წესი, თითოეულ დავალებას რამდენიმე სავარაუდო პასუხი აქვს, რომელთაგანაც მხოლოდ ერთია სწორი. ამ სწორ პასუხამდე მოსწავლე ლოგიკური მსჯელობით ან ცოდნით უნდა მივიდეს. მოდით, სცადეთ და შექმენით ტესტი, სადაც დავალებებს ორი სწორი პასუხი ექნება.

8.გამოიყენეთ ინკუბაციის მეთოდი

პაულ ტორნესის ეს მეთოდი 3 ნაბიჯისგან შედგება

  1. შექმენით კავშირი რეალურ ცხოვრებასა და საკლასო ოთახს შორის

აღწერეთ პრობლემა, რომელიც მოსწავლეების თავს ხდება და გაუჩინეთ ინტერესი მის მიმართ. დაიყვანეთ საკითხი მათთვის მარტივ, გასაგებ და აქტუალურ თემამდე.

  1. გაუჩინეთ შედეგის მოლოდინი. ჩართეთ სასწავლო მასალა და წინა პლანზე წამოსწიეთ პრობლემის მოგვარების შესაძლებლობა.

3.მოძებნეთ გზები, რათა მოსწავლემ ამ საკითხზე გაკვეთილს მიღმა იფიქროს

9.გამოხატვის თავისუფლება

საკლასო ოთახი უნდა იყოს სივრცე, სადაც მოსწავლეს საკუთარი აზრის გამოხატვის არ შეეშინდება, ამიტომაც იყავით მიმღები მათი იდეების მიმართ.

10.მიეცით დრო ფიქრისთვის

დაინიშნეთ დრო და სთხოვეთ ჩამოწერონ ყველა იდეა, რაც კი თავში მოუვათ

11.მიეცით სივრცე

შეცვალეთ საკლასო ოთახის ინტერიერი და შეეცადეთ მოსწავლეებს შეუქმნათ ორიგინალური გარემო აზროვნებისთვის.

12.სტრუქტურულობა

რახან კრეატიულობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა ჩათვალოთ, რომ საკითხი მოსწავლეებს ბოლომდე არ უნდა აუხსნათ და ბუნდოვანი უნდა დატოვოთ. პირიქით, მიზანი უნდა იყოს ნათელი, რაც შეიძლება გამარტივებული და იმდენად ახლოს მყოფი მოსწავლეებთან, რომ მისი ახლებურად დანახვა შეძლონ.

13.გამოიკვლიეთ სხვადასხვა კულტურა

ეს საუკეთესო გზაა კრეატიულობის გასაღვიძებლად. კულტურული კონტექსტები, მათი ნაირგვარობა გონებას ახალ საზრდოს და შთაბეჭდილებებს აწვდის.

14.იპოვეთ გზები გაკვეთილზე ხელოვნების, მუსიკისა და კულტურის ინტეგრირებისთვის

ევროკომისიის მიერ მომზადებული ბოლო ანგარიშის მიხედვით, კრეატიულობა არის ცენტრალური ძალა, რომელიც ჩვენს კულტურას ქმნის.

15.კრეატიული სწავლების ნაბიჯები

განათლების სპეციალისტი პაულ კოლარდი მიიჩნევს, რომ „კრეატიული აზროვნება მხოლოდ კარგი იდეების მოფიქრება არაა, ესაა კარგი იდეების განხორციელება“. ის პედაგოგებს კრეატიული სწავლების  5 ძირითად პუნქტს ასე უხატავს:

  1. წარმოსახვა
  2. საკუთარი თავის მოტივირება
  3. მოქნილობა, გამძლეობა
  4. კოლაბორაცია მოსწავლეებთან
  5. მათთვის ვალდებულებების მიცემა და დახმარება პროექტების განხორციელებაში

წყარო: opencolleges

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური