GE

2018-2019 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები და ეტაპები განისაზღვრა!

2018-2019 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყება. ვადებისა და ეტაპების შესახებ ბრძანებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ხელი მოაწერა.

ბრძანებით დადგინდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვის ეტაპები:

I ეტაპი – რეგისტრაცია დაიწყება 2018 წლის 10 აპრილს და 2018 წლის 27 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. პირველ ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, სადაც  რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები: რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია (მშობელი და არა ბებია ან ბაბუა); რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

 I ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში 2018 წლის  30 აპრილიდან 2018 წლის 7 მაისის ჩათვლით.

 II ეტაპი – საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია – რეგისტრაცია იწარმოებს 2018 წლის 8 მაისის 2018 წლის 8 ივნისის ჩათვლით.

ამ ეტაპზე შესაძლებელი იქნება იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს  აკმაყოფილებს. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე  WWW.EMIS.GE. რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან I ეტაპზე. რეგისტრაცია უნდა გაიაროთ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე ელექტრონულად.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2018 წლის 11 ივნისიდან 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით. (პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება).

 III ეტაპი – ხდება II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე მოსწავლეთა რეგისტრაცია, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. მესამე ეტაპზე დარეგისტრირების მსურველები დოკუმენტაციას წარადგენენ უშუალოდ სკოლაში მისვლის დროს. საბუთების წარდგენა იწარმოებს 2018 წლის 2 ივლისიდან 2018 წლის 16 ივლისის ჩათვლით.

შეგახსენებთ, რომ „2018-2019 სასწავლო წელს პირველ კლასში შესვლას 16 და 17 სექტემბერს დაბადებული ბავშვებიც შეძლებენ“ – აღნიშნული ინფორმაცია EDU.ARIS.GE-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ექსკლუზიურად დაუდასტურეს. როგორც ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, ახალი სასწავლო წელი 2018 წლის 17 სექტემბერს იწყება, რადგან მინისტრის ბრძანებით სწავლის დაწყების მუდმივ თარიღად განსაზღვრული 15 სექტემბერი დასვენების დღეს (შაბათს) ემთხვევა და სასწავლო პროცესი კანონში არსებული ჩანაწერის თანახმად, ორშაბათს, 17 სექტემბერს უნდა დაიწყოს. კანონით კი განსაზღვრულია, რომ სკოლაში შესვლის ასაკი არის 6 წელი.

გთავაზობთ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
  • დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
  • სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.

წელს პირველ კლასში შესვლას 16 და 17 სექტემბერს დაბადებული ბავშვებიც შეძლებენ

იხილეთ 2018 წლის სასკოლო არდადეგების განრიგი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური