GE

წელს პირველ კლასში შესვლას 16 და 17 სექტემბერს დაბადებული ბავშვებიც შეძლებენ

„2018-2019 სასწავლო წელს პირველ კლასში შესვლას 16 და 17 სექტემბერს დაბადებული ბავშვებიც შეძლებენ“ – აღნიშნული ინფორმაცია EDU.ARIS.GE-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ექსკლუზიურად დაუდასტურეს. როგორც ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, ახალი სასწავლო წელი 2018 წლის 17 სექტემბერს იწყება, რადგან მინისტრის ბრძანებით სწავლის დაწყების მუდმივ თარიღად განსაზღვრული 15 სექტემბერი დასვენების დღეს (შაბათს) ემთხვევა და სასწავლო პროცესი კანონში არსებული ჩანაწერის თანახმად, ორშაბათს, 17 სექტემბერს უნდა დაიწყოს. კანონით კი განსაზღვრულია, რომ სკოლაში შესვლის ასაკი არის 6 წელი.

აღნიშნული მოცემულობიდან გამომდინარე, EDU.ARIS.GE დაინტერესდა, თუკი კანონი ამბობს, რომ სწავლის დაწყების დღეს მოსწავლე უნდა იყოს 6 წლის, მიმდინარე კალენდარული მდგომარეობით, შეძლებენ თუ არა პირველ კლასში შესვლას ის ბავშვები, ვისაც 6 წელი 16 და 17 სექტემბერს უსრულდებათ. ჩვენი კითხვის პასუხად კი სამინისტრომ განგვიცხადა, რომ სკოლაში შევა ყველა ის ბავშვი, ვინც ექვსი წლის ხდება 15 სექტემბრის მომდევნო ორი დღის განმავლობაში – 17 სექტემბერის ჩათვლით.

ცნობისთვის, სასწავლო წლის დაწყება ბრძანებით არის განსაზღვრული და ყოველწლიურად ახალი სასწავლო წელი სკოლებში 15 სექტემბერს იწყება. თუმცა კანონით ამ შემთხვევაშიც განსაზღვრულია, რომ თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს.

რაც შეეხება პირველკლასელთა რეგისტრაციის დაწყების თარიღს, როგორც EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტს მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა განუმარტა, რეგისტრაციის ვადები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით რეგულირდება და ის ჯერ ცნობილი არ არის.

იხილეთ 2018 წლის სასკოლო არდადეგების განრიგი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური