GE

5 იდეა წინასაახალწლო გაკვეთილებისთვის პედაგოგებს

წლის მიწურულს მოსწავლეებს სკოლაში სიარული ეზარებათ და ხშირად, ბოლო კვირაში გაკვეთილებს არცკი ესწრებიან. მიზეზი, ალბათ, ისაა, რომ ამაღლებულ, სადღესასწაულო განწყობას რუტინული გაკვეთილები უფუჭებთ. ახალი წლის მოახლოებას ბავშვები სკოლაშიც უნდა გრძნობდნენ.

გთავაზობთ რამდენიმე იდეას, თუ როგორ შეგიძლიათ გაამხიარულოთ და საინტერესო გახადოთ სწავლის ბოლო კვირა:

1. მისალოცი ბარათი

რა გამოხატავს სიყვარულს მისალოც ბარათებზე უკეთ? – არც არაფერი. წერილებს შეიძლება ვინმე მოდიდან გადასულად თვლის, თუმცა არა შობა-ახალ წელს. მისი დაწერა კი ყველა კლასისა თუ აკადემიური მოსწრების მოსწავლეს შეუძლია. სთხოვეთ ბავშვებს, მეგობარს, ოჯახის წევრს ან სულაც, სანტას შთამბეჭდავი წერილი დაუწერონ.

თუ დაწყებითი კლასის პედაგოგი ხართ, აჩვენეთ წერილის ნიმუში მოსწავლეებს და დაეხმარეთ აზრების სწორად ჩამოყალიბებაში. იგივე აქტივობის ჩატარება უცხო ენის გაკვეთილზეც შეგიძლიათ. მაღალკლასელებს კი უფრო კრეატიული დავალება მიეცით, მაგალითად გაუგზავნონ მისალოცი ბარათი შესწავლილი ნაწარმოებების რომელიმე პერსონაჟს.

2. საახალწლო ლექსიკონი

ეს თამაში განსაკუთრებით უცხო ენების პედაგოგებს დააინტერესებთ, თუმცა არამხოლოდ. ქართულშიც ხომ უამრავი სიტყვაა ახალი წლის თემატიკაზე, რომლებიც ბავშვმა შეიძლება, უცებ ვერ გამოიცნოს.

თამაში ასეთია:
ფურცლებზე ჩამოწერეთ სიტყვები ან ფრაზები, რომლებიც ახალ წელს უკავშირდება (მაგ: ლაპლანდია, გრინჩი, ნაძვის ხის ორნამენტი) და ჩაყარეთ ჩანთაში. შემდეგ კლასი დაყავით გუნდებად. თითოეული გუნდიდან ერთმა ბავშვმა ქუდიდან უნდა ამოიღოს ერთი ფურცელი და 1-2 წუთში აუხსნას დანარჩენებს, დახატვით ან 2 სიტყვით. თითოეულ გამოცნობილ სიტყვაში  გუნდს ერთი ქულა ერგება.

3. კინო-ჩვენება

მოაწყვეთ კინო-ჩვენება და განხილვა. ეს შეიძლება იყოს დიკენსის „საშობაო ისტორიების“ მიხედვით შექმნილი ანიმაციაც.

4. საშობაო სპექტაკლი

დაავალეთ რომელიმე მოთხრობის წაკითხვა, შემდეგ არეულად დაურიგეთ ბავშვებს მოთხრობიდან ამონარიდები და სთხოვეთ, რამდენიმე წუთში დალაგდენენ ნაწარმოებში განვითარებული მოქმედებების შესაბამისად, თანმიმდევრობით. შეგიძლიათ, მოთხრობის მიხედვით სპექტაკლის დადგმის იდეაც შესთავაზოთ.

5. საახალწლო ტრადიციები

დაავალეთ მოსწავლეებს შეაგროვონ ინფორმაცია, რა  უცნაური საახალწლო ტრადიციებია საქართველოს კუთხეებში და სთხოვეთ, გაკვეთილზე წარადგინონ ჯგუფური ან ინდივიდუალური პრეზენტაციის სახით.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

წყარო: fluentu.com

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური