500 ევრო დღიურად: სტუდენტობიდან თოვლის ბაბუობამდე
ამ პროფესიაში ყველაზე რთულია, რომ არ დააგვიანო და არ აგერიოს სახლები. მაგრამ ბერლინში დამწყებ თოვლის ბაბუებს ამასაც ასწავლიან…
გერმანიაში საჩუქრები შობის ღამეს ტრადიციულად მოაქვს პატარა იესოს – Christkind, მაგრამ ზოგიერთი ოჯახი სპეციალური დაწესებულებების მომსახურებით სარგებლობს და მათი დახმარებით პატარებთან წვერებიანი თოვლის ბაბუა მოდის, რომელიც ძალიან ჰგავს “კოკა-კოლას” რეკლამაში არსებულ სანტას. თოვლის ბაბუა მოდის მარტო ან დამხმარე ანგელოზებსა და ელფებთან ერთად, რომლებიც ლეგენდის მიხედვით, ამოწმებენ ბავშვების ქცევას და თოვლის ბაბუას უყვებიან მათ შესახებ.
საშობაო ბაბუას გამოძახება შესაძლებელია ტელეფონით. ბერლინში, მაგალითად, 1949 წლიდან არსებობს ოფისი, რომელიც თოვლის ბაბუებზე არსებულ ძალიან დიდ მოთხოვნას აკმაყოფილებს ყოველწლიურად. მისი სახელწოდებაა: “WeihnachtsmannbüroderHeinzelmännchen” ანუ “ზღაპრული დამხმარების ბიურო”, ის დაფუძნებულია ბერლინში არსებული სტუდენტებთან თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად (StudentenwerkBerlin). ყოველწლიურად მათ აქვთ 5000 შეკვეთა, რომელსაც ასრულებენ ძირითადად ის სტუდენტები, ვისაც აქვს დრო და სურვილი საახალწლო დღეებში თანხა გამოიმუშაონ.
თუმცა, აქ სტაჟიანი ადამიანებიც მუშაობენ. ყველაზე გამოცდილი თოვლის ბაბუა ამ ბიუროში ირიცხება 1973 წლიდან, ყველაზე მოხუცი 78 წლისაა. სტაჟიანი ბაბუები, რა თქმა უნდა, უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას ახალბედებს. თოვლის ბაბუების მომსახურების ცენტრი ტიპური გერმანული პედანტურობით ახდენს საშობაო მომსახურების ორგანიზებას: აგროვებს განაცხადებს, ამზადებს პერსონალს და აკონტროლებს მას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მომსახურების მაღალი ხარისხი.
ხარისხის სერთიფიკატი
ამ დაწესებულებაში მომუშავე თოვლის ბაბუებს გაწერილი აქვთ მკაცრი დრეს-კოდი: წითელი სამოსი აუცილებლად უნდა იყოს თეთრი ხელთათმანებით და შავი ფეხსაცმელებით დამშვენებული. გარდა ამისა, გამხდარმა სტუდენტებმა მუცელი უნდა გაიკეთონ ბალიშით. ასევე ხმა უნდა დაიბოხონ.
ახალბედები გადიან სავალდებულო ექვსსაათიან კურსს, რომ გახდნენ გამოცდილი თოვლის ბაბუები. ამ კურსის გავლის შემდეგ, მათ უნდა იცოდნენ, საიდან მოდის მათი პერსონაჟი, როგორ უნდა მოიქცნენ პატარებთამ, რომ არ უნდა შეეშინდეთ და უხერხულად არ უნდა იყვნენ გამოძახების დროს. სტუდენტები ხდებიან თანდათან მსახიობები და თამაშობენ ”მინი სპექტაკლს” დღეში 10-12 ჯერ. კითხვაზე შველის თუ არა ეს კურსი ახალბედებს, აღნიშნავენ, რომ ამ ცოდნის გარეშე არაფერი გამოვა.
თოვლის ბაბუა ოჯახში მიდის წინასწარ შეთანხმებულ დროს, სამჯერ აკაკუნებს კარზე, შედის სახლში საჩუქრების ტომრით, რომელიც მშობლებმა შეარჩიეს, იფერთხავს თოვლს ფეხსაცმელებიდან და ამბობს ბოხი ხმით: – ჰოუ-ჰოუ-ჰოუ! და შემდეგ ჯდება ნაძვის ხესთან ახლოს. ამის შემდეგ იწყება ოფიციალური ნაწილი, თოვლის ბაბუასთან მიდიან ბავშვები, კითხულობენ ლექსებს და ამისთვის იღებენ საჩუქრებს. თოვლის ბაბუა უყვება ყველაფერს, რაც მათ გადახდათ მთელი წლის მანძილზე, განსაკუთრებულიც და ნაკლებად აღასანიშნავიც და რჩევებს აძლევს მომავალი წლისთვის. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი მშობლები უკმაყოფილოები არიან მათი ქცევით, შექება არ მოაკლოს თოვლის ბაბუამ და აუცილებლად დაარიგოს, რომ უკეთ მოიქცნენ.
ამის შემდეგ თოვლის ბაბუა ემშვიდობება ბავშვებს და მიიჩქარის ირმებისკენ, მანქანის ან ველოსიპედისკენ, რომელიც გაჩერებულია სახლთან ახლოს. ბავშვებს უხსნის, რომ დროულად უნდა წავიდეს, რათა მოასწროს სხვებთან მისვლა, რათა არავინ დარჩეს საჩუქრის გარეშე.
ზოგჯერ ხდება ისე, რომ გამოძახება უქმდება ან მისამართები ირევა. მაგალითად, ერთი თოვლის ბაბუა მხოლოდ ბოლოს მიხვდა, თუ რატომ უბღვერდნენ მას ასე ძალიან მშობლები. აღმოჩნდა, რომ მას აერია სახლები, რომლებიც ერთი და იგივე ქუჩაზე იყო განლაგებული, მოხვდა სხვა ოჯახში და ბავშვებს მიმართა სხვა სახელებით.
ყველაზე რთულია გრაფიკში ჩაჯდომა: “ხოლო როცა უკვე სახლში შედიხარ, ყველაფერი თავისთავად მიდის” – აღნიშნავს ერთ-ერთი თოვლის ბაბუა – “კიდევ ერთი სირთულე ისაა, რომ თოვლის ბაბუას ფორმაში ძალიან ცხელა, თითქოს სკაფანდრში ხარ მოთავსებული”.
თუმცა, ღირს ეს ყველაფერი, რადგან თოვლის ბაბუის ერთი დღის ანაზღაურება შეადგენს 500 ევროს. ამას ემატება ნაჩუქარი თანხებიც. რაც უფრო მეტი ბავშვია ოჯახში, მით უფრო მაღალია ანაზღაურება. ერთ ოჯახში ვიზიტი გრძელდება მაქსიმუმ 15 წუთი. სამუშაო დღე არანორმირებულია.
სამუშაო სულისათვის
ეს პროფესია აღმოჩნდა საკმაოდ სასიამოვნო. “მიდიხარ ქუჩაში თოვლის ბაბუის ფორმაში გამოწყობილი, ადამიანები ტრიალდებიან და გიყურებენ, ყველას ხელს უქნევ და ოჯახშიც უკვე ამაღლებული განწყობით შედიხარ, ძალიან ერთობი” – აღნიშნავს თოვლის ბაბუა. შემთხვევითი გამვლელებისა და ბავშვებისთვის, მათ ყოველთვის აქვთ ჯიბეში სათადარიგო კანფეტები. “თოვლის ბაბუას არ შეუძლია არაფერი აჩუქოს” – მუდმივად საჩუქრების გაცემით ისინი თავადაც კმაყოფილები და მხიარულები არიან.
წყარო: http://www.dw.de