„აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“ – სამეცნიერო კონფერენცია და მედიადაჯილდოების ცერემონია CIU-ში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU), ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან (JRC) ერთად, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას – „კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“ უმასპინძლა.
ღონისძიება აკადემიურ პრეზენტაციებს, სტუდენტურ კვლევებს, დარგობრივი აქტორების მონაწილეობით გამართულ პრაქტიკულ განხილვებსა და მედიადაჯილდოების ცერემონიას მოიცავდა. კონფერენცია კლიმატგონივრული ჟურნალისტიკის, აგროკომუნკაციის, უნივერსიტეტებსა და რეგიონულ მედიას შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებს მიეძღვნა. პროექტის ფარგლებში განხოცრიელებული აქტივობებისა და გამოცემის მიზანი დარგში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, კლიმატგამძლე განვითარების პროცესში საზღვრისპირა თანამშრომლობისა და მედიაპარტნიორობების როლის ხაზგასმა, ხანგრძლივი რეგიონული კვლევისა და საგანმანათლებლო ქსელის საფუძვლის შექმნა იყო.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 10 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პანორამულ სივრცეში საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით CIU-ს რექტორმა, კახაბერ კორძაიამ; ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ნათია კუპრაშვილმა; CIU-ს კანცლერის მრჩეველმა აკადემიური მიმართულებით, მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო ჭალაგანიძემ და ALCP პროგრამის ხელმძღვანელმა, ჰელენ ბრედბერმა მიმართეს.
როგორც კახაბერ კორძაიამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მნიშვნელოვანია, კლიმატის ცვლილებისა და აგროსექტორის მიმართულებით, ზუსტი საინფორმაციო პოლიტიკის წარმოება, ამ პროცესში კი განსაკუთრებული როლი მედიასა და უნივერსიტეტებს ეკისრებათ.
„მიხარია, რომ დღეს ასეთი მნიშვნელოვანი კონფერენცია ტარდება. „კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“ არის სამხრეთ კავკასიის პირველი აკადემიური და ანალიტიკური პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატგონივრული ჟურნალისტიკის გაძლიერებას. ეს პროექტი ნათლად უსვამს ხაზს ზუსტი, ფაქტებზე დაფუძნებული საინფორმაციო პოლიტიკის მნიშვნელობას, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილებისა და აგროსექტორის მიმართულებით. კლიმატის ცვლილება გლობალური გამოწვევაა, რომელიც სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებზე პირდაპირ აისახება.
ასეთ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამდე მივიდეს ზუსტი და გასაგები ინფორმაცია, რომელიც ხშირად ისეთი აუცილებელი რესურსია, როგორც ტექნოლოგიები ან ფინანსური მხარდაჭერა. ამ პროცესის წარმატებაში წვლილის შეტანა უნივერსიტეტებსა და მედიას ერთობლივად შეუძლია – უნივერსიტეტები ქმნიან ახალ ცოდნას, ხოლო მედია პასუხისმგებელია, რომ ეს ცოდნა მოსახლეობამდე მიიტანოს… დღევანდელი კონფერენცია ნამდვილად კარგი სივრცეა საკუთარი გამოცდილებების შესაჯამებლად. მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ამ პროცესში ჩართულობისთვის“, – აღნიშნა CIU-ს რექტორმა სიტყვით გამოსვლისას.
კონფერენციის საზემო გახსნის შემდეგ, საერთო პლენარულ სესიას მოდერაცია ნათია კუპრაშვილმა გაუწია. მასში ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი მეცნიერები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი ირმა ჭოლაძე; აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის (ADAU) ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი ანარ ჰათამოვი; ბრუსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ლექტორი გაიანე მირზოიანი; ექსპერტები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან – მანე მადოიანი და შაჰლა ისმაილი.
კონფერენციის მეორე ნაწილი ორ პარალელურ მოდულს მოიცავდა. სამეცნიერო კვლევების ნაწილს მოდერაცია ნინო ჭალაგანიძემ (CIU) გაუწია. სტუდენტურ სესიებს ნინა ხელაძე (JRC) ხელმძღვანელობდა. ღონისძებაში სტუდენტების ჩართულობა აგროკომუნიკაციითა და კლიმატგონივრული რეპორტინგით დაინტერესებული ახალგაზარდა მკვლევრების წარმოჩენას ისახავდა მიზნად.
კონფერენციის მნიშვნელობაზე მოსაზრების გაზიარება ნინო ჭალაგანიძეს (CIU) ვთხოვეთ. როგორც მან EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, თემატიკა განსაკუთრებით აქტუალურია, მსოფლიოს წინაშე დღეს არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გათვალისწინებით:
„ჩვენ დავიწყეთ მუშაობა წლების წინ. პირველი პროექტის შემდეგ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დაბეჭდა ჩემი და ქალბატონი ნათია კუპრაშვილის ერთობლივი წიგნი – „აგროჟურნალისტიკა“, რომლის იმპლემენტაციაც რამდენიმე ქვეყანაში მოხდა. სახელმძღვანელო დაიბეჭდა ხუთ – ქართულ, ინგლისურ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. წიგნი დღესაც გამოიყენება ამ ქვეყნების მედიასკოლების სასწავლო პროცესში. მას შემდეგ გავაფართოვეთ საზღვრები და დღესათვის ჩვენი კონფერენციის თემა „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაციაა.
ღონისძებისთვის დიდი ხნის მანძილზე ვემზადებოდით – გაკეთდა განაცხადი, ჩვენმა პარტნიორმა პროფესორ-მასწავლებლებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან დაიწყეს კვლევებზე მუშაობა. კონფერენციაში ხუთი ქვეყანაა ჩართული. წარმომადგენლები გვყავს შვეიცარიიდან, ბრიტანეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და რა თქმა უნდა, ჩვენი – სხვადასხვა მედიასკოლიდან. რაც შეეხება თემატიკას, აქ წარმოდგენილია ყველა ის პრობლემა, ალბათ, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს განსაკუთრებით აწუხებს. პრობლემები, რომლებიც კლიმატის ცვლილებიდან მოდის – დაწყებული სასმელი წყლით, დამთავრებული მრეწველობისა და საკვები პროდუქტით. ეს ყველაფერი ჩვენს ყოველდღიურობას ქმნის. შესაბამისად, ქცევის ცვლილება ადამიანებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ პროცესში მედიას მნიშვნელოვანი როლი აკისრია. ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა გავაშუქოთ, რა აქცენტები გავაკეთოთ სასიკეთო ცვლილებებისთვის. ეს არის ჩვენი დღევანდელი მიზანიც“.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მიზნების შესახებ ვკითხეთ ALCP პროგრამის ხელმძღვანელ ჰელენ ბრედბერსაც, რომელმაც ჩვენთან საუბრისას ყურადღება კლიმატთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„კონფერენციამ შეკრიბა უნივერსიტეტების წარმომადგენლები და ის ჟურნალისტები, რომლებიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, სასოფლო-სამეურნეო საკითხებთან დაკავშირებით მუშაობენ მედიაში. ბოლო წლებია, ფოკუსმა კლიმატთან დაკავშირებულ თემებზეც გადაინაცვლა. აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში, იმ ხალხისთვის, ვისი საქმიანობაც სოფლის მეურნეობას უკავშირდება, მნიშვნელოვანია კლიმატთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. კონფერენციის ინიციატივაც სწორედ ამას უკავშირდება“, – განაცხადა ჰელენ ბრედბერმა.
„მედიის ჩართულობა კლიმატგონივრული ამბის თხრობაში: აგრომეურნეობისა და აგროტურიზმის განვითარების პერსპექტივები“ – ეს იყო პლენარული დისკუსიის მთავარი თემა, რომელიც 11 დეკემბერს, აუდიოვიზუალურ სივრცეში – „ჰოლიზეუმში“ გაიმართა. მასში მონაწილეობა დარგობრივი ასოციაციების, აკადემიური სფეროსა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.
ღონისძიების კულმინაციას წარმოადგენდა მედიადაჯილდოების ცერემონია. ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC) საერთაშორისო მედიაკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. ნანუკა მეშველაშვილს, სამირა ბაირამოვას, ხაჩიკ დანიელიანსა და ანჟელა სტეფანიანს კლიმატის ცვლილების, მდგრადი სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი განვითარების საკითხების ეფექტურად და შემოქმედებითად გააშუქებისათვის პრიზები გადაეცათ.
როგორც ნათია კუპრაშვილმა (JRC) გვითხრა, კონკურსის ფარგლებში, 100-მდე ნამუშევარი მიიღეს, გამარჯვებულ კონკურსანტთა ნაშრომები კი ჟურნალისტებისთვის, პრაქტიკულად, სასწავლო მასალას წარმოადგენს.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის კლიმატის გაშუქებისა და კლიმატის კომუნიკაციის პირველი ფორუმი, რომელმაც გააერთიანა სამეცნიერო ნაწილიც – გვქონდა ძალიან ძლიერი კონფერენცია, სადაც ხუთი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მასკომუნიკაციის ნაწილში წარმოდგენილი იყო ძალიან მნიშვნელოვანი პრეზენტაციები და სამეცნიერო შრომები, რომლებიც უშუალოდ კლიმატისა და სოფლის მეურნეობის გაშუქების საკითხებს უკავშირდებოდა.
პარალელურად, გამოვაცხადეთ საერთაშორისო კონკურსი სამხრეთ კავკასიელი ჟურნალისტებისთვის. განცვიფრებული ვიყავით ჩვენი კოლეგების შრომით. გვყავს გამარჯვებულები, რომელთა ნამუშევრები შესაძლებელია ინტეგრირდეს სასწავლო მოდულებში, სოფლის მეურნეობის საკითხებისა და კლიმატური ცვლილებების გაშუქების მიმართულებით“, – აღნიშნა ნათია კუპრაშვილმა.
ღონისძიების დასასრულს, კონფერენციის თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა. შერჩეული სტატიები სამეცნიერო გამოცემაში დაიბეჭდება.
„კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“ სამხრეთ კავკასიაში პირველი აკადემიური და ანალიტიკური პლატფორმაა. ინიციატივის მხარდამჭერი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოა. პროექტი ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC), კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (CIU) ერთად, შვეიცარიის კომუნიკაციისა და მედიაკვლევების ასოციაციის წევრებთან თანამშრომლობით განახორციელა.
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი







