GE

6 დარღვევა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემაში – აუდიტის სამსახურმა სამინისტროსა და მასწავლებლის სახლის საქმიანობა შეისწავლა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა, რომელმაც სქემით გათვალისწინებული მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერული წინსვლისთვის განხორციელებული ღონისძიებების პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის საკითხები მოიცვა. კვლევის შედეგად არაერთი ნაკლოვანება გამოიკვეთა.

აუდიტის ობიექტი იყო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ამავე სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. აუდიტმა მოიცვა 2017-2019 წლები. ამავე დროს, აუდიტის მიზნებიდან გამომდინარე, გამოიყენეს შემდგომი პერიოდის ინფორმაციაც.

აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრირებული, საშუალოდ, 62,000 მასწავლებლის მიერ განხორციელებული აქტივობებისა და კომპეტენციის დამადასტურებელი მონაცემთა ბაზები.  შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გაანალიზდა 120 მასწავლებლის მიერ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები.

აუდიტის ჯგუფი გაეცნო სამინისტროს სტრატეგიას, სამოქმედო გეგმებს, მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტებს და შესაბამის მარეგულირებელ ნორმატიულ ბაზას. ჩატარდა ცენტრისა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ინტერვიუები.

აუდიტის ჯგუფმა განახორციელა სქემის ფარგლებში შესრულებული აქტივობებისა და მონაცემთა ბაზების ანალიზი. კერძოდ, შეისწავლა 120 მასწავლებლის პორტფოლიო, ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგმოდულები, 28,000 მასწავლებლის ტრენინგებზე დასწრების, შედეგებისა და შესაბამისად, ინფორმაცია მიღებული კრედიტების შესახებ. აუდიტის ჯგუფმა ჩაატარა ინტერვიუები აუდიტის ობიექტების წარმომადგენლებთან და 115 მასწავლებლის გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.

აუდიტის შედეგად გამოვლენილი  ნაკლოვანებები:

1) მასწავლებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მინიმალური საგამოცდო ბარიერი − 30%,2 მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა საერთაშორისო პრაქტიკას, რომლის მიხედვით, ეს მაჩვენებელი საშუალოდ 70%-ია. 2017-2019 წლებში გამოცდაზე საგნობრივი მიმართულებით მინიმალური შედეგი აჩვენა მასწავლებლების საშუალოდ 25%-მა, ხოლო პროფესიული უნარების მიმართულებით − 27%-მა. სქემით განსაზღვრული მაქსიმალური შედეგი კი (60% და უფრო მაღალი), ერთდროულად როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული უნარების გამოცდაში, მასწავლებლების მხოლოდ 1,5%-მა დააფიქსირა. 2020 წლიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი საგნობრივი გამოცდის შემთხვევაში გაიზარდა 50%-მდე.

2) სქემის ფარგლებში, 2020 წლიდან პროფესიული უნარების დამადასტურებელ გამოცდაში გადასალახი მინიმალური ზღვარი არ არის განსაზღვრული. ამასთანავე, მიუხედავად მასწავლებლების მიერ გამოცდაზე მიღებული დაბალი შედეგებისა, იზრდება იმ მასწავლებლების რიცხვი, რომლებმაც მომდევნო კარიერულ საფეხურზე გადაინაცვლეს.

3) 2020 წლიდან უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის განისაზღვრა ტრენინგების გასავლელად სავალდებულო საათების რაოდენობა, თუმცა არ არის იდენტიფიცირებული დარგებისა და კარიერული საფეხურების მიხედვით სავალდებულო და არჩევითი ტრენინგმოდულები, ასევე არ არის შემუშავებული მასწავლებელთა გადამზადების ეტაპობრივი და თანმიმდევრული გეგმა. 2017-2019 წლებში ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული მასწავლებლების 1/3-ს. არსებული რესურსის პირობებში შესაძლებელი იყო 5 წლის განმავლობაში ორი პრიორიტეტული მიმართულებით მასწავლებელთა სრული კონტინგენტის გადამზადება, რაც ხელს შეუწყობდა ფინანსური რესურსის პროდუქტიულ ხარჯვას.

4) სქემით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად არ არის შემუშავებული სისტემატიზებული დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც დეტალურად გაიწერებოდა კონკრეტული ღონისძიებები, მისაღწევი შედეგები, ვადები და საჭირო რესურსები. არსებული ინდიკატორები სრულად ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნების შესრულების შეფასებას

5) საპენსიო ასაკს მიღწეულ მასწავლებლებს, რომლებმაც 2019 წელს ვერ გადაინაცვლეს მომდევნო კარიერულ საფეხურზე შესაბამისი აქტივობების განხორციელების გზით და უნდა შეეწყვიტათ პედაგოგიური საქმიანობა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მიეცათ საშუალება მიეღოთ სახელმწიფო ფულადი ჯილდო სისტემიდან გასვლის სანაცვლოდ. ამ მიზნით, 2019-2020 სასწავლო წლებში, სამინისტრომ გახარჯა 75.5 მლნ ლარი. 2-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, ზემოხსენებულ მასწავლებლებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა განაგრძონ პედაგოგიური საქმიანობა დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში. სამინისტროს და ცენტრს არ აქვთ შემუშავებული სამოქმედო გეგმა სისტემიდან გასული მასწავლებლების ახალი კვალიფიციური კადრებით ჩასანაცვლებლად, რაც არსებული მექანიზმების პირობებში ზრდის პროცესის არაეფექტიანად წარმართვის რისკებს.

6) აუდიტის პერიოდში ცენტრის მიერ სათანადოდ არ იყო შესწავლილი და შეფასებული, პროფესიული განვითარების მიზნით მასწავლებელთა მხრიდან განხორციელებული აქტივობების შესრულების შედეგები. მოცემულ პერიოდში მასწავლებლების უმრავლესობა ვერ ასრულებდა სქემით განსაზღვრულ როგორც სავალდებულო, ასევე დამატებითი სამუშაოების 40%-ს. გამოვლენილ გარემოებებსა და ნაკლოვანებებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესება.

რეკომენდაციები − სამინისტროს და ცენტრს:

რეკომენდაცია N1 მასწავლებლის კვალიფიკაციის დადასტურების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ყველა საფეხურზე მკაფიოდ გაიწეროს პედაგოგის მიერ პროფესიული უნარების გამოცდის ფარგლებში, კომპეტენციის დამადასტურებელი მინიმალური ზღვარი.

რეკომენდაცია N2 მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების და ტრენინგებზე მიმართული ფინანსური რესურსის პროდუქტიულად ხარჯვის მიზნით:

მასწავლებლის სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით, ტრენინგების გასავლელად სქემით დადგენილი წლიური სავალდებულო საათების ფარგლებში, შეფასდეს და შესაბამისად გაიწეროს ცალკეული დარგისა და კარიერული საფეხურის მიხედვით სავალდებულო და არჩევითი ტრენინგმოდულები;

განისაზღვროს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს თანამიმდევრულად, პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით, კონკრეტულ ვადებში მასწავლებელთა სრული კონტინგენტის გადამზადებას.

რეკომენდაცია N3 სქემით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად:

მიზანშეწონილია შემუშავდეს სისტემატიზებული დოკუმენტი, სადაც განსაზღვრული იქნება მათი მიღწევის კონკრეტული მექანიზმები, საჭირო რესურსები და შესაბამისი შეფასების ინდიკატორები;

ცვლილების საფუძველზე ახალი მექანიზმების დანერგვისას, უზრუნველყოფილ იქნეს მათი სქემის მიზნებთან შესაბამისობა.

რეკომენდაცია N4 სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ფინანსური სახსრების ეფექტიანი და პროდუქტიული ხარჯვის პრინციპების გათვალისწინებით, შემუშავდეს ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სისტემაში მხოლოდ იმ კადრების შენარჩუნებას, რომლებიც აკმაყოფილებენ დადგენილ მოთხოვნებს და ხელს შეუწყობენ კვალიფიციური კადრების მოზიდვას.

რეკომენდაცია N5 სამინისტრომ, სისტემაში შემავალ ერთეულებთან კოორდინაციით შეაფასოს:

რამდენად უწყობს ხელს არსებული სქემა სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას სკოლებში და შედეგად, დაგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები.

რამდენად უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მასწავლებელთა მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროფესიული განვითარების პროცესს და დანერგოს შესაბამისი მონიტორინგის მექანიზმები.

ამავე თემაზე:

„ჩვენ ვართ კრიტიკული მეგობრები“ – რა რეკომენდაციებით მიმართავენ სქემის ცვლილებებზე მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელს

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემა და მასთან დაკავშირებული საკითხები მარტივ ენაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური