GE

აბიტურიენტთა ისტორიის ტესტის საკითხების შერჩევის ფორმა – როგორ ვიმეცადინოთ დაზეპირების გარეშე

„ჩვენ კითხვებს ჩვენ თვითონ ვქმნით. ყველა დავალება არის ორიგინალური, რომელსაც ქმნის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი და კონკრეტულად ისტორიის ჯგუფი“, – ასე უპასუხა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ისტორიის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელმა, მანანა ჯავახიშვილმა აბიტურიენტის კითხვას, რომელსაც აინტერესებდა, საგამოცდო ტესტებში, კონკრეტული გამომცემლობის მიერ დაბეჭდილ ისტორიის სახელმძღვანელოში შეტანილი საკითხებიც თუ იქნებოდა.

მანანა ჯავახიშვილი აბიტურიენტების შეკითხვებს 24 მარტს პასუხობდა, „ნაეკის“ მიერ 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მსურველთათვის გამართული ონლაინ ღია კარის დღის ფარგლებში.

„არის ერთერთი გამომცემელი, რომელსაც აქვს XI-XII კლასის ისტორიის სახელმძღვანელოები. ეს არის უბრალოდ სახელმძღვანელოები. ჩვენ ვქმნით ჩვენს ორიგინალურ დავალებებს. უბრალოდ, ჩვენ არ ვცდებით ამ სახელმძღვანელოებში მოცემული ფაქტობრივი მასალის სიღრმეს. რა თქმა უნდა, ესა თუ ის საკითხი, რომელიც თქვენ შეგხვდებათ, იქნება ასევე „დიოგენეს“ გამომცემლობის სახელმძღვანელოში, მაგრამ ჩვენ სახელმძღვანელოებიდან ტესტებს არ ვქმნით“, – თქვა ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელმა.

აბიტურიენტებმა, დაზუსტების შემდეგ ისევ იკითხეს, არის დეტალები, რომელიც მაგალითად „დიოგენეს“ გამოცემულ წიგნშია შეტანილი, მაგრამ „სულაკაურში“ – არა და დაინტერესდნენ, გამოცდაზე აუცილებლად ორივე მათგანი თუ იქნება გამოყენებული, რაზეც ჯავახიშვილმა უპასუხა, რომ „წუხილი ამ საკითხის გამო უსაგნოა“.

„ჩვენ ვითვალისწინებთ ორივე სახელმძღვანელოში მოცემულ ფაქტობრივ მასალას. თუ კონკრეტული საკითხი არ არის „დიოგენეში“, მაგრამ არის სულაკაურში, ის არ იქნება შეტანილი საგამოცდო პროგრამაში. შეიძლება იყოს გამონაკლისის სახით, მაგრამ ძალიან იშვიათად ხდება ასეთი რამ, რომ საკითხი იყოს საგამოცდო  პროგრამაში შეტანილი და ერთ სახელმძღვანელოში იყოს და მეორეში – არა. თუ იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ იქნება ძალიან მიზერული დოზით, მხოლოდ ამ ფაქტის შესახებ ცნობა – როდის მოხდა და რა იყო ეს, მაგრამ სიღრმე მას არ ექნება. ყველა სახელმძღვანელოში არის ჩვენს პროგრამაში დაფიქსირებული საკითხები. ამიტომ, წუხილი საკითხებთან და პროგრამასთან დაკავშირებით, უსაგნოა და არ მინდა, მან თქვენი ყურადღება ასე მიიპყროს და ამან ისე გაგიტაცოთ, რომ დაგავიწყდეთ მთავარი საქმე. ისწავლეთ ის, რაც მოცემულია პროგრამაში, რაც მოცემულია სახელმძღვანელოებში“, – ამბობს მანანა ჯავახიშვილი.

ისტორიის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ გამოცდისთვის მეცადინეობა არ უნდა იყოს მხოლოდ სახელმძღვანელოთი და აბიტურიენტებს ურჩევს, ისტორიული წიგნები იკითხონ, ისტორიულ ფილმებს უყურონ.

„გააკეთეთ ტესტები, ივარჯიშეთ, განვითარდით, გარეშე წიგნები და ლიტერატურაც წაიკითხეთ. არ არის აუცილებელი, რომ მიეჯაჭვოთ სახელმძღვანელოებს. ჩემი ზოგადი რეკომენდაციები იქნება, თვალსაწიერის, ჰორიზონტის გასაფართოებლად, წაიკითხოთ თუნდაც მხატვრული ლიტერატურა, ისტორიული რომანი, ისტორიული მოთხრობები. ასევე – უყუროთ ისტორიულ ფილმებს, შეადაროთ იმ ინფორმაციას, რაც თქვენს სახელმძღვანელოებშია და ეს უფრო სახალისო და საინტერესო მგონია, ვიდრე გარკვეულ საკითხებზე ფოკუსირება, რომელიც თქვენი პრობლემა არ არის და ეს ჩვენი გადასაწყვეტია“, – ამბობს ისტორიკოსი, რომელიც აბიტურიენტებს ურჩევს, არ ჩაიციკლონ სახელმძღვანელოებზე, რადგან ფიქრობს, რომ მაღალი ქულის მიღებისთვის წიგნის არჩევანი კი არ არის გადამწყვეტი, არამედ მათი სიბეჯითე, მოტივაცია და  უნარები.

კიდევ ერთი ინფორმაცია, რაც „ნაეკის“ თანამშრომელმა იმ აბიტურიენტებს მიაწოდა სასწავლო პროგრამის სწავლის სტილს ეხება. ჯავახიშვილი თარიღების დაზეპირებას არ ემხრობა და განმარტავს თუ რა იქნება გამოცდების ცენტრის მიზანი აბიტურიენტების ნაშრომების შემოწმებისას. ვინც 2022 წლის ეროვნულ გამოცდებზე ისტორიის ჩაბარებას აპირებს, უნდა იცოდეს, რომ არავინ მოსთხოვთ, ზეპირად იცოდნენ ისტორიული თარიღები და მთავარი ამ გამოცდაზე აზროვნებაა.

„ჩვენ ყველანაირად ვითვალისწინებთ თქვენს ინტერესებს, იმ მოცემულობას, რომელიც არის დღესდღეობით. სახელმძღვანელოები საკმაოდ დატვირთულია. ამიტომაც, ტესტური დავალებები არ არის ფოკუსირებული ფაქტობრივი მასალის ცოდნაზე და კონკრეტული თარიღების დაზეპირებაზე. ჩვენი მიზანია, შეგიმოწმოთ ის კოგნიტური უნარები, რომელიც გამოგადგებათ სწავლის და საერთოდ, ცხოვრების მანძილზე. ასევე – მოვლენების გააზრება, ერთმანეთთან დაკავშირება, მიზეზ-შედეგობრიობის დაჭერა, კრიტიკული აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა, შეფასების უნარი, საკუთარი აზრის გამოხატვის უნარი და აზროვნება. იმისათვის, რომ თქვენ განაგრძოთ სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში, ნამდვილად გჭირდებათ ეს უნარები. ამიტომ, ჩვენ მინიმალურად ვამოწმებთ ისტორიის ტესტში დაზეპირებულ ფაქტობრივ მასალას – როდის მოხდა ესა თუ ის ბრძოლა, როდის გამეფდა ესა თუ ის მმართველი… ისეთი მასალა, რომელიც მხოლოდ მეხსიერების ვარჯიშზეა ორიენტირებული და არა აზროვნებაზე, ჩვენს ინტერესში არ არის. ჩვენი ინტერესია, გამოვყოთ მომავალი სტუდენტები, რომლებსაც შეეძლებათ ინფორმაციის გადახარშვა და გააზრება.

„მოგეხსენებათ, დღეს არის ისეთი სამყარო, რომ მოედინება ზღვა ინფორმაცია და ტექნოლოგიური საშუალებებით ჩვენ გავქვს შესაძლებლობა კი არ დავიზეპიროთ, ინტერნეტში მოვიძიოთ რაღაც. თქვენთვის მთავარია, ამ ზღვამ, რომელიც მოედინება და უნდა რომ წაგვლეკოს, ეს ვერ მოახერხოს და თქვენ შეძლოთ ამ მასალის დამუშავება, გადარჩევა… “, – უთხრა აბიტურიენტებს მანანა ჯავახიშვილმა და დასძინა, რომ ის ვერ ურჩევს აბიტურიენტებს რომელი სახელმძღვანელოებით იმეცადინონ, თუმცა დარწმუნებულია, რომ ერთი წიგნიც საკმარისია ტესტზე მუშაობისას ამომწურავი პასუხებისთვის. ის მიიჩნევს, რომ მაღალი ქულების მიღებისთვის მნიშვნელოვანია არა წიგნის შერჩევა, არამედ აბიტურიენტის ცოდნა.

ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელმა, 2022 წლის აბიტურიენტებთან საუბრისას ისტორიის საგანზე სასკოლო მუშაობის საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ ხშირად სკოლაში ყურადღებას არ აქცევენ რუკებს და ასევე სახელმძღვანელოებში შეტანილ ვიზუალურ მასალას, რაც მოსწავლეებს შრომას გაუადვილებდა.

„სამწუხარო ამბავია, რომ ნაკლები ყურადღება ექცევა სასკოლო მუშაობის დროს ისტორიულ რუკაზე და სხვა ვიზუალურ მასალაზე მუშაობას. მიუხედავად იმისა, რომ თქვენს სახელმძღვანელოებში უხვდ არის ჩადებული ილუსტრაციები, რუკები, ისტორიული პიროვნებების გამოსახულებები, პორტრეტები, ფოტოები, ბრძოლის სქემები. ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ როდესაც თქვენ სახელმძღვანელოსთან მუშაობთ, ნუ ჩათვლით, რომ მხოლოდ ტექსტი უნდა წაიკითხოთ და ეს საკმარისი იქნება. პირიქით, ეს თვალსაჩინოება, რომელიც მოცემულია ვიზუალური მასალის სახით, ძალიან სახალისოს გახდის და გაგიადვილებთ შრომას, თვალნათლივ წარმოიდგენთ და ფანტაზიის გავარჯიშებაც არ გინდათ. ნუ ჩათვლით, რომ ეს მარგინალურია, არ არის მნიშვნელოვანი და მთავარია, ტექსტი ვისწავლოთ და დავიზეპიროთ“, – ურჩია მანანა ჯავახიშვილმა აბიტურიენტებს.

ასევე იხილეთ:

„სამწუხაროა, რომ ამოცანები დამტკიცებაზე, რომელიც ადამიანს ანალიზისა და მსჯელობის უნარს უვითარებს, სკოლაში არ ისწავლება“

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური