GE

ალტე უნივერსიტეტს სტენფორდის პროფესორი და ანტრეპრენერი ბრეტ ვოტერსი ეწვია

ალტე უნივერსიტეტში სტენფორდის პროფესორი და ანტრეპრენერი, ბრეტ ვოტერსი იმყოფებოდა. შეხვედრას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის დეკანები, პროფესორები და ლექტორები ესწრებოდნენ.

ალტე უნივერსიტეტის მიერ 18 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა კამპუს ტური, სადაც სტუმარს ჰქონდა შესაძლებლობა, უნივერსიტეტის თანამედროვე და ინოვაციური სივრცეები, მათ შორის, ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი დაეთვალიერებინა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამაგიდო დისკუსიაც, რომლის მთავარი თემა სამეწარმეო ეკოსისტემა და სტარტაპების განვითარება იყო. ბრეტ ვოტერსმა ლექტორებსა და პროფესორებს სტარტაპების შექმნისა და განვითარების შესახებ გამოცდილება გაუზიარა. მან დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეუძლია უნივერსიტეტს, მხარი დაუჭიროს ინოვაციურ იდეებს, ხელი შეუწყოს სტუდენტებში ანტრეპრენერული უნარების ჩამოყალიბებას, იდეების განვითარებასა და მათ რეალობად ქცევას.

დისკუსიის ძირითადი ფოკუსები:

  • აკადემიური წრეები და სტარტაპები;
  • ინკუბატორები;
  • ინდუსტრიული პარტნიორობა;
  • დაფინანსების ეკოსისტემა – ვენჩურული კაპიტალი, ანგელოზი ინვესტორები და კორპორატიული ვენჩურული კაპიტალი;
  • კორპორატიული და Start-up თანამშრომლობა;
  • ბაზარზე წვდომა და მასშტაბირება;
  • რისკი და მათი დაზღვევა;
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ჩართულ მხარეებთნ თანამშრომლობა;
  • გლობალური vs. ადგილობრივი ფოკუსი;
  • წარუმატებლობა როგორც გამოწვევა: fail fast to start over.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორმატები, რაც გააძლიერებს ალტე უნივერსიტეტის როლს სამეწარმეო ეკოსისტემაში და შეუწყობს ხელს ცოდნის გავრცელებასა და სტუდენტური ინოვაციური ინიციატივების მხარდაჭერას.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური