GE

ავარიულობის მიზეზით სწავლის შეწყვეტის შემდეგ, 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა აქცია გამართეს

18 სექტემბრიდან თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში გაკვეთილები აღარ ჩატარდება და ამის თაობაზე მოსწავლეების მშობლებისთვის 17 სექტემბრის ღამით გახდა ცნობილი.

დღეს დილიდან, 21-ე საჯარო სკოლასთან, (ყოფილი მე-6 „გერმანული სკოლა“), სადაც 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებიდან 2 დღეში სასწავლო პროცესი შეჩერდა, მოსწავლეების, მშობლების და მასწავლებლების აქცია მიმდინარეობს. როგორც სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები აცხადებენ, გუშინ, საღამოს საათებში, მიიღეს შეტყობინება, რომ დღეიდან, 18 სექტემბრიდან სწავლა უნდა შეჩერებულიყო, მიზეზად კი სკოლის შენობის ავარიულობა დასახელდა.

სასკოლო საზოგადოებას შესაბამისი სამსახურის დასკვნა სკოლის მდგომარეობის შესახებ არ უნახავს და მშობლებმა ამ ეტაპზე ზუსტად არ იციან, შენობას დასჭირდება დემონტაჟი, ჩატარდება რეაბილიტაცია, თუ უბრალოდ სარემონტო სამუშაოებია დაგეგმილი, ყველაფერი კი მას შემდეგ გაირკვევა, რაც შენობაში მიმდინარე სამეურვეო საბჭოს სხდომა დასრულდება. სასკოლო საზოგადოებისთვის ასევე უცნობია, რა რეჟიმში გააგრძელებენ სწავლა-სწავლების პროცესს – იქნება ეს ონლაინ სწავლება, თუ სხვა სკოლაში, მეორე ცვლაში მოუწევთ სიარული.

როგორც აქციაზე მყოფმა, 21-ე საჯარო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა, მანანა ონიანმა EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას განაცხადა, სკოლის შენობას 2023 წელს ჩაუტარდა სამხარაულის ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიხედვითაც, შენობა ავარიული არ არის. აქედან გამომდინარე მშობლისთვის გაუგებარია, რა გახდა მიზეზი სასწავლო პროცესის მოულოდნელად შეჩერების:

„მოწმენდილ ცაზე, წუხელ შეგვატყობინეს. თვითონ მასწავლებლებმაც არ იცოდნენ. ამ წუთებში მიმდინარეობს სამეურვეო საბჭოს სხდომა და ველოდებით გადაწყვეტილებას, ველოდებით დასკვნას. თუ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა არის გაყალბებული, გვინდა მოვითხოვოთ ალტერნატიული ექსპერტიზა. თუ მართლა ავარიულია, ჩვენ გიჟები კი არ ვართ… შოკი გვაქვს ყველას“.

სწავლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა აქციის კიდევ ერთი მონაწილის, 21-ე საჯარო სკოლის გეოგრაფიის წამყვანი მასწავლებლის, მარიამ ხიდეშელისთვისაც. როგორც პედაგოგმა გვითხრა, სკოლა რამდენიმე წელია ითხოვდა რემონტს, თუმცა პასუხად იღებდნენ, რომ მათთან რემონტი ჯერ არ იგეგმებოდა. მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში არ არის გამორიცხული, რომ პედკოლექტივი დაიშალოს, რადგან სკოლის ყველა მასწავლებელი როგორც დაბალ, ისე მაღალ კლასებში ასწავლის და აქედან გამომდინარე, სხვა სკოლაში გადაყვანის შემთხვევაში, გადაწყობა ფიზიკურად ვერ მოხდება.

„ჩვენს სკოლას ცოტა სხვა სპეციფიკა აქვს – მაგალითად, 1-ელ კლასში რომ შედის მასწავლებელი, ის მე-11-შიც შედის. აქედან გამომდინარე, ასე მარტივად, უხეშად საფეხურების გაყოფა ვერ მოხდება და ყველაფერი ირევა – ვიღაც იძულებული იქნება და წავა. ჩვენ ვეფერებით ამ სკოლას. თუკი ვინმეს რამე შემხებლობა ჰქონია, ყველამ იცის, რომ ეს არ არის მხოლოდ სკოლა, ეს არის ბრენდი…

მას შემდეგ, რაც გაირკვევა, დემონტაჟია დაგეგმილი, თუ რემონტი და რას შემოგვთავაზებენ, იქიდან გამომდინარე იქნება ჩვენი რეაგირებაც. გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ეს სკოლა ზუსტად ისეთი, როგორიც არის“, – აცხადებს მასწავლებელი.

ალტერნატიულ შენობაში სწავლის გაგრძელებაა შექმნილ ვითარებში გამოსავალი ნინო სირაძისთვის. როგორც მშობელმა EDU.ARIS.GE-ს უთხრა, სწავლების ონლაინ რეჟიმზე, ან სხვა სკოლის შენობაში გადასვლა არ სურთ.

„მივიღეთ შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, განათლების სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით შენობა სარეაბილიტაციოა. 2 წლის წინ, ამ სკოლამ გაიარა ავტორიზაცია. აქ სარეაბილიტაციო არაფერი იყო. 2 წლის შემდეგ რა მოხდა ისეთი, რომ სკოლა გახდა დასანგრევი?! მაშინ არ იყო საშიში და ახლა გახდა?!

ამ სკოლაში არის საგნობრივი სწავლა. ამ ეტაპზე ჩვენ გვინდა, რომ გამოგვიყონ ალტერნატიული ფართი, სადაც გადავა ყველა მოსწავლე პედკოლექტივთან ერთად. შევალთ დროებით, ვისწავლით და შემდეგ დავბრუნდებით ჩვენს სკოლაში“, – აღნიშნა მშობელმა.

განახლება:

სკოლაში გამართული შეხვედრის შემდეგ მშობლებმა დაზუსტებული ინფორმაცია ისევ ვერ მიიღეს. ერთადერთი, რაც მათ განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა განუმარტა, ის არის, რომ სკოლასთან დაკავშირებულ დასკვნაში ავარიულობა არ წერია, დოკუმენტს კი მშობლები მხოლოდ მას შემდეგ გაეცნობიან, რაც სამინისტრო დასკვნას სკოლას გადაუგზავნის.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის პასუხი 21-ე სკოლის შესახებ ასეთია:

„თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით სამინისტროში ექსპერტიზის დასკვნა ოფიციალურად 17 სექტემბერს შემოვიდა და ჩვენ მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც იყო ერთადერთი და უალტერნატივო ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ. თბილისის 21-ე საჯარო სკოლის შენობის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შენობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, იქ სასწავლო პროცესის გაგრძელება უსაფრთხოების თვალსაზრისით დაუშვებელია.

მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მივიღეთ გადაწყვეტილება, სასწავლო პროცესი დროებით გაგრძელდეს ალტერნატიულ საგანმანათლებლო სივრცეში. სწავლა არ შეწყდება და მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ალტერნატიული, უსაფრთხო სასწავლო გარემო. მშობლებსა და სკოლის თანამშრომლებს სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებული კონკრეტული ინფორმაცია უმოკლეს ვადაში მიეწოდებათ.

პარალელურად, დაიწყება ყველა აუცილებელი პროცედურა თბილისის №21 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურული პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური, ინტენსიური კომუნიკაცია და კოორდინაცია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. შენობასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შესაბამისი სპეციალისტების დასკვნებისა და ტექნიკური შეფასებების საფუძველზე იქნება მიღებული”.

ასევე იხილეთ: 

„არ გვაქვს ილუზია, რომ წელს დავასრულებთ ყველა სკოლას – დავაჩქარებთ და მივიღებთ ისევ უხარისხოს“

მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური