„არ მიმაჩნია სწორად, მასწავლებლის სტატუსის დანამატი იმაზე მეტი იყოს, ვიდრე მათი ძირითადი სამუშაო პროცესია“ – ვინ როგორ გაიგო მინისტრის განცხადებები
„უფროსი მასწავლებლის ხსენება აიკრძალა? მარტო წამყვანებისა და მენტორების დანამატს რომ განიხილავს მინისტრი?“, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა ერთ-ერთი მასწავლებელი განათლების მინისტრ გიორგი ამილახვარის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ წამყვანი და მენტორი მასწავლებლები ინარჩუნებენ სტატუსებს და, რა თქმა უნდა, რჩება სტატუსის დანამატიც”.
მასწავლებელტა სტატუსების მიხედვით სახელფასო დანამატებზე გაკეთებულ განცხადებებში განათლების მინისტრი უფროს მასწავლებელზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ “მასწავლებელთა სტატუსის დანამატებზე სამსჯელო აქვთ”, რადგან მისი შეფასებით, დანამატი პედაგოგის სამუშაოს უნდა შეესაბამებოდეს და ამ შემთხვევაშიც ფორმულას მოერგოს.
“კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ წამყვანი და მენტორი მასწავლებლები ინარჩუნებენ სტატუსებს. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს იდეურად და მათ გარკვეული ფუნქციები უნდა შეითავსონ. ის სტატუსის დანამატი, რომელიც განსაზღვრული იყო, რა თქმა უნდა, უნდა არსებობდეს ცალკე, იმ ძირითადი საათობრივი დატვირთვისგან დამატებით, მაგრამ აქ, ალბათ, ყველას ერთად გვექნება სამუშაო იმ ფორმულაზე, ვინაიდან მე არ მიმჩნია სწორად, რომ ეს დანამატი იყოს იმაზე მეტი რიგ შემთხვევებში, ვიდრე ეს არის მათი ძირითადი სამუშაო პროცესი, რომელსაც დღეს საბაზო ხელფასი ჰქვია. ჩვენ ამას ვარქმევთ მასწავლებლის ხელფასს”, – თქვა 13 დეკემბერს გიორგი ამილახვარმა.
განათლების მინისტრისგან ვიგებთ, რომ იარსებებს ცალკე ფუნქციური სტატუსის დანამატი, რომლის ოდენობის განსაზღვრაც მსჯელობას საჭიროებს.
“სტატუსების მოპოვების გაუმჯობესებული სისტემა უნდა შევქმნათ. კარიერული წინსვლის მექანიზმები უნდა არსებობდეს და დარჩება კიდეც. ჩვენ გავაგრძელებთ ე.წ. სქემის გაუმჯობესებაზე მუშაობას პროფკავშირებისა და სასკოლო საზოგადოების ფართო ჩართულობით. სტატუსები რჩება და ასევე იარსებებს ცალკე ფუნქციური სტატუსის დანამატი, რომელზეც ჩვენ სამსჯელო გვაქვს რამდენი უნდა იყოს, როგორი უნდა იყოს. ეს უნდა იყოს სამართლიანი და ბუნებრივია, სტატუსების მიხედვით განსხვავებული”, – განაცხადა განათლების მინისტრმა.
ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში მინისტრის საუბარს სიცხადეს უწუნებს და თვლის, რომ სისტემა უფროს მასწავლებელს უკვე ამრეზით უყურებს:
“მინისტრი ბუნდოვნად საუბრობს ფიქსირებულ დანამატზე, რაც არ იქნება მიბმული საათობრივ დატვირთვაზე და აღნიშნავს, რომ ამ დანამატს წამყვანი და მენტორი მასწავლებლები მიიღებენ. ამ გამცხადებამ უფროსი მასწავლებლების ვნებათაღელვა გამოიწვია, რადგან, როგორც ჩანს, მათი პოზიცია სქემაში აღარ განიხილება. ისიც ბუნდოვანია, რა დამსახურებისათვის გაიცემა “ფიქსირებული დანამატი” და რას გამოიწვევს – პედაგოგებს შორის ჯანსაღ კონკურენციას თუ ინტრიგებსა და დაპირისპირებებს, რაც, სამწუხაროდ, დღესაც არ აკლია სისტემას”.
“გასაგებად რომ ეთქვათ, ვის რამდენი ემატება და რატომ, არ შეიძლებოდა?”, – ეს კითხვა მრავალგზის გაჟღერდა მინისტრის პრეზენტაციის ამონარიდთან მიმართებით, რომელიც მან საზოგადოებას შესთავაზა და რომელსაც მასწავლებლებმა “შენ დაგებნეს გზა კვალიო” შეარქვეს.
პედაგოგები გვიხსნიან, რომ მათთვის ერთგვარ რებუსად იქცა გიორგი ამილახვარის მრავალგვარი, კონკრეტიკას მოკლებული ინფორმაციები, რომლებითაც, მათი თქმით, მასწავლებელთა რეაქციებს ამოწმებენ, რაც მიუღებელია.
“ინფორმაციული დეფიციტის განცდა მაქვს. ფაზლი რომ უნდა ააწყო და ფიგურები აკლია, უფრო მასეთია. ზოგადი ინფორმაციით შემოიფარგლნენ და თითქოს გვაკლდა საფიქრალი, ახალი დაგვიმატეს. ზოგი ამბობს, რომ მენტორებს მეტი მოემატება საბაზო, ზოგმა პირიქით გაიგო – ვისაც ნაკლები საათი ექნება და დეფიციტური საგანია, იმას მეტს მოუმატებენო. რეალურად რას იზამენ, არავინ იცის.
“ვფიქრობ, წამყვანსა და მენტორს აღარ მოუმატებენ დანამატს და რაც არის ფუნქციები გაწერილი, იმას მეტად გააკონტროლებენ. მექანიზმს შემოიღებენ, რათა დაადგინონ, რამდენად ვასრულებთ, რაც გვიწერია. თუნდაც იმ საერთაშორისო პროექტებში ვიღებთ თუ არა მონაწილეობას, ვართ თუ არა მასწავლებლებისთვის ე.წ. კრიტიკული მეგობრები და გვაქვს თუ არა დამხმარე ფუნქცია. მეტი დეტალიზება იქნება იმისა, რაც დღეს არის გაწერილი, მაგრამ არავინ ამოწმებს რეალურად. ხარისხის ჯგუფი მხოლოდ გაკვეთილებს ესწრება და შეიძლება, მასწავლებელმა გაკვეთილი ჩაატაროს, მაგრამ იმის იქით არაფერი გააკეთოს”, – უთხრა 18 დეკემბერს EDU.ARIS.GE-ს ინგლისურის მასწავლებელმა თამარ ცანავამ, რომელიც წამყვანი მასწავლებელია 18-საათიანი დატვირთვით მუშაობს და სტატუსის დანამატს სრულად იღებს (დარიცხული 1175 ლარიდან ხელზე ასაღებ 921 ლარს).
განათლების მინისტრის მიერ მხოლოდ წამყვანისა და მენტორის დანამატებზე აქცენტის გაკეთებამ მასწავლებლების ნაწილს ის განცდაც გაუჩინა, რომ არ არის გამორიცხული, უფროსი მასწავლებლის სტატუსი გაუქმდეს. ნაწილი კი ამბობს, რომ მინისტრმა სხვა რამ იგულისხმა: “არაფერი უქმდება, უფროსი მასწავლებლის დანამატი იქნება საათებზე მიბმული, მენტორსა და წამყვანს კი სრულად მიეცემა”… უფროსის დანამატის საათებზე მიბმა კი სისტემაში ბევრი უფროსი მასწავლებლის არსებობით ახსნეს.
პედაგოგებს შორის გაჩნდა კიდევ ერთი მოსაზრება, რომელიც ოდნავ განსხვავებულად, მაგრამ მაინც არაერთმა მასწავლებელმა გაიზიარა: “წამყვანისა და მენტორის დანამატი იმიტომ არის ცალკე, რომ წამყვანებსა და მენტორებს აქვთ ვალდებულებები, ფუნქციები. მათი მუშაობის შესამოწმებლად, ჩატარდება მონიტორინგი. არ შესრულების გამო კი, შეიძლება, დანამატი არ მიეცეთ დროებით, შეუსრულებობისთვის. ხელფასზე რომ იყოს მიბმული, მაშინ ვერ მოაცლიან თანხას. უფროსის დანამატი კი მიბმულია ხელფასზე…
გიორგი ამილახვარის მიერ მენტორისა და წამყვანის შესახებ გაკეთებული განცხადების კვალდაკვალ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ გვერდზე (ალბათ უფროსი მასწავლებლების დასამშვიდებლად ავტ,), ასეთი ინფოგრაფიკა გამოქვეყნდა:
აქ დატანილი ინფორმაციაც სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი გახდა, თუმცა საბოლოოდ, პედაგოგებმა ასეთი დასკვნები გააკეთეს:
– “რა არის გაუგებარი, საბაზო ხელფასი ყველას ემატება, მაგრამ წამყვან-მენტორები დანამატს ყველა შემთხვევაში სრულად მიიღებენ. ამ უპირატესობით უფროსი ვერ ისარგებლებს, სამწუხაროდ. ის, 15 საათზე ნაკლები დატვირთვისას, შესაბამის, ანუ საათების პროპორციულ დანამატს აიღებს”.
– “ფიქსირებული დანამატი იქნება მიბმული წამყვან/მენტორის დამატებით ფუნქციაზე. კონკრეტულად რას გააკეთებს ღირებულს, საგაკვეთილო პროცესის ზევით… ასე იქნება. ახლა ფიქრობენ, რა კოეფიციენტებს განსაზღვრავენ”.
როდის დასრულდება მასწავლებელთა “მარჩიელობა”, როგორც ეს თავად უწოდეს და რა ვადაში დაასრულებს სამინისტრო სახელფასო თუ სტატუსის ფორმულებზე მუშაობას, გიორგი ამილახვარს არ დაუკონკრეტებია. დაპირების თანახმად, მასწავლებელთა ანაზღაურება ახალი პრინციპით ივლისში უნდა გაიცეს.
სტატუსიან მასწავლებელთა სახელფასო დანამატის შესახებ ბოლო ცვლილება კანონში გასული წლის 30 დეკემბერს შევიდა ძალაში.
ამავე თემაზე:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება