თუ „სამართლიანი სახელფასო ფორმულა“ უკვე დადგენილია, რატომ არ გამოქვეყნდა დოკუმენტი, ან როგორ დაითვალეს პედაგოგები?
განათლების მინისტრის მიერ ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის წარდგენის შემდეგ, მასწავლებლები ამბობენ, რომ მიუხედავად მინისტრის პრეზენტაციისა, გიორგი ამილახვარმა ახალ სახელფასო ფორმულაზე მათი ინტერესი ვერ დააკმაყოფილა: “მინისტრი ხომ ახალი ფორმულის წარმოდგენას დაგვპირდა? დარჩა ბევრი კითხვა და ბუნდოვანება არაერთი კუთხით”, – ამბობენ ისინი.
რა თქვა მინისტრმა ახალ სახელფასო პოლიტიკასა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების სამინისტროსეულ ხედვაზე
“ჩვენ კარგად გვესმის, რას ნიშნავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ორი პროცესი გავყოთ – ცალკე იყოს სახელფასო პოლიტიკა, რომელიც სტატუსების მიუხედავად, ყველა პედაგოგს განუსაზღვრავს ღირსეულ ანაზღაურებას და ცალკე, პარალელურ რეჟიმში ვიზრუნოთ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე. აქ ,ბუნებრივია, არავითარ გაუქმებაზე არ არის საუბარი და არც მხოლოდ განვითარებაზე. ჩვენ მზად ვართ, ღია ვართ ყველა დარგობრივ ორგანიზაციასთან ერთად დავიწყოთ აქტიური მუშაობა მასწავლებელთა სქემის გაუმჯობესებაზე ყველაზე მნიშვნელოვანია უნდა ჩავრთოთ ფართო საზოგადოება და გავაუმჯობესოთ სქემა ხელფასისგან დამოუკიდებლად”.
პრეზენტაციის თანახმად, ახალი სახელფასო ფორმულის მიხედვით, 51 090 მასწავლებლიდან სრულ განაკვეთზე მყოფ 70%-ს, მათი სტატუსის მიუხედავად, ხელფასი საშუალოდ 500 ლარითა და მეტით გაეზრდება.
როგორია ხელფასის ზრდის მაჩვენებელი ლარებში მასწავლებელთა რაოდენობის მიხედვით
8 217 მასწავლებელს ხელფასი მოემატება 400 ლარზე მეტით, 14 053 მასწავლებელს 500 ლარზე მეტით, 7 114 მასწავლებელს 600-ლარზე მეტით, 4 491 მასწავლებელს 700 ლარზე მეტით, 1 648 მასწავლებელს 800 ლარზე მეტით და 917 მასწავლებელს 900 ლარზე მეტით. არსებული წამყვანი და მენტორი მასწავლებლები ინარჩუნებენ სტატუსს და მიიღებენ ფუნქციის შესაბამის ფიქსირებულ დანამატს, რომელიც არ იქნება მიბმული საათობრივ დატვირთვაზე.
გიორგი ამილახვარი: გადავწვიტეთ, ყველას, მიუხედავად სტატუსისა, გამოგიცხადოთ ნდობა და 2024 წლის პირველი ივლისიდან, სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლის ხელფასი საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება. ხელფასების სამართლიანი მექანიზმის შემუშავების შემდეგ, უკვე უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ისეთი სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომელიც უზრუნველყოფს მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას სკოლის ბაზაზე, მათი კარიერული წინსვლის მექანიზმების დახვეწას და ამ პროცესში სასკოლო საზოგადოების როლის გაძლიერებას. დაახლოებით 51 000 სტატუსიანი მასწავლებელი გვყავს და სტატუსის მიუხედავად, მასწავლებლების 70%, რომლებიც ძირითადად სრულ განაკვეთზე არიან დასაქმებული, ხელფასი საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაეზრდებათ.
რა უთხრა მინისტრმა მასწავლებლების 30%-ს
“მასწავლებლების დანარჩენი, 30%-ის ანაზღაურების ზრდა (ესეც მინდა, ხაზგასმით ვახსენო), საათების პროპორციულად იქნება და ზრდა განხორციელდება. არცერთ პედაგოგს, ხაზგასმით ვამბობ – არცერთს, არათუ დააკლდება, არამედ ყველასთვის უზრუნველყოფილი იქნება ხელფასების ზრდა იმაზე მეტით, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო 125 -ლარიანი დანამატის სახით. ახალი პოლიტიკა შეეხება პასწავლებლებს და სპეც-მასწავლებლებს, რომელთაც დადასტურებული აქვთ საგნობრივი კვალიფიკაცია”.
მენტორი მასწავლებელი მზია კახაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში იმ მხარეებზე აკეთებს აქცენტს, რაც მისთვის, როგორც ორ სკოლაში მომუშავე და სქემით განსაზღვრული უმაღლესი სტატუსის მქონე პედაგოგისთვის, გაუგებარი დარჩა.
მზია კახაძე: “რას გულისხმობს სტატუსის ფუნქციის შესაბამისი დანამატის გამიჯვნა საათობრივი დატვირთვისგან. ანუ, საათების ოდენობის მიუხედავად, სტატუსის დანამატი გაიცემა სრულად? თუ ეს ასე არ არის, სხვა შემთხვევაში თუ იგეგმება განსხვავებული მიდგომა იმ საგნების პედაგოგების ანაზღურების წესში, ვისაც მცირე საათები აქვთ?”.
მასწავლებელი ამბობს, რომ ასევე არ თქმულა, ორ ან მეტ სკოლაში მუშაობის შემთხვევაში როგორი იქნება დანამატის ანაზღაურების წესი და აინტერესებს, იცვლება თუ არა წამყვან/მენტორების სტატუსის დანამატის ოდენობა ან ნაწილდება თუ არა ფუნქციურ და სტატუსის დანამატებად?
“თუმცა, როგორც პრეზენტაციდან ჩანს, უფროს მასწავლებელს ექნება მხოლოდ გაზრდილი საბაზო ხელფასი. დანამატი მხოლოდ წამყვანს და მენტორს, კარგი იქნებოდა, ესეც განემარტათ. თუ “სამართლიანი სახელფასო ფორმულა” უკვე დადგენილია, რატომ არ გამოქვეყნდა ოფიციალური დოკუმენტი, ხოლო თუ ფორმულა არ არის მზად, “ასე ზუსტად” როგორ დათვალეს იმ პედაგოგების რიცხვი, რომელთა ხელფასებიც, შესაბამისად, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 ლარზე მეტით გაიზრდება? როგორ დათვალეს იმ პედაგოგთა რიცხვი, რომლებიც სექტემბრიდან აიმაღლებენ სტატუსს? ანუ, ხომ არ წყდება სტატუსების ცვლილების საშუალება ისევ გაურკვეველი ვადით?”, – კითხულობს მზია კახაძე.
კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც პედაგოგს კითხვები გაუჩინა ახალი სასწავლო წლიდან მასწავლებელთა საათობრივ დატვირთვასთან არის კავშირში. მენტორისთვის გაუგებარია, ამდენი ძირეული ცვლილების მოლოდინში საიდან დაადგინეს სამინისტროში, ვინ როგორ დაიტვირთება სექტემბრიდან, – “ამის გარეშე კი როგორ არის შესაძლებელი, დადგინდეს მასწავლებლის ხელფასის ოდენობა, ან მისი ცვლილების ოდენობა?”.
მზია კახაძისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში დიფერენცირებული სწავლების კუთხით ცვლილების შინაარსობრივი მხარე განათლების სამინისტრომ მის დანერგვამდე შეისწავლოს: “რაც შეეხება დიფერენცირებული სწავლების ახალ მოდელს. აქ ბევრი რამე განსასაზღვრია, მაგალითად, ჰუმანიტარული მიმართულების სწავლების მოდელი რამდენად ითვალისწინებს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას. საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ შესაძლებელია მოზარდმა შეიცვალოს აზრი მომავალ სპეციალობასთან დაკავშირებით, ამიტომ ყველას უნდა ჰქონდეს მინიმალური ბაზა ყველა საგნობრივ დისციპლინაში”.
ორი საჯარო სკოლის მენტორი მასწავლებლის შეფასება კი ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის პრეზენტაციაზე ასეთია: “არაფერი კონკრეტული, ძალიან დაგვღალეს გაურკვევლობით და ზოგადი საუბრებით!”
ასევე იხილეთ:
რა თქვა განათლების მინისტრმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის პრეზენტაციაზე (ვიდეო)
- ვისი დასაქმება იქნება შესაძლებელი სკოლაში კონკურსის გარეშე – ჩამონათვალი განახლდა by ARIS.GE-განათლება
- „ნახეთ მეთორმეტეკლასელების ცხრილი? სრული კატასტროფა! როგორ უნდა მოასწრონ ბავშვებმა მეცადინეობა!“ by ARIS.GE-განათლება
- 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ნათია უჩავა გახდა by ARIS.GE-განათლება