GE

„არასოდეს არ მიაღებინოთ თქვენს შვილს მონაწილეობა შერლოკის ოლიმპიადაში“

საქართველოში სკოლის მოსწავლეებისთვის ოლიმპიადებს სახელმწიფოს გარდა კერძო ორგანიზაციებიც ატარებენ. მათ შორისაა „შერლოკის“ მოსწავლეთა თავისუფალი ოლიმპიადა, რომელიც ქართულ ბაზარზე იანვარში გამოჩნდა და პირველი კონკურსი მარტის თვეში ჩაატარა.

განათლების მკვლევარმა სიმონ ჯანაშიამ „შერლოკის“ მიერ ჩატარებული ინგლისური ენის ოლიმპიადის შესახებ Aris.ge-განათლებას მიმართა და პროცესით დაინტერესება სთხოვა.

„ინფორმაცია, რომ გაითვალისწინოთ, რომ არასოდეს არ მიაღებინოთ თქვენს შვილს მონაწილეობა შერლოკის ოლიმპიადაში. ვურჩევ ჟურნალისტებს ამ თემით დაინტერესდნენ. ის მაინც გაიგოს საზოგადოებამ, ვინ არიან ამ ოლიმპიადის მომწყობები, რატომ იმალებიან (sherlock.ge-ზე არც ერთი სახელი და გვარი არ წერია) და როდემდე აპირებენ ბავშვების ნერვების ხარჯზე გამდიდრებას?..

განათლების მკვლევარის თქმით, მის შვილს, ლაშა ჯანაშიას ის პრიზი არ გადასცეს, რომელიც ეკუთვნოდა. ასევე, შეცვალეს კონკურსის წესებიც:

შეცვალეს კონკურსის წესები, ნაკლები ადამიანი გავიდა პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე, ვიდრე ხდებოდა ადრე. რა თქმა უნდა, ეს აჩენს ეჭვებს. მეორე ის იყო, რომ შეცვალეს პრიზები, მას შემდეგ, რაც დასრულდა ოლიმპიადა. უფრო ნაკლები პრიზი და ნაკლები ხარისხის გასცეს, რაც ძალიან ცუდად აისახა მონაწილეებზე, მათ შორის ჩემს შვილზე, ლაშა ჯანაშიაზე. თუმცა ამის გარდა კიდევ ბევრი დაზარალებულია. ჩემი მეუღლე ესაუბრა „შერლოკის“ წარმომადგენელს, როდესაც ადგილების შეცვლა მოხდა. გვითხრეს, რომ დაგვიკავშირდნებოდნენ, მაგრამ არ დაგვიკავშირდნენ. საიტზე შეცვალეს ისინფორმაცია, რომელიც აჩვენებდა, თუ რა იყო ადრე პრიზები. ძალიან ცუდია, რომ არსად საკონტაქტო პირი არაა მითითებული. არ არის გამჭვირვალე პროცესი. ვინ ატარებს ოლიმპიადას, უცნობია. ჩემი შვილი გავიდა მესამე ადგილზე, მაშინ როდესაც უნდა გასულიყო მეორე ადგილზე. პრიზი, როგორც ამბობდნენ, ქინდლი უნდა ყოფილიყო. ძალიან უხაროდა. ბევრს კითხულობს, ძალიან ელოდებოდა, მაგრამ სულ სხვა ფუნქციის ნივთი მისცეს, -ამბობს სიმონ ჯანაშია Aris.ge-განათლებასთან.

განათლების მკვლევარის თქმით, ისე გააკეთეს, რომ რაც შეიძლება მეტი გადაეყვანათ ოლიმპიადის შემდგომ ტურებში, რომ მეტისთვის გადაეხდევინებინათ მონაწილეობის საფასური.

ბავშვი რომ გადალახავს ერთ ტურს, მეორეშიც უნდა მონაწილეობის მიღება. პირველი ტური, ამ შემთხვევაში არაადეკვატური სტანდარტების იყო. პრაქტიკულად ყველა გადადიოდა, ვინც კი მივიდოდა. საზოგადოებას ვურჩევ, მომავალ მონაწილეებს, კარგად დაფიქრდნენ. თუ ნახავენ, რომ არ არის კონკრეტული ადამიანების სახელები მითითებული, პასუხისმგებლობას არ იღებს ორგანიზაცია, რომ საზოგადოების წინაშე იქნება ანგარიშვალდებული, არ დაუდებენ ხელშეკრულებას, სადაც იქნება მითითებული კონკურსში მონაწილეობის წესები, არ მიაღებინონ შვილებს მონაწილეობა მსგავს კონკურსებში და მათი ნერვების ხარჯზე არ გაამდიდრონ სხვები“, – აცხადებს ჯანაშია.

დღევანდელი მონაცემებით, ოლიმპიადის მონაწილე ლაშა ჯანაშია  საქართველოს მასშტაბით მე-3 ადგილს იკავებს. მისი საკონკურსო ქულა კი არის 287.52.

ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლის ერთ-ერთი მშობლის დაანგარიშებით, „წესების ცვლილების შემდეგ  „შერლოკის“ წარმომადგენლებმა დაზოგეს 3600 ლარი ფულადი ჯილდო, 6 სმარტფონი და 9 პლანშეტი. რითიც სულ 31 სკოლის მოსწავლე დაიჩაგრა.“

10494802_10155686807225191_4387608528900765518_n

ორგანიზაცია კონკურსს სტუდენტებისთვისაც ატარებს. „შერლოკის“ ფეისბუქის გვერდზე რამდენიმე მათგანის განაწყენებულ კომენტარსაც გადავაწყდით:

„მინდოდა, მონაწილეობა მიმეღო თქვენს სტუდენტურ ოლიმპიადაში, მაგრამ რა გარანტია მაქვს იმის, რომ გამარჯვების შემთხვევაში თქვენ მიერ ჩამოთვლილი პრიზებიდან რომელიმეს დააფინანსებთ, მაშინ როცა სკოლის მოსწავლეები ინგლისურის, მათემატიკისა და გამჭრიახის გამარჯვებულები დღემდე ელიან თქვენს დაპირებულ პრიზებს, რომელიც სკოლის დამთავრებამდე უნდა გაგეცათ და ჯერ კიდევ არ გაგიციათ, აქედან გამომდინარე მე ყველა სტუდენტს ვურჩევ არ გადაყაროს ზედმეტი 10 ლარი და საკონტაქტო ტელეფონიც დღემდე გამორთულია. არავინ, რომ არ შეგაწუხოთ დაპირებულ პრიზებზე“.

„რა სტუდენტური ოლიმპიადა, როგორ არ გრცხვენიათ? ინგლისურის გამარჯვებული ბავშვები ჯერაც არ დაგიჯილდოებიათ. გვატყუებთ, როგორც გაიკეთეთ ტელევიზიების საშუალებით რეკლამა, ასე მოგექცევით ჩვენც და მასეთი გზებით გაგიკეთებთ ანტირეკლამას. არაორგანიზებულები ხართ! გრცხვენოდეთ ამდენი მოსწავლის და მშობლების“, – წერენ „შერლოკის“ ფეისბუქ გვერდზე სოციალური ქსელის მომხმარებლები.

Aris.ge-განათლება აღნიშნულ ბრალდებებზე საპასუხოდ „შერლოკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს რუსა ჯიქიას დაუკავშირდა. როგორც მან გვითხრა, ქულებს შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მსგავსად, სკალირებული მეთოდით ითვლიან, ეჭვი რომ არავის შეეპაროს. რაც შეეხება პრიზების გადაცემის დაგვიანებას, მისი თქმით, ყველა გამარჯვებული  პრიზებს აუცილებლად მიიღებს.

რუსა ჯიქია ჩვენ სიმონ ჯანაშიას შვილზეც გვესაუბრა:

„ინგლისურის ოლიმპიადაში დაწესებული გვქონდა 120 პრიზი. თითოეულ კატეგორიაში 12 გამარჯვებული იყო. მას შემდეგ, რაც დასრულდა ოლიმპიადა, აღმოჩნდა რომ ერთ ადგილზე 2 გამარჯვებული იყო. უნდა ჩაგვეტარებინა სუპერფინალი. მაგრამ, რახან ჩვენ მომხმარებელს არ ჰქონდა თავიდანვე ინფორმაცია ამის შესახებ, სუპერფინალი გავაუქმეთ. ამის გამო 120-ის ნაცვლად „შერლოკს“129 გამარჯვებული ჰყავს.

flaer fotoლაშა ჯანაშიამ თქვა, რომ „ქინდლს“ ველოდებოდი და სხვა რაღაცა მომიტანესო. „ქინდლი“ იყო მათემატიკის ოლიმპიადის პრიზი და ლაშა არ არის ჩვენთან მათემატიკის გამარჯვებული. ის ინგლისურის ოლიმპიადის გამარჯვებულია და გადაეცა პლანშეტური კომპიუტერი. პირველ ადგილზე გასულებისთვის გვაქვს ფულადი ჯილდო 500 ლარი, მეორე ადგილზე „სმარტფონი“ , მესამე ადგილეზე „პლანშეტური კომპიუტერი“, 9 რეგიონის გამარჯვებულისთვის მუსიკალური პლეერი. რაც შეეხება მონაწილეობის საფასურს, საორგანიზაციო ხარჯი გვაქვს 2 ლარი, ნახევარფინალის საფასური 14 ლარი. ალბათ, მხოლოდ 2 და 3 ადამიანისთვის არ გადაგვიცია პრიზი. ჩვენ გვირჩევნია, მივუტანოთ ადგილზე, რომ სკოლაში ყველამ ნახოს, რომ ეს ბავშვი არის „შერლოკის“ ოლიმპიადის გამარჯვებული. ერთდროული დაჯილდოება არ გაგვიკეთებია. გადავწყვიტეთ ყველა სკოლაში, რომლის გამარჯვებულიც გვყავდა, ჩვენ თვითონ მივსულიყავით. რაც ბევრად უფრო შრომატევადი პროცესია და დროში გაგვეწელა.

ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ხმებს რამდენიმე ადამიანი გვივრცელებს. მომხმარებელთან კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად არ არის „შერლოკის“ სუსტი მხარე. ჩვენთვის ოდნავ მაინც განაწყენებული ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანია. „შერლოკი“ ბაზარზე სრულიად განსხვავებული დამოკიდებულებებით შემოვიდა, მშობლებთანაც და ბავშვებთანაც. ჩვენთან ფეისბუქში, ინბოქსში ძალიან ბევრ ადამიანს ვცემთ პასუხს.  გამარჯვებულ 129 კაცთან რეკვაც დავიწყეთ, რომ გადაგვემოწმებინა, რაიმე არასწორად ხომ არ მოხდა მათთან მიმართებაში, ხომ ყველაფერი რიგზეა. რაც შეეხება კრიტერიუმების შეცვლის შესახებ ბრალდებას, არასწორია. სკალირების პრინციპი შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან ავიღეთ, მათი ფორმულის მიხედვით გამოგყავს სკალირებული ქულა“, -გვითხრა რუსა ჯიქიამ.

რუსა ჯიქიას განცხადებით, პრიზების გადაცემა 27 ივნისს დასრულდება, როდორც ეს წინასწარ იყო განსაზღვრული. დამატებითი კითხვებისთვის კი მონაწილეებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.

ჩვენი ტელეფონის ნომერია 2 42 42 92 ყველას ვპასუხობთ, უბრალოდ, როდესაც ბევრი ზარი შემოდის ხაზები გადატვირთულიაამ დროს მომხმარებელს ვესაუბრებით. ჩვენი Facebook გვერდის ადმინისტრატორები ფაქტობრივად 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. ჩვენ ვწუხვართ, თუ რომელიმე მომხმარებელს ხმა დროულად ვერ მივაწვდინეთ და ვინმე ვერ დაგვიკავშირდა, ჩვენ რა თქმა უნდა ღია ვართ მომხმარებლისათვის. ყოველ ოლიმპიადაზე ჩვენ ვხვდებით ყველა მშობელს, ყველა ტურზე, ყველა მათ კითხვას საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელი სცემს პასუხს,- განმარტავს რუსა ჯიქია.

სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ეროვნული და სხვა ოლიმპიადები, მკაცრ კონტროლს ექვემდებარება და მომხმარებლებშიც სანდოობის დიდი მაჩვენებლი აქვს. თუმცა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაციების შემთხვევაში, ოლიმპიადით დაინტერესებული პირი, ვიდრე თანხას გადაიხდის და მასში მონაწილეობის სურვილს დაადასტურებს, სასურველია, გაეცნოს ინფორმაციას კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების შესახებ, ან უკიდურეს შემთხვევაში მოითხოვოს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება. თუმცა, ალბათ, როდესაც ორგანიზაციის პარტნიორები „შერლოკის“ ოლიმპიადის ვებ-გვერდისვე თანახმად, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, წიგნის სახლი, ბიბლუსი, მაგდონალდსი, და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არიან, მისი ნდობის საკითხი ეჭვს აღარ უნდა იწვევდეს.

www.sherlok.ge-ის დომენის მფლობელი შპს “თავისუფალი ოლიმპიადაა”. დამატებითი ინფორმაცია კი მოცემულია მეწარმეთა და არასამეწარმეო უირიდიული პირების რეესტრში – იხილეთ ამონაწერი.

გაუქმდა თუ არა „შერლოკის ოლიმპიადა“? – რა პასუხი აქვთ ორგანიზაციაში

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური