როგორ გეგმავს მთავრობა პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში მყოფთა კარიერულ დახმარებას – „სერვისები ყველა სტუდენტის საჭიროებაზე იქნება მორგებული“
საქართველოს მთავრობამ ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სტრატეგია 2024-2030 შეიმუშავა, რომელზეც ზოგადი განათლების ჭრილში EDU.ARIS.GE უკვე გიამბობდათ.
სტრატეგიის ძირითადი სამიზნე ჯგუფებია:
- სკოლის მოსწავლეები: დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე;
- მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ სკოლის ადრეულ ეტაპზე მიტოვების რისკი;
- სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები;
- პროფესიული სტუდენტები;
- ახალგაზრდები (15–29 წლამდე);
- საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირები;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, მათ შორის ბაკალავრები, მაგისტრანტები, დოქტორანტები და დოქტორანტურის შემდგომი ახალგაზრდა მკვლევრები;
- ახალგაზრდები, რომლებიც არსად სწავლობენ და არც დასაქმებულები არიან; ე.წ NEET ახალგაზრდები;
- ზრდასრულები, რომლებიც პროფესიული მომზადების პროგრამებზე პროფესიული გადამზადების პროგრამებზე და სასერტიფიკატო პროგრამებზე სწავლობენ;
- ზრდასრულები, რომელთაც სჭირდებათ უნარების განვითარება დასაქმებისა და კარიერული წინსვლისთვის.
EDU.ARIS.GE გიზიარებთ სტრატეგიის მიზნებს პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით:
პროფესიული განათლების დონეზე კარიერული მართვის მიზნები მჭიდროდ უკავშირდება დასაქმებისა და სოციალური ინკლუზიის საკითხებს. პროფესიული განათლების საფეხურზე კარიერული მართვის მიზნებია:
– პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დახმარება პროფესიული და პიროვნული კარიერული მიზნების დასახვაში, დაგეგმვასა და განხორციელებაში;
– პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობა;
– სამუშაოს მოძიებისა და დამსაქმებლებთან ეფექტურად წარდგენის უნარების განვითარება;
– დამსაქმებლებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება პროფესიულ სტუდენტთა სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.
“პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების გარდა მნიშვნელოვანია ე.წ. „ექსელენს ცენტრების” (centres of excellence) შესაძლებლობების გამოყენება, რომლებიც ჩამოყალიბების პროცესშია. მათი ჩართვა შესაძლებელია ბევრი სხვადასხვა მექანიზმის პილოტირების პროცესში, როგორიცაა კარიერულ კონსულტაციაში განათლების სექტორის, ადგილობრივი ორგანიზაციებისა და დამსაქმებლების ეფექტიანი თანამშრომლობა, ინსტრუმენტების პილოტირება და სხვა”, – აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ხელმოწერილი სტრატეგიის დოკუმენტში.
სტრატეგიის თანახმად, მოკლევადიან პერსპექტივაში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების კარიერულ კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირები კარიერული კონსულტანტის გარდა დასაქმების კონსულტანტის ფუნქციასაც შეასრულებენ, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში მიზანშეწონილია ამ ფუნქციების გაყოფა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ სკოლებისა და კოლეჯების შესაძლებლობების გაუმჯობესების პროცესში.
უმაღლესი განათლების საფეხურზე კარიერული მართვის მიზნები:
- სტუდენტების ინფორმირება კარიერის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის შესახებ; შესაბამისი სტრატეგიების, უნარებისა და ტექნიკების ათვისება;
- სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების, ახალგაზრდა მეცნიერების დახმარება პროფესიული და პირადი კარიერული მიზნების დასახვაში, დაგეგმვასა და განხორციელებაში;
- უმაღლესი განათლების საფეხურებს შორის კავშირისა და მობილობის ხელშეწყობა;
- უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისობის ხელშეწყობა;
- უმაღლესი განათლების კურსდამთავრებულებსა და ახალგაზრდა მეცნიერების დასაქმებისა და უწყვეტი განათლების შესაძლებლობების გაფართოება, მათ შორის საერთაშორისო შრომის ბაზარზე;
- დამსაქმებელთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება სტუდენტთა სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.
როგორც მთავრობის სტრატეგიაშია აღნიშნული, კარიერული მართვის სერვისები ყველა სტუდენტის საჭიროებაზე იქნება მორგებული.
„ბოლო წლების ცვლილებების მიუხედავად, საქართველოს შრომის ბაზარს კვლავ აქვს გამოწვევები, როგორიცაა უმუშევრობის მაღალი დონე, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში 16%-23%-მდე მერყეობდა და 2023 წელს უმუშევრობის დონემ 16,4% შეადგინა (საქსტატი, 2024), სავარაუდოდ, პოსტკოვიდური გავლენების გამო. ახალგაზრდების უმუშევრობა განსაკუთრებით მაღალია; 2023-2024 წლებში 15-24 წლის ახალგაზრდების დაახლოებით 25% უმუშევარი იყო, რაც სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემას აჩენს. ბევრი ადამიანი დასაქმებულია დაბალპროდუქტიულ სფეროებში ან არ შეუძლიათ სრულ განაკვეთზე დასაქმება. სოფლად ხშირად უფრო მაღალია უმუშევრობის დონე და შეზღუდულია სამუშაო შესაძლებლობები ურბანულ ცენტრებთან შედარებით. საქართველო, ასევე, განიცდის ე.წ „ტვინების გადინებას“, გამოცდილი მუშაკების მნიშვნელოვან ემიგრაციას, რომლებიც ეძებენ უკეთესი დასაქმების შესაძლებლობებს საზღვარგარეთ“, – წერია დოკუმენტში.
იხილეთ სტრატეგიის სრული დოკუმენტი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება