GE

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე მშობლები და სკოლის პედაგოგი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნებით ვაჭრობისა და მათი გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღების ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ 11 წევრი – არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები და პედაგოგი დააკავეს.

„ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით“, – აცხადებენ შინაგანასაქმეთა სამინისტროში.

ასევე, დაკავებულია არასრულწლოვანი ბავშვების სკოლის პედაგოგი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ბავშვების შერჩევაში და მიმდინარე წლის სექტემბერში დაკავებულ აშშ-ის მოქალაქეს დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელებაში ეხმარებოდა.

ამავე საქმეზე, მიმდინარე წლის სექტემბერში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს. სექტემბერში, პირველ ეტაპზე, სამართალდამცველებმა აღნიშნული ქსელის 11 წევრი დააკავეს. ამ დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, სულ დაკავებულია 22 პირი.

ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური