GE

„სკოლებში კარიერული განათლების კურიკულუმზე დაფუძნებული მოდელი იქნება გამოყენებული“ – რას მოიაზრებს მთავრობის სტრატეგია 2024-2030

„ბოლო წლების ცვლილებების მიუხედავად, საქართველოს შრომის ბაზარს კვლავ აქვს გამოწვევები, როგორიცაა უმუშევრობის მაღალი დონე, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში 16%-23%-მდე მერყეობდა და 2023 წელს უმუშევრობის დონემ 16,4% შეადგინა (საქსტატი, 2024), სავარაუდოდ, პოსტკოვიდური გავლენების გამო. ახალგაზრდების უმუშევრობა განსაკუთრებით მაღალია; 2023-2024 წლებში 15-24 წლის ახალგაზრდების დაახლოებით 25% უმუშევარი იყო, რაც სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემას აჩენს. ბევრი ადამიანი დასაქმებულია დაბალპროდუქტიულ სფეროებში ან არ შეუძლიათ სრულ განაკვეთზე დასაქმება. სოფლად ხშირად უფრო მაღალია უმუშევრობის დონე და შეზღუდულია სამუშაო შესაძლებლობები ურბანულ ცენტრებთან შედარებით. საქართველო, ასევე, განიცდის ე.წ „ტვინების გადინებას“, გამოცდილი მუშაკების მნიშვნელოვან ემიგრაციას, რომლებიც ეძებენ უკეთესი დასაქმების შესაძლებლობებს საზღვარგარეთ“, – ეს ჩანაწერი სამთავრობო სტრატეგიაში გვხვდება.

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სტრატეგია 2024-2030, რომელიც როგორც განათლების მინისტრის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში წერია, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ყველა პირის თანაბარ წვდომას კარიერული მართვის სერვისებზე, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებასა და მათი შესაძლებლობების რეალიზებას სწრაფად ცვალებად სოციალურ და ეკონომიკურ გარემოში.

სტრატეგიაში მოცემული განმარტების თანახმად, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის განსაზღვრებით, კარიერის მართვა არის პროცესი, რომელიც ინდივიდს, თავისი ღირებულებებისა და სურვილების გათვალისწინებით, საკუთარი უნარების, შესაძლებლობების და ინტერესების აღმოჩენაში, გააზრებასა და სათანადოდ გამოყენებაში ეხმარება. კარიერის მართვა ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტადაა იდენტიფიცირებული ევროკომისიის მიერ მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის/უწყვეტი განათლების (Lifelong Learning) პროცესში.

OECD-ისა და მსოფლიო ბანკის ანგარიშში (კარიერის მართვისა და პროფორიენტაციის სერვისები განსაზღვრულია, როგორც: სერვისები, რომლებიც მიზნად ისახავს მთელი ცხოვრების მანძილზე, ნებისმიერი ასაკისა და ინტერესების მქონე ინდივიდის მხარდაჭერას განათლებასთან, ტრენინგებსა და დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მისი კარიერის მართვისას. სერვისები შესაძლოა მიეწოდებოდეს სკოლაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კოლეჯებში, ტრენინგ-ცენტრებში, საჯარო დასაქმების სააგენტოებში, მოხალისეობრივ/საზოგადოებრივ თუ კერძო სექტორში. სერვისები შეიძლება იყოს ინდივიდუალური, ან ჯგუფური, პირისპირ ან დისტანციურ ფორმატში.

სერვისებში იგულისხმება კურსების, პროფესიების, კარიერული განვითარებისა და შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაციის მიწოდება (ბეჭდური, ელექტრონული თუ სხვა ფორმით), შეფასებისა და თვითშეფასების ინსტრუმენტები, საკონსულტაციო ინტერვიუები, კარიერული განათლებისა და კარიერის მართვის პროგრამები, სამსახურების საძიებო პროგრამები და კარიერული ტრანზიციის სერვისები. ამ ყველაფრის მიზანი კი არის ინდივიდებს დაეხმაროს (ინფორმაციული, მატერიალური, ტექნიკური, თუ ადამიანური რესურსით) საკუთარი კარიერული განვითარების ეფექტიანად მართვის უნარის განვითარებაში (Watts & Sultana, 2004).

“კარიერის მართვის უწყვეტი სერვისები გულისხმობს კარიერის მართვის საკითხებში ყველა ინდივიდის თანასწორ მხარდაჭერას მთელი ცხოვრების მანძილზე. შესაბამისად, ეს პროცესი სკოლამდელი განათლების საფეხურიდან იწყება და ცხოვრების ბოლომდე გრძელდება. ადამიანის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე კარიერის მართვის სერვისების მიზნები და ამოცანები განსხვავდება”, – წერია სტრატეგიაში.

ცხოვრების თითოეულ ეტაპზე არსებული გამოწვევების შესაბამისად, კარიერის მართვის სერვისების განსხვავებული მიზნები შეჯამებული სახით:

მთელი ცხოვრების მანძილზე კარიერის მართვის სერვისების მიზნები

სკოლამდელი განათლება (სკოლამდელი ასაკი), მიზანი – სოციალური უნარების განვითარება, განათლებასა და კარიერულ წარმატებას შორის კავშირის შესახებ შეხედულების ფორმირება. ყალიბდება ე.წ სამსახურებრივი საქმიანობის პირველი მოდელი – სახლი, როგორც სამსახური და ოჯახის წევრები, როგორც თანამშრომლები. იქმნება ობიექტური შეხედულებები ცალკეული პროფესიების შესახებ.

ზოგადი განათლება – დაწყებითი და საბაზო საფეხურები, მიზანი – წარმატებული კარიერული განვითარებისთვის საჭირო უნარების განვითარება-განმტკიცება, ცალკეულ პროფესიებთან იმ საგნების კავშირის გაცნობიერება, რომელსაც სკოლაში ასწავლიან, სხვადასხვა პროფესიების შესახებ მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება და ა.შ. ამ ეტაპზე სკოლა და საკლასო ოთახი ხდება ის სივრცე, სადაც კარიერული უნარების განვითარება გრძელდება.

ზოგადი განათლება – საშუალო საფეხური, მიზანი – გადაწყვეტილების მიღება, იმ გზის დაგეგმვა, რომელსაც გაჰყვება მოსწავლე სკოლის დასრულების შემდეგ: ეს შესაძლოა იყოს სწავლის დასრულებისთანავე დასაქმება, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელება და ა.შ.

სკოლის შემდგომი ფორმალური განათლება, მიზანი – ერთი მხრივ, სტუდენტის ინტერესებისა და უნარების, არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით, განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელებაში დახმარება და, მეორე მხრივ, ფორმალური განათლებიდან შრომის ბაზარზე ახალგაზრდების ტრანზიციის ხელშეწყობა, სამუშაოს მოძიებისა და დამსაქმებლებთან ეფექტურად წარდგენის უნარების განვითარება. დამსაქმებლებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა სტაჟირებისა და სამომავლო დასაქმების ხელშესაწყობად.

ფორმალური განათლების შემდგომი პერიოდი (დასაქმებულები და/ან სამუშაოს მაძიებლები), მიზანი – კარიერული გადაწყვეტილების მიღების პროცესში მხარდაჭერა, რაც ვლინდება არსებული პროფესიის შესაბამისი სამუშაოს მოძიებაში, სამუშაო გარემოსთან ადაპტაციასა თუ, სურვილის შემთხვევაში, პროფესიასთან დაკავშირებით გაკეთებული არჩევანის შეცვლაში მხარდაჭერაში.

სტრატეგიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში არ არსებობს პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის ერთიანი სისტემა, რომელიც გააერთიანებდა განათლების ყველა საფეხურის სერვისებს და ახალგაზრდებს დაეხმარებოდა მთელი ცხოვრების მანძილზე კარიერის მართვაში. შესაბამისად, თუ არ ჩავთვლით ცალკეული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივებს, ნაკლებია თანამშრომლობა განათლების სფეროს, კერძო სექტორსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის კარიერული მართვის სერვისების მიწოდებისას. განათლების სისტემაში კარიერის მართვის სერვისების განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევები თვალსაჩინოა განათლების სამივე საფეხურზე: ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

რა გეგმა აქვს სახელმწიფოს მათ შორის სკოლის საფეხურზე:

კარიერის მართვის სერვისები შესაძლებელია მიწოდებული იყოს სხვადასხვა მოდელის სახით.

ETF- ის კარიერული ინტერვენციის ტაქსონომიაში გამოყოფილია შემდეგი მოდელები: კურიკულუმის მოდელი – ისწავლება სავალდებულო საგნის ფორმით ან შესაძლოა იყოს ნებისმიერი სხვა საგნის(ების) სავალდებულო ნაწილი, არჩევითი საგანი, პროგრამული აქტივობების ან კლასგარეშე კურიკულუმის შემადგენელი აქტივობა;

ცენტრის მოდელი – გულისხმობს სერვისის მიწოდებას ფორმალური საგანმანათლებლო სივრცის მიღმა, კონკრეტულ ცენტრებში (მაგ. სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრი, დასაქმების საჯარო სამსახურები, კერძო პროვაიდერები);

ინდივიდუალური მოდელი – ძირითადად ხორციელდება დიალოგის საშუალებით პიროვნებასა და დამხმარეს შორის;

ვირტუალური მოდელი – იქმნება ვებგვერდები და ინტერნეტზე დაფუძნებული ინტერაქციული მექანიზმები კარიერული დაგეგმარების სერვისის მისაწოდებლად.

ამრიგად, ფორმალური განათლების ყველა საფეხურზე შემუშავებული იქნება კარიერული განათლების სერვისები, კარიერის მართვის სერვისების მიწოდება შესაძლებელი იქნება, ინდივიდუალურ და ჯგუფურ ფორმატში პირისპირ ან დისტანციურად, მათ შორის, დახმარების ცხელი ხაზისა და ინტერნეტმომსახურებების სახით;

სერვისები შესაძლებელია მიწოდებული იყოს სხვადასხვა მოდელის ან ჰიბრიდული მოდელის სახით. საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაატარებენ ღია კარის დღეებს, რაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას მისცემს მიიღოს ინფორმაცია უშუალოდ სერვისის მიმწოდებლებისგან.

როგორც 2024-2030 სტრატეგიაშია ნათქვამი, არსებობს მრავალი გზა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სერვისების დივერსიფიცირება.

კარიერული მართვის სერვისების დივერსიფიცირება განათლების დონეების მიხედვით მოხდება.

საწყის ეტაპზე სკოლებში კარიერული განათლების კურიკულუმზე დაფუძნებული მოდელი იქნება გამოყენებული. კარიერული განათლების კურიკულუმზე დაფუძნებული მოდელის მიხედვით კარიერული სწავლება ძირითადი კურიკულუმის ფარგლებში მოხდება. სკოლის რესურსიდან გამომდინარე, კურსები ისწავლება კურიკულუმის ფარგლებში სავალდებულო ან არჩევითი საგნების სახით; გრძელვადიან პერსპექტივაში კარიერული განათლება ინტეგრირდება ყველა საგნის ფარგლებში; ასევე, გაფართოვდება კლასგარეშე აქტივობებიც. შესაძლოა ეს მოიცავდეს ვიზიტებს სამუშაო ადგილებზე, სადაც მოსწავლეები გაეცნობიან სამუშაო პროცესს, მეთოდებს და ა.შ. სამომავლოდ, ასევე, განიხილება ვირტუალური მოდელის დანერგვა, რომლის დროს იქმნება ვებგვერდები და ინტერნეტზე დაფუძნებული ინტერაქტიული მექანიზმები კარიერული სერვისის მისაწოდებლად.

იხილეთ სტრატეგიის სრული დოკუმენტი 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური