რომელი 4 რეკომენდაციის შესრულება არ დაავალა პარლამენტმა განათლების სამინისტროს – სახალხო დამცველის განცხადება
„2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც სახელმწიფო უწყებებს დაავალა 2023 წლის სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშით გაცემული ცალკეული რეკომენდაციების შესრულება.
თუმცა, მათ შორის, სხვა 40 რეკომენდაციასთან ერთად, არ იყო 4 კონკრეტული რეკომენდაციის შესრულების მოთხოვნა, რომლის ადრესატიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გახლდათ.
ეს რეკომენდაციებია:
– სასკოლო სახელმძღვანელოების მაკეტების შინაარსობრივი რეცენზირების პროცესში, საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სააპელაციო კომისიის ერთ-ერთ წევრად, გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებით, განისაზღვროს ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე ექსპერტი;
– სასკოლო სახელმძღვანელოების მაკეტების შინაარსობრივი რეცენზირების პროცესში, უზრუნველყოს საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სააპელაციო კომისიის მიერ გადაწყვეტილებების დასაბუთება, რაც, მათ შორის, მოიაზრებს კომისიის მიერ სხდომაზე მოწვეული პირის, ან პირების პოზიციის გადაწყვეტილებაში აღწერასა და მათზე დასკვნების დასაბუთებასაც;
– მონიტორინგის პროცესის დახვეწისა და ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, უზრუნველყოს სკოლების (მათ შორის, რესურსსკოლების) მიერ ინკლუზიურ განათლებაზე განხორციელებული შიდა მონიტორინგის დასკვნებზე უკუკავშირის მიწოდება;
– ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ხელი შეუწყოს, მათ შორის, ტექნიკურად და ლოჯისტიკურად დაუჭიროს მხარი კულტურის სახლების/კულტურის ცენტრების ფარგლებში განხორციელებულ სასწავლო-საგანმანათლებლო ღონისძიებებს.
“სამწუხაროდ, წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია იმ რეკომენდაციების რაოდენობა, რომლებიც პარლამენტმა არ ასახა დადგენილებაში. კერძოდ, 2023 წლის დადგენილებაში პარლამენტმა არ ასახა სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის 23 რეკომენდაცია, ეს მაჩვენებელი 2022 წელსაც 23 რეკომენდაცია იყო, ხოლო 2024 წლის დადგენილებაში პარლამენტმა არ ასახა სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშის 44 რეკომენდაცია. აღნიშნული რეკომენდაციების ნუსხა თან ერთვის წინამდებარე განცხადებას დანართის სახით.
დანანებით უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპამდე არ ჩატარებულა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, სადაც უნდა განხილულიყო და შემუშავებულიყო დასკვნა პარლამენტის 2023 წლის დადგენილებით გაცემული დავალებების შესრულების თაობაზე.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გააძლიეროს საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები, მის მიერ გაცემული, შესასრულებლად სავალდებულო დავალებების აღსრულების მონიტორინგის პროცესში, ხოლო თავის მხრივ გამოთქვამს მზაობას, ყველა ფორმატში ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან, პარლამენტის მიერ გაცემული დავალებების სრულყოფილად შესრულების მიზნით”, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება