GE

აწსუ-ში იმიტირებული სასამართლო პროცესის ეროვნული შეჯიბრი სისხლის სამართალში ჩატარდა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დეპარტამენტის ორგანიზებით, სისხლის სამართლის მიმართულებით იმიტირებული სასამართლო პროცესის ეროვნული შეჯიბრი ჩატარდა.

ორეტაპიან კონკურსში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 10-მა გუნდმა. ინტენსიური და კონკურენტული პირველი ეტაპის შემდეგ ნახევარფინალში ოთხი გუნდი გადავიდა, თუმცა ერთ-ერთი მათგანი ვერ გამოცხადდა. შედეგად, ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ:

  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის პროგრამის გუნდი;
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის პროგრამის გუნდი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი შალვა კირთაძე; რექტორის მოადგილე, პროფესორი მექი ლობჟანიძე; პროფესორები – ნანა შონია, მამუკა შენგელია, კობა ბუაძე, რობინზონ ხურცილავა; ორგანიზატორი ირაკლი შენგელია, ასევე საორგანიზაციო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული სტუდენტები – ლუკა თუთისანი და ანა სილაგაძე. ექსპერტ-შემფასებლებად მოწვეული იყვნენ ქუთაისის პროკურატურის წარმომადგენელი გუჯა ტაბეშაძე და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენელი გელა სიორდია.

იმიტირებული სასამართლო პროცესის გამარჯვებულად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის პროგრამის გუნდი გამოცხადდა.

თითოეული გუნდი შედგებოდა 4-6 სტუდენტისაგან. მათ დაევალათ კაზუსის (ქეისის) მომზადება როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარისათვის. მონაწილეებმა წარმოადგინეს დასაბუთებული სამართლებრივი პოზიციები და იმუშავეს მტკიცებულებებზე.

მომავალში კვლავ იგეგმება მსგავსი ღონისძიებები, მათ შორის დებატების ორგანიზება სისხლის სამართლის აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე.

იმიტირებული სასამართლო პროცესები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, სამართლებრივი ანალიზის უნარების გაღრმავებასა და პროფესიული ეთიკის პრაქტიკაში დანერგვას. მსგავსი შეჯიბრები ქმნის სივრცეს, სადაც მომავალი იურისტები რეალურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში ავითარებენ ცოდნასა და პროფესიულ უნარებს.

ორგანიზატორები მადლობას უხდიან ყველა მონაწილე უნივერსიტეტს, სტუდენტებსა და მენტორებს აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისათვის.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური