GE

აწსუ-მ ქართველოლოგიის IV საერთაშორისო საზაფხულო სკოლის სტუდენტებს სამი უნივერსიტეტიდან უმასპინძლა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ქართველოლოგიის IV საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ფარგლებში, 22-27 ივნისს უმასპინძლა თურქეთის რესპუბლიკის სამი უნივერსიტეტის – ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის, დუზჯეს უნივერსიტეტისა და რიზეს რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის – ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტებს.

ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლას (ხელმძღვანელი პროფ. რ. საღინაძე) საფუძველი ჩაეყარა 2018 წელს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტისა და ქართული ენის მიმართულების ორგანიზებით.

ამჟამადაც საზაფხულო სკოლაში გატარებული დღეები საინტერესო და წარმატებული აღმოჩნდა. საკმაოდ დატვირთული პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი იყო როგორც სასწავლო-საგანმანათლებლო, ისე კულტურული ღონისძიებანი. მონაწილეებმა მოისმინეს ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების საინტერესო ლექციები ქართულ ენაში (პროფ. რ. საღინაძე, ასოც. პროფ. ე. დადიანი, ასოც. პროფ. ნ. ფხაკაძე, ასოც. პროფ. ჰ. ჩიმქე, ასისტ. პროფ. თ. ნინიძე, ფილოლ. დოქტ. დ. იობიძე, ფილოლ. დოქტ. თ. დევიძე); ქართულ ლიტერატურაში (პროფ. ა. ნიკოლეიშვილი, პროფ. ნ. კუტივაძე, პროფ. ო. გვეტაძე), საქართველოს ისტორიაში (პროფ. ს. კუპრაშვილი, ასისტ. პროფ. ლ. დეისაძე-შარვაშიძე), ქართული კულტურისა და ხელოვნების ისტორიაში (ასოც. პროფ. ნ. ქარციძე, ასისტ. პროფ. მ. სუსარეიშვილი), არქეოლოგიაში (პროფ. მ. ჭუმბურიძე)… ეზიარნენ ქართულ კალიგრაფიულ ხელოვნებასაც (კალიგრაფი ფ. ჭაბუკიანი). ლექციები წარმოდგენილი იყო არა მარტო უნივერსიტეტის აუდიტორიებში, არამედ ღია ცის ქვეშ: ბაგრატის ტაძართან, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში, გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში (ჭყვიში), აგრეთვე: ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში, ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება მიეცათ, დაეთვალიერებინათ ქუთაისის შემოგარენი.

საზაფხულო სკოლის მონაწილეებს კურატორობას უწევდნენ ქართულ ენაში მოსამზადებელი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული სტუდენტები: რუსლან კურბანოვი, ელჯან ახმედოვი.

დასასრულ, საზაფხულო სკოლის მონაწილე სტუდენტებმა წარმოადგინეს სხვადასხვა თემატიკაზე შესრულებული წერითი ნაშრომები (ხელმძღვანელები: ასოც. პროფ. ლ. ხაჭაპურიძე, ასისტ. პროფ. მ. თედორაძე, ასისტ. პროფ. თ. ნინიძე, ფილოლ. დოქტ. დ. იობიძე, ფილოლ. დოქტ. თ. დევიძე, მასწ. თ. მილორავა, მოწვ. სპეციალისტები: ფ. ჭაბუკიანი, ა. გელენიძე); საზაფხულო სკოლის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები.

ქართველოლოგიის IV საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში გატარებული დღეები დაუვიწყარი იქნება ყველასთვის. ამ პერიოდში მიღებული ცოდნა და გამოცდილება თურქეთელ სტუდენტებს დაეხმარება საქართველოს ისტორიისა და კულტურის, განსაკუთრებით, ქართული ენისა და ლიტერატურის უკეთ გაცნობასა და შესწავლაში.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური