აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანსამბლ „ადილას“ 25 წლის საიუბილეო კონცერტი გაიმართა
2026 წლის 19 ივნისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის ქართულ ხალხურ სიმღერათა ფოლკლორული ანსამბლის „ადილა“ 25 წლის საიუბილეო კონცერტი – „თაობათა გადაძახილი“.
საიუბილეო საღამოზე წარმოდგენილი იყო ანსამბლის ოცდახუთწლიანი შემოქმედებითი გზა, მისი მნიშვნელოვანი მიღწევები და ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილი. მუსიკალური ნაწარმოებები შერჩეული იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხის მიხედვით და მაყურებელს შესაძლებლობა მიეცა, გაცნობოდა ქართული ფოლკლორის მრავალფეროვნებას, ტრადიციებსა და უნიკალურ მუსიკალურ მემკვიდრეობას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, კურსდამთავრებულები და მოწვეული სტუმრები, მათ შორის იყვნენ: ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი იბრაჰიმ აიდინი, აღნიშნული უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი პროფესორი მეჰმედ ალი კესკინი, ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი პროფესორი ჰაკან გულტეკინი და ქართული წარმომავლობის ირანელი ისტორიკოსი და ქართველოლოგი გიორგი (საიდ) მულიანი.
ანსამბლი „ადილა“ 2000 წელს ჩამოყალიბდა და უკვე მეოთხედი საუკუნეა წარმატებით ემსახურება ქართული ფოლკლორის შენარჩუნებასა და განვითარებას. მისი პირველი მნიშვნელოვანი წარმატება 2001 წელს სტუდენტურ ფესტივალზე გამარჯვება იყო.
შემდგომ წლებში ანსამბლი არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ფესტივალის მონაწილე და გამარჯვებული გახდა. მათ შორისაა ხობის საერთაშორისო ფესტივალის ვერცხლის მედალი, საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალებში მონაწილეობა ნიდერლანდებში, გერმანიაში, შვეიცარიაში, თურქეთსა და საფრანგეთში, ასევე ფესტივალ „სულიკოს“ გრან-პრის მოპოვება.
„ადილა“ არაერთი საერთაშორისო კულტურული პროექტის მონაწილეა და ღირსეულად წარმოაჩენს როგორც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ისე ქართულ ფოლკლორულ ხელოვნებას ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ.
ანსამბლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაიზერ გაზდელიანი ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების მედლით არის დაჯილდოებული.
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ფოთსა და ზუგდიდში საინფორმაციო-შემოქმედებითი ტურნე გამართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება „საქართველო, მიყვარხარ!“ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აწსუ-ში საქართველოს სახელმწიფო ენის – ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი