GE

ახალი, აკრედიტებული სამაგისტრო პროგრამა BTU-ში – „საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები

საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართა. უნიკალური პროგრამა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით შემუშავდა და ახლა უკვე აკრედიტებულია. პროგრამის ფარგლებში სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება 2023 წლის შემოდგომიდან იგეგმება.

სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია 14 თებერვალს გაიმართა. სტუმრებს პროგრამა უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო ენუქიძემ წარუდგინა. ღონისძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, შენგელი ფიცხელაური, უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ნინო წერეთელი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მიხეილ ბატიაშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს (BTU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს 2022 წელს მოეწერა ხელი. შეთანხმების მიზანს უსაფრთხოების კვლევების მიმართულებით ახალი სამაგისტრო პროგრამის შემუშავება და განხორციელება წარმოადგენს. სამაგისტრო პროგრამა სასწავლო კომპონენტთან ერთად მოიცავს პრაქტიკულ და სამეცნიერო-კვლევით აქტივობებს, შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით და სრულად პასუხობს უსაფრთხოების სექტორის მოთხოვნებს. პროგრამა უნიკალურია თავის შინაარსით და აერთიანებს სასწავლო კურსებს ეროვნული უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოების, დაზვერვის, საერთაშორისო პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკის, თანამედროვე კონფლიქტებისა და სხვა სფეროებში. კურსებს დარგის წამყვანი ექსპერტები და უსაფრთხოების სფეროს პრაქტიკოსი სპეციალისტები გაუძღვებიან.

საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამა შემუშავდა ევროკავშირის მხარდაჭერით. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდა უსაფრთხოების საკითხებში წამყვანი საერთაშორისო ექსპერტი, რუბენ არკოსი, რომელმაც ქართველ ექსპერტებთან ერთად მოამზადა კურიკულუმი.

ახალმა სამაგისტრო პროგრამამ უკვე მიიღო მაღალი რანგის საერთაშორისო გამოხმაურება საერთშორისო ექსპერტების და აკადემიური წრეების მხრიდან: გენერალი ჯოვანი მარიცა (იტალია); პროფესორი აზარ გატი (თელ ავივის უნივერსიტეტი, ისრაელი); დოქტორი ტალ პაველი (კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი, ისრაელი) და სხვა. პროგრამის საერთაშორისო პარტნიორები არიან რომის საპიენცას უნივერსიტეტი (იტალია); ტუშას უნივერსიტეტი (იტალია); კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ლიეტუვა); ვებსტერის უნივერსიტეტი (აშშ); საგარეო კვლევების პოლიტიკის ინსტიტუტი (აშშ); კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი (ისრაელი); უსაფრთხოების აკადემია (ისრაელი) და სხვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრთან ერთად პროგრამის ადგილობრივ პარტნიორებსა და დამსაქმებლებს შორის არის: საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, კიბერუსაფრთხოების ბიურო, საქართველოს ეროვნული ბანკი, ციფრული მმართველობის სააგენტო და სხვა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორი ტუშას უნივერსიტეტი (იტალია) საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს სთავაზობს ორმაგ დიპლომს, გაცვლითი პროგრამით სარგებლობის შემთხვევაში.

პროგრამაზე სტუდენტთა მიღება მოხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების და შიდა სპეციალობის გამოცდის მიხედვით.

პროგრამით დაინტერესებულ პირთა წინასწარი რეგისტრაცია დაწყებულია  ბმულზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm