GE
29 აგვისტო, 2024 12:10

როგორია წარმატების ფორმულა – აბიტურიენტმა მასწავლებლების ოჯახიდან 100%-იანი გრანტი მოიპოვა

2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი სასწავლო გრანტის მოპოვება 1 000-ზე მეტმა გამოსაცდელმა შეძლო მათ შორისაა, მათე მამულია, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებს ისწავლის.

მათე მასწავლებლების ოჯახიდან არის. დედა სენაკის მუნიციპალიტეტში ზემო და ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგია, მამა იურისტია და სამეცნიერო საქმიანობასაც ეწევა, ბებიები კი დაწყებითი კლასების პედაგოგები არიან.

2024 წელს სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა

შევეცადეთ მათეს მაგალითზე გაგვერკვია, როგორია 2024 წლის უმაღლესქულიანი აბიტურიენტის წარმატების ფორმულა, როცა ის პედაგოგების ოჯახიდან არის და თავად ამეცადინებენ საგამოცდო საგნებში.

მათეს მშობლები – რიმა კუპრეიშვილი და ირაკლი მამულია: მოსწავლის წარმატებაში სკოლის როლი ყოველთვის დიდია. თუ მოსწავლეს სკოლიდან საფუძველი არა აქვს, ვფიქრობთ, მხოლოდ რეპეტიტორთან წარმატებას ვერ მიაღწევს. ჩვენი შვილის საგამოცდო წარმატების ფორმულაში პირველი რგოლი სკოლაა, შემდეგ თავად ის-მოსწავლე, მისი მონდომება, შრომისმოყვარეობა, ნიჭიერება. შემდეგი რგოლი კი ჩვენ ვართ ოჯახი. მომავალი წლის აბიტურიენტების მშობლებს ვეტყოდით, ყურადღებიანი და შვილის წარმატებაზე ორიენტირებული მშობელი, მით უფრო როცა ის თავადაც პედაგოგია მუდმივად ჩართულია მის სასწავლო ცხოვრებაში. ჩემს შვილს ინგლისურ ენაში თავად ვამეცადინებდი. არ მავიწყდებოდა შვილისთვის მეთქვა ,,შენ ეს შეძელი და უფრო მეტსაც შეძლებ”.

მათე: ვარ წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის კურსდამთავრებული, ოქროს მედალოსანი. ჩემს წარმატებაში მთავარი გმირი სკოლაა და პედაგოგები, მინდა მადლობა გადავუხადო მათ – ჩემი პირველ მასწავლებელს მედეა შურღაიას, დამრიგებლებს ელზა სილაგაძესა და თეა მამულიას, სკოლის დირექტორს, ნინო ჯანჯღავას და ყველა პედაგოგს, რომელიც მასწავლიდა. შემდეგი ფაქტორი არის მეგობრები. გარემოსა და წრეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ სწავლის მოყვარული ახალგაზრდები ვართ.. შემდეგი არის ოჯახი და მონდომება ერთად და არა ცალ-ცალკე. ოჯახი და მათი ყურადღება, რომ არა სიზარმაცემ შეიძლება იჩინოს თავი, თუნდაც დროებით. მასწავლებლების ოჯახიდან, რომ ვარ მათი სწორი მიდგომები ძალიან დამეხმარა.

მშობლებო, თქვენ რას თვლით წლევანდელი უმაღლესქულიანი აბიტურიენტების წარმატების ფორმულად? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

ასევე იხილეთ:

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში