GE

აზრთა სხვადასხვაობა სკოლის გარეთ მომუშავე სახელოვნებო მასწავლებლებისთვის პედაგოგის სტატუსის მინიჭებაზე – ვის რა არგუმენტი აქვს

პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტმა თემატური მოკვლევის ჯგუფის ფარგლებში სკოლის გარეთ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელოვნებო განათლების მდგომარეობის შესწავლა დაწყო.

საპარლამენტო ჯგუფმა შესაბამის დაწესებულებებს სპეციალური კითხვარი გაუგზავნა, სადაც მათ არსებული რეალობა და პრობლემები უნდა შეეფასებინათ. ერთ-ერთი კითხვა ეხება სახელოვნებო განათლების პედაგოგთა კვალიფიკაციას და საინტერესოა რა მოსაზრებები აქვთ ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახელოვნებო დაწესებულებებს. როგორც ჩანს დაწესებულებების ნაწილი მომხრეა მასწავლებლების სტატუსი გარკვეულ ჩარჩოებში მოექცეს, ნაწილი – ეწინააღმდეგება, ნაწილი კი მათთვის „პედაგოგის“ სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

გთხოვთ, შეაფასოთ სკოლის გარეთ სახელოვნებო სასწავლებლების პედაგოგთა კვალიფიკაცია – ასეთი სახის კითხვაზე უნდა გაეცათ პასუხი კონკრეტულ დაწესებულებებს. მათი ნაწილის მოსაზრებები ასეთია:

თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე – როგორც ცნობილია, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არსებობს პროფესიული კადრების სიმცირის პრობლემა, რაც სახელოვნებო სფეროს მიმართულებით კიდევ უფრო დიდია. საგულისხმოა, რომ ფორმალური განათლების სისტემაში ხელახლა გასაწერია სახელოვნებო სწავლებების პედაგოგთა მიმართ პროფესიული მოთხოვნების სტანდარტი. ამასთანავე, სადავოა სახელოვნებო განათლების სისტემაში არსებული სასწავლო მეთოდიკები და სასწავლო სახელმძღვანელოები. აუცილებელია ეფექტური და მეთოდურად გამართული ახალი მიდგომებისა და სახელოვნებო პროგრამების (საბაზისო, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების) შემუშავება. არსებობენ პრაქტიკოსი სპეციალისტები, რომელთა ჩართვა ამ პროცესში აუცილებელია. მათი მიღწევებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, მნიშვნელოვან შედეგს მოუტანს ფორმალური განათლების სისტემას.

ფორმალური განათლების სისტემის მიღმა დარჩენილი ორგანიზაციების მიზნებიდან, სპეციფიკიდან და მათი არასავალდებულო ხასიათიდან გამომდინარე, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ სკოლის გარეშე განათლების სფეროში მოქმედი პედაგოგების კვალიფიკაციის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება და ვერ მოხერხდება აღნიშნულის აღსრულება. პრაქტიკულად წარმოუდგენელია ყველა იმ მიმართულებით, რაზეც არსებობს შესაბამისი მოთხოვნა (მაგალითად: მინანქრის, ქართული ცეკვის, ვეტერინარიის, გეოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობების, კინოს, თეატრის თუ სხვ.) მასწავლებლის კვალიფიკაციის მქონე შესაბამისი და საჭირო საკადრო რესურსის მოზიდვა.

51-ე საჯარო სკოლა, დირექტორი ნინო ალექსიძე: სასწავლებლებში პედაგოგად მუშაობის უფლება აქვს/უნდა ჰქონდეს შესაბამისი სახელოვნებო განათლების მქონე პირს. იგი უნდა ეწეოდეს საქმიანობას დიპლომით მითითებული კვალიფიკაციის შესაბამისად. თუმცა, რადგანაც სახელოვნებო განათლების ორგანიზაცია მჭიდრო კავშირშია პროფესიულ განათლებასთან, მასწავლებელს/მასწავლებლობის მსურველს უნდა მიეცეს საშუალება მოახდინოს პროფესიული კვალიფიკაციის აღიარება, დარგებისა და კომპეტენციის მიხედვით კანონით რეგულირებადი პროფესიების მიხედვით. აღიარება დარეგულირდება ეროვნული კანონმდებლობით, როგორც აუცილებელი საგანმანათლებლო დოკუმენტი.

ზ.ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური მუსიკალური სკოლის „ნიჭიერთა ათწლედი“ პედაგოგები: ნინო ღარიბაშვილი, ნინო ბახტაძე: ჯერ კიდევ 10 წლის წინ კულტურის სფეროში პედაგოგებს ანიჭებდნენ დამსახურების კატეგორიებს. დღევანდელი მონაცემებით კი რაოდენ სამარცხვინოა, რომ ამ სკოლებში მომუშავე უმაღლესი დამსახურებული კატეგორიის პედაგოგებს, რომელთა დიპლომში ჩაწერილია „სპეციალისტი“ და „პედაგოგი“ თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დამთავრების შედეგად, მათ როგორც თანამშრომლებს არ აქვთ და ვერ სარგებლობენ „პედაგოგი“-ს სტატუსით. „ნიჭიერთა ათწლედი“- ს სკოლაში მომუშავე ხელოვანებს მიგვაჩნია, რომ თანამშრომლებს მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის ან/და მიღებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად უპირობოდ უნდა მიენიჭოთ (აღუდგეთ) „პედაგოგი“-ს სტატუსი და აუცილებლად გაეზარდოთ ანაზღაურება.

თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები დეპუტატები: გენადი მარგველაშვილი, ალექსანდრე ქანთარია, გუგული მაღრაძე, გივი ჭიჭინაძე, თეიმურაზ ჭკუასელი და ზაზა პაპუაშვილი არიან. საბოლოო დასკვნა საპარლამენტო ჯგუფმა მიმდინარე წელს უნდა მოამზადოს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური