EDU.ARIS.GE გილოცავთ შობა-ახალ წელს – 2025 განათლებაში თანმიმდევრული ნაბიჯების წელი ყოფილიყოს!
ძვირფასო მეგობრებო,
გვინდა მოგილოცოთ დამდეგი 2025 წელი და შობის დღესასწაული! გისურვებთ წარმატებებსა და წინსვლას თქვენს საქმიანობაში, ჯანმრთელობას, მშვიდობას, სიხარულსა და ბედნიერებას!
დიდი მადლობა ჩვენს ხელმომწერებსა და პარტნიორებს 2024 წლის განმავლობაში ჩვენთან თანამშრომლობისთვის, თქვენი ფინანსური მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია!
დიდი მადლობა ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს თქვენი აქტიურობისთვის, დისკუსიებში მონაწილეობისთვის, ინფორმაციის გაზიარებისთვის, მოსაზრებების დაფიქსირებისა და საინტერესო შეფასებებისთვის.
დიდი მადლობა ჩვენს რესპონდენტებს, ექსპერტებს, მრჩევლებსა და მეგობრებს, ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო ნაყოფიერი და სისტემატური იქნება.
2024 წელი განათლებაში ეს იყო წელიწადი, როცა ჩვენი აზრით, განათლების საკითხებზე, ისედაც განათლებით კმაყოფილი მოქალაქეების დიდ ნაწილს (სასკოლო განათლებით მშობლების/ოჯახის წევრთა 66.8% კმაყოფილი, ხოლო 12.9% ძალიან კმაყოფილია), განათლების საკითხებზე მსჯელობისთვის, როგორც ჩანს, ნაკლები სურვილი ჰქონდათ. განათლება მოსახლეობის პრიორიტეტებში მეშვიდე ადგილზე რჩება.
2024 წელს ისევ შეიცვალა განათლების მინისტრი, რომელიც, დარწმუნებული ვართ, არც უნდა გამხდარიყო განათლების მინისტრი. წელს ისევ ვერაფერი დავინახეთ უმაღლესი განათლების დაფინანსების ცვლილების და ვერც სასკოლო კვების ორგანიზების კუთხით.
კარგად დავინახეთ მოწყენილი მენტორი მასწავლებლები და უფროსი მასწავლებლების ხელფასების მატება, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის შეჩერებული რეგისტრაცია, განათლებისთვის გაზრდილი ბიუჯეტი, ზოგადი განათლების ახალი ეროვნული მიზნების დამტკიცება, ქუჩის დემონსტრაციებზე გამოსული სტუდენტებისა და მოსწავლეების, პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი და ა.შ.
ძვირფასო მშობლებო, ბებიებო და ბაბუებო, სტუდენტებო, აბიტურიენტებო და სკოლის მოსწავლეებო, მასწავლებლებო და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლებო, განათლების განვითარებით დაინტერესებულო ადამიანებო – 2025 წელს, ჩვენ, როგორც ყოველთვის, აუცილებლად გავაშუქებთ თქვენთვის საინტერესო სიახლეებსა და ცვლილებებს განათლების სისტემაში, განათლების სამინისტროსა და მისი სტრუქტურების მიერ გამოცხადებული გეგმების შესრულების პროცესებსა და შედეგებს, ვიქნებით ოპერატიულები და ობიექტურები!
ყველამ ერთად ჩავიფიქროთ საახალწლო სურვილი – ვისურვოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში განათლება ახალ წელს მაინც, პრიორიტეტული გახდეს!
მადლობა, რომ ჩვენთან ხართ,
სიკეთის მომტანი იყოს თქვენთვის ახალი 2025 წელი,
არის.ჯი – განათლების გუნდი
- რომელ სტუდენტებს დაეხმარება ფინანსურად გორის მერია 2025 წელს – ბიუჯეტი დამტკიცდა by ARIS.GE-განათლება
- „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“ – ანუ როგორ (ვერ) ვიზეიმეთ მასწავლებლებმა ახალი წელი ივლისში by განათლებული ბლოგი
- EMIS-ის გაფრთხილება სკოლების ადმინისტრაციას და მასწავლებლებს – 27 დეკემბერი სემესტრის ბოლო დღეა by ARIS.GE-განათლება