ბავშვთა მიმართ ძალადობის წახალისების გამო, სამაუწყებლო კომპანია „ალტ ინფო“ 2500 ლარით დააჯარიმეს
„აი მაგალითად ჩემმა შვილმა დენის რაზეტკაში ჩანგალი რო ურჭოს და რო უთხრა არ აკეთოო და კიდე და კიდე მაინც აკეთებს, ვცემ, ვცემ იმიტომ, რომ შეეშინდეს“; „ძალადობა არის რაღაც შემთხვევებში, არის ზრუნვის აუცილებელი ნაწილი…“; „ მარტო ორი არჩევანი თუ არის, ან 13 წლის გოგოებს გააუპატიურებენ ან მაგისი ცემის საშუალება უნდა იყოს, შენ რომელი გირჩევნია?!… “;
„რას ბოდიალობთ, რომელი ადგება და იტყვის, რომ მშობელს არასდროს არ უცემია… რავი, ყური არ აუწევია, კუთხეში არ დაუყენებია, არ დაუყვირია… მშობელს ყველაზე მეტად უყვარს თავისი შვილი და მაგას ყველაზე მეტად მშობელი ერიდება, რომ ზედმეტი არ გააკეთოს, მაგრამ აბა რა ქნას, რაღაც მომენტში იძულებულია…“ – ეს გახლავთ შედარებით მსუბუქი ნაწილი ფრაზებისა სამაუწყებლო კომპანია „ალტ ინფოს“ ერთ-ერთი გადაცემიდან, რომლის ეთერში გაშვების გამო, ის 2500 ლარით დააჯარიმეს.
ეთერში გასული უხამსი და ძალადობის შემცველი შინაარსის გადაცემის გამო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ომბუდსმენის აპარატმა მიმართა და შესაბამისი რეაგირება მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველმა 27 მაისს გავრცელა.
კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს „ალტ ინფომ“ ეთერში განათავსა ადამიანისა და მოქალაქის ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამა, რომელიც შეიცავს უხამსობას, აგრეთვე – 06:00-დან 24:00 საათამდე შუალედში გადასცა 18 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამა.
სახალხო დამცველსა და კომუნიკაციების კომისიას განსაკუთრებით საგანგაშოდ მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ ეთერში ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის გამართლებასა და მოწოდებას.
„ბავშვთა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მსგავსმა რიტორიკამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საზოგადოების მხრიდან დანაშაულის სიმძიმის სათანადოდ აღქმას, მოახდინოს ძალადობის ნორმალიზება და წაახალისოს მის მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება, რაც უარყოფითად აისახება დანაშაულის შესახებ შესაბამისი უწყებებისადმი მიმართვიანობის ხარისხზე, არსებითად უშლის ხელს, როგორც დანაშაულის გამოვლენას ასევე, მსხვერპლთა დაცვასა და რეაბილიტაციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დროულ და ეფექტურ განხორციელებას“, – აცხადებენ ომბუდსმენის ოფისში.
ალტ-ინფო მის მიმართ არსებულ ბრალდებებსა და პრეტენზიებს არ ეთანხმება. მისი წარმომადგენლის თქმით, ეთერში გაჟღერებული ეს მოსაზრებები, მათ შორის, ძალადობასთან დაკავშირებით, თუნდაც კანონით იყოს აკრძალული, ეხმიანება მაუწყებლის მოსაზრებას.
ალტ-ინფოს პროფესიულ სტანდარტებთან შეუსაბამობა არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი მედია-მკვლევრებსა და საზოგადოებაში. მაგალითად, პროპაგანდისტული ნარატივების, ანტილიბერალური იდეოლოგიის შენიღბული ფეისბუქგვერდებით გავრცელების, მცდარი ინფორმაციის გავრცელების, სიძულვილის ენის გამოყენებისა და გაღვივების გამო.
უნდა აღინიშნოს, რომ ალტ-ინფო ის გამონაკლისი მედიასაშუალებაა, რომელიც უპრობლემოდ (როგორც სიუჟეტის დასაწყისში ავტორი ამბობს, “წესიერად მოქცევის” გამო) შეუშვეს ნინოწმინდის პანსიონში, რომლის ირგვლივ დატრიალებულ ამბებზე EDU.ARIS.GE გასულ კვირაში წერდა.
-
60 ვაკანსია თბილისში და 36 რეგიონებში – სკოლის მანდატურის შესარჩევი კონკურსის პირობები და ანაზღაურება
by ინფოLIFE
-
24-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა – გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა
by ინფოLIFE
-
„საიდან მოვიდა აზრი, რომ მოკლე განათლება ნიშნავს უკეთეს ხარისხს განათლებაში?“ – დეპუტატი განათლების რეფორმაზე
by ინფოLIFE