GE

უპასუხოდ დარჩენილი კითხვები – რა იმალება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში და რა გზას აირჩევს სახელმწიფო?

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი აუღებელ ციხე-სიმაგრედ და ამის ნიადაგზე, საზოგადოებაში სხვადასხვა ჭორ-მართლის ობიექტად რჩება. დღეს, 20 მაისს, ამ საკითხს უკვე კულტურის მინისტრი თეა წულუკიანიც გამოეხმაურა.

საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში, 2021 წლის 19 მაისს, სახალხო დამცველის რწმუნებულები, რომელთა მოვალეობასა და უფლებამოსილებას წარმოადგენს მსგავსი ტიპის დაწესებულებების მონიტორინგი, მორიგჯერ არ შეუშვეს. თუმცა მივყვეთ მოვლენების განვითარებას.

პანსიონში არშეშვების ფაქტი 19 მაისამდეც იყო და როგორც პანსიონის წარმომადგენელს უთქვამს – სხალთის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის მითითებით. მთავარეპისკოპოსი, თავის მხრივ, აღნიშნულ არაკანონიერ ქმედებას გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში იმით „ხსნის“, რომ პანსიონში ვერ შეუშვებს ადამიანებს, ვინც ერთნაირსქესიანებს იცავს, რადგან მათ საქართველოშიც კი არაფერი ესაქმებათ. პანსიონში მომუშავე დეკანოზი ფილიპე აბაშიძე კი მეცხრე არხთან საუბრისას აცხადებს, რომ ბავშვები პანსიონში კარგად ცხოვრობენ, „სხვა ბავშვებზე უკეთეს პირობებში“. უბრალოდ, ვერ შეუშვებენ მათთან ადამიანს, რომელსაც „ცნება აქვს დაკარგული მამაკაცისა და დედაკაცის და ვერ არჩევს.“

აღსანიშნავია, რომ ამავე დეკანოზ ფილიპეს მტკიცებით, დაწესებულებაში შესვლის პრობლემა არ აქვთ საპატრიარქოს ტელევიზიას და ისეთ მედია-საშუალებებს, რომლებსაც მედია-მკვლევრები ანტილიბერალურ პროპაგანდისტულ საშუალებებად მოიხსენიებენ.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის 19 მაისის განცხადებაშია აღნიშნული, დაწესებულების წარმომადგენლები საუბარზეც უარს ამბობენ.

როგორც ჩანს, ვითარებას ჯერჯერობით არ შველის გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის ჩარევაც, რომელმაც სახელმწიფოს დაავალა, დაუყოვნებლივ უზრუნველეყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოების მიერ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება.

სახელმწიფოს ან არ უმოქმედია, ან ქმედუუნარო აღმოჩნდა პანსიონის ხელმძღვანელის წინაშე და კვლავ ღიად რჩება კითხვა – რა ხდება და რა იმალება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში?

აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 56 არასრულწლოვანი ირიცხება. ისინი სახელმწიფო ზრუნვაში მყოფებად მოიაზრებიან და ომბუდსმენის შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი უმოქმედობა საკუთარი ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების უგულებელყოფას ნიშნავს:

„[სახელმწიფო] არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. ამასთან, უგულებელყოფს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი 56 არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესს, რადგან ფაქტობრივ ზედამხედველობას ვერ ახორციელებს მის მიერ ლიცენზირებულ დაწესებულებაზე“, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველის განცხადებიდან ირკვევა, რომ მისმა რწმუნებულებმა ნინოწმინდაში ვიზიტისას, მე-4 საჯარო სკოლასაც მიაკითხეს და აღმოჩნდა, რომ სკოლაში არ გამოცხადებულა პანსიონში მცხოვრები არცერთი მოსწავლე, რაც სახალხო დამცველის ვარაუდით, იმის შედეგია, რომ პანსიონი წინასწარ გაფრთხილებული იყო მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ.

სკოლის დირექტორი სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ადასტურებს, რომ პანსიონში მცხოვრები ბავშვები, სკოლაში ყოფნის დროსაც კი, პანსიონის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან,  რაც, ომბუდსმენის შეფასებით, მათი ინტერესების ხელმყოფი პრაქტიკაა.

სახალხო დამცველის აპარატი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ინსტიტუტს წარმოადგენს, აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მიმართა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, “მათ არ აქვთ დროული და ეფექტიანი კომუნიკაცია სახალხო დამცველის აპარატთან და ამ დრომდე, არ განუხორციელებიათ ქმედითი ღონისძიებები პანსიონის ბენეფიციართა უფლებების და ინტერესების დასაცავად”, – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი შეგვახსენებს, რომ 2017 წლიდან მოყოლებული, პანსიონში, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ არაერთგზის გამოავლინა პანსიონის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის ფაქტები, ბავშვების ინფექციური დაავადებებისგან დაცვის, კვების რაციონის შემუშავების, დასვენების თუ ოთახებში მათი განაწილების მხრივ.

წლებია, პანსიონში 2015 და 2018 წლების მონიტორინგების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე, ძალადობის ფაქტებზე საუბრობს სახალხო დამცველი, რომელიც მოუწოდებს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, რომ უზრუნველყონ ომბუდსმენის კანონიერი მოთხოვნის შესრულება, რომლის დარღვევაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ადმინისტრაციული წესით დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

სახელმწიფო უწყებებიდან დუმილს კულტურის მოქმედი მინისტრი, თეა წულუკიანი არღვევს:

“სოციალური მუშაკები ნინოწმინდაში და ყველა სახლში, რომელსაც მართავს ესა თუ ის ეპარქია, შედიან უპრობლემოდ. ჩვენ ვიცით, რომ სოციალური მუშაკები იქაც იყვნენ და ვიცით მათი ვიზიტის შედეგები. თუ რამეა გამოსასწორებელი, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყება ამას გამოასწორებს, ეკლესიასთან თანამშრომლობით. […] სახალხო დამცველი რომ გამოჯანმრთელდება, თუ მასაც დაუშვებენ იმ სახლში, ძალიან კარგი იქნება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა 20 მაისს.

სახალხო დამცველის ხელთ არსებული ოფიციალური კორესპონდენციით დასტურდება, რომ თითქმის ერთი წლის მანძილზე, გასული წლის ივნისიდან ამ დრომდე, პანსიონში შესვლას ვერ ახერხებდნენ სოციალური მუშაკებიც.

რა გზას აირჩევს სახელმწიფო, რომელიც ორცეცხლშუა მოქცეულად გამოიყურება:
გადასძალავს ერთი მხრივ ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებები საკუთარი ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების წინაშე, თუ მრავალწლიანი პრაქტიკა იმარჯვებს ეკლესიის მიმართ დათმობებისა.

მანამდე კი, სანამ ძლიერნი, ამა ქვეყნის სასულიერო და საერო შრეებისა, ერთმანეთში ურთიერთობასა და უფლებამოსილებებს არკვევენ, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი საზოგადოების რიგითი წევრების ყურადღების არეალშიც მოხვდა: „ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები ბავშვები აუცილებლად იგრძნობენ, რომ ჩვენ გვაინტერესებს ისინი და მარტო არ არიან“, – ამბობენ დაინტერესებული მოქალაქეები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური